ფეთჰულა გიულენის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის დასამტკიცებლად, თურქეთი აშშ-ს დამატებით მტკიცებულებებს გადასცემს.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ამ მიზნით თურქეთის იუსტიციის მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.
თურქეთის ხელისუფლება დღემდე ჯიუტად ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა სწორედ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმანი მქადაგებლის - ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა ამ ფაქტის მამხილებელი წონადი მასალები დღემდე არ არის მოპოვებული.
სამაგიეროდ, გიულენის ოჯახზე პირად ანგარიშსწორებად აღიქმება ის ფაქტი, რომ გამოძიების ფარგლებში იზმირში დაკავებულია გიულენის ორი ძმისშვილი - ჰუსეინ და ბუშრა გიულენები. სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის გარდა, ორივე მათგანი ეჭვმიტანილია მონაცემთა დაშიფრვის პროგრამის- By lock-ის გამოყენებაში, რომელსაც თურქული დაზვერვის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს პუტჩისტები იყენებდნენ.
მანამდე თურქეთში დააკავეს ფეთჰულა გიულენის ძმა კუტბეტინ გიულენი და კიდევ რამდენიმე ნათესავი.
რას შეცვლის ფეთჰულა გიულენის საქმეში თურქეთის ხელისუფლების მიერ აშშ-სთვის დამატებითი მტკიცებულებების გადაცემა? რამდენად უღირს აშშ-ს მუსლიმანი მქადაგებლის ბოლომდე დაცვა იმ ფონზე, როცა თურქეთ-რუსეთის საეჭვო ალიანსის პირობებში თურქეთი სულ უფრო სცილდება დასავლურ ღირებულებებს?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ეჭვობს, რომ თურქეთს ამერიკისთვის რაიმე წონადი მასალა ჰქონდეს გასაგზავნი, რადგან გიულენისა და პუტჩისტების კავშირის შესახებ სერიოზული მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, თურქეთი აქამდეც მოახერხებდა ამ მასალის გადაცემას ამერიკისთვის.
ექსპერტის თქმით, თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ უკვე თვეები გავიდა და დღემდე ღიად რჩება საკითხი, რატომ არ აღმოჩნდა თუნდაც სატელეფონო კავშირის დამადასტურებელი მასალა ამერიკაში მყოფ გიულენთან პუტჩში მონაწილე სამხედროების მხრიდან?! ამ მხრივ ერთწუთიანი საუბრის ჩანაწერიც კი არ ფიქსირდება. ამიტომ ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ თურქეთის დაახლოება რუსეთთან და დასავლეთისგან თურქეთის ნელ-ნელა დისტანცირებაც არ იქნება იმის საპირწონე, რომ ამერიკამ გიულენი დათმოს.
„როცა საუბარია, უღირს თუ არა ამერიკას გიულენის გადაცემა რუსეთ-თურქეთის დაახლოების ჩასაშლელად, აქ მთავარი ის კი არ არის, დამნაშავეა თუ უდანაშაულო გიულენი, არამედ საუბარია იმაზე, რომ აქ აშკარად იკვეთება პოლიტიკური დევნის ნიშნები, ხოლო ამერიკა, რომელიც სხვა ქვეყნებში იცავს პოლიტიკურ დევნილებსა და პოლიტპატიმრებს და მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიული ფასეულობისთვის ხმალამოღებული იბრძვის, ვერ გადააბიჯებს ამ ფასეულობების დაცვას საკუთარ ქვეყანაში გიულენთან მიმართებით. არა მგონია, სულ მცირე, თავისი სტატუს კვოს საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს ამერიკამ, როგორც დემოკრატიის შუქურამ და დემოკრატიისთვის მებრძოლმა სუპერსახელმწიფომ. სამწუხაროდ, გიულენი ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია, წინ აღუდგეს ერდოღანის პოლიტიკური მართვის სტილს. თუმცა ის, რაც თურქეთში ხდება, პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებაა. ერდოღანს ძმაც დაუჭირეს და ძმის შვილებიც მძევლად აიყვანეს. საქართველოშიც გვახსოვს ამის პრეცედენტები, როცა მძევლებად აიყვანეს კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის ოჯახის წევრები ავადსახსენებელი მუხროვანის ამბოხის პერიოდში, რომელიც რეალურად არ მომხდარა და ეს თითიდან გამოწოვილი ამბოხი იყო“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამასთან, განმარტავს, რომ მისი ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, თითქოს თურქეთში გადატრიალება არ მომხდარა, ჩვენ ვიხილეთ სამხედროების გამოსვლა ქუჩაში, ასევე, ვიხილეთ ქალაქის პირობებში ურბანისტული საბრძოლო მოქმედებების განხორციელება, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. ცხადია, თურქეთში პუტჩი მოხდა, მაგრამ დღემდე არ დასტურდება, რომ თურქ სამხედროთა უკან გიულენი იდგა, რადგან გიულენის მიმართ სამხედრო ელიტაში გაცილებით მეტი ანტიპათია და მიუღებლობა ჰქონდათ, ვიდრე ერდოღანის, ერბაქანისა და სხვა პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, თურქეთის ხელისუფლების მორიგი მცდელობა ამჯერადაც კრახით დასრულდება. ერდოღანმა რომც წარადგინოს ფეთჰულა გიულენის მამხილებელი მასალა, ამას მაინც უნდობლად შეხვდება ვაშინგტონი და გიულენს არ გადასცემს, ვინაიდან გიულენს სამართლიანი სასამართლოს გარანტია არ ექნება.
„აქ უკვე პირადულია, ეს პოლიტიკური დევნაა. იდეოლოგიურად გიულენსა და ერდოღანს შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არის, გიულენი ერდოღანის მასწავლებელიც იყო და მისი კერპიც, მაგრამ შემდეგ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ხომ იცით, ძველი მოკავშირეები, ძველი მეგობრები თუ მტრად გადაეკიდნენ ერთმანეთს, ისინი უკვე აღარასოდეს შერიგდებიან. არავინ იცის, იყო თუ არა გიულენის მიერ მოწყობილი მთელი ეს ამბავი, მაგრამ პოლიტიკური დევნა უკვე აშკარაა, რადგან გიულენს მთელი ოჯახი დაუჭირეს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.