ცხინვალის რეჟიმი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ზოგჯერ მეწყერის გამო მთის გზა იკეტება, რის გამოც, ავადმყოფების დახმარება შესაძლოა დაგვიანდეს. „იტარ-ტასთან“ საუბრისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში განვითარებლია მედიცინის გარკვეული დარგები და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები დეფაქტო ხელისუფლებას პერიოდულად მიმართავენ თხოვნით, გაგზავნონ ისინი სამკურნალოდ საქართველოში, სადაც ჩასვლა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში.
„საქართველოში ხორციელდება ჯანდაცვასთან დაკავშირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი, რომელსაც დასავლური ქვეყნები აფინანსებენ და მხარს უჭერენ. გამოდის, რომ ეს არის იძულებითი ზომა, ამიტომ აქ სანიტარული ავიაცია და ზოგადად ავიაცია სასარგებლო იქნებოდა“, - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა.
პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის მინისტრი“ აცხადებს, რომ ოსი სამხედროები რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში იმსახურებენ. იბრაგიმ გასეევის განცხადებით, წლის ბოლომდე მოსკოვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც უფლებას მისცემს ოს სამხედროებს რუსეთის არმიაში იმსახურონ.
„ოსი სამხედროები, კონტრაქტის საფუძველზე მსახურებას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შეძლებენ. შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება „სამხრეთ ოსეთის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - აღნიშნა იბრაგიმ გასეევამ.
ოსი სამხედროების რუსეთის არმიაში შესაძლო მსახურებას, ოკუპაციის მორიგ გამოვლინებად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, რომელის განცხადებით, რუსეთი სრულ კონტროლს იღებს აბსოლუტურად ყველა სფეროზე. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა „პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ვითარება მოულოდნელი არ არის იმ პროცესების ფონზე, რომელიც გამომდინარეობს ასოცირებისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმებისგან.
„ეს არის ოკუპაციის მორიგი გამოვლინება და იმ ნაბიჯების რიგში დგება, რომელიც ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ და სრული კონტროლის მიღწევისკენ არის გადადგმული. ეს ცალსახად არის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან საუბარია, რომ რუსეთი სრულ კონტროლს იღებს აბსოლუტურად ყველა სფეროზე. სამხედრო სფერო არის სფერო, რომელზეც ოკუპაციის პირობებში, რუსეთს დიდი ხანია, აქვს ექსკლუზიური გავლენა“, -აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილებას რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნასა და ოსი სამხედროების რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში მსახურს, ოკუპაციის მორიგ გამოვლინებად აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი რეგიონის სტატუსით არის მხოლოდ იქ მაცხოვრებელი ოსური წარმოშობის ნაწილისათვის.
„ასეთი ღია განცხადება, რომ რუსულ სამხედრო ნაწილებში მიიღებენ თავშესაფარს ოსური ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ნაწილები, მიანიშნებს იმაზე, რომ სრული განვითარება დაიწყო იმ დოკუმენტმა, რასაც არც თუ დიდი ხნის წინ ხელი მოეწრა მოსკოვსა და ცხინვალს შორის, ისევე როგორც მოსკოვსა და სოხუმს შორის. მაშინვე იქნა გამოთქმული არაერთი მოსაზრება, რომ ამ ტერიტორიების მილიტარიზაცია შედის რუსეთის ინტერესებში. უკვე დაუდგათ დრო, რომ ერთმანეთში ათქვიფონ ჯერ სამხედრო სისტემები, შემდეგ კიდევ უფრო წინ იქნება გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომელიც კიდევ უფრო ავნებს ქართულ პოზიციებს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, ინფორმირებული უნდა იქნას მთელი ცივილიზებული სამყარო, რას ნიშნავს რუსეთის წარმოდგენაში ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული განვითარება და კეთილმეზობლობა.
„არ მგონია, ეს ვინმესთვის სიახლე იყოს. დიდი ხანია რუსეთი ყველა სფეროზე ბატონობს როგორც ცხინვალში, ასევე სოხუმში. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გავხდეთ თავად ცხინვალისთვის და სოხუმის მოსახლეობისთვის პარტნიორი და არა მტერი. ჩვენ მოგვიწევს ურთიერთობა აფხაზ და ოს საზოგადოებასთან არა ტერიტორიების წინმსწრები ღირებულებად ჩამოყალიბების, არამედ ელემენტალური ადამიანური ურთიერთობების გამყარების სურვილით, რისი წინააღმდეგი სწორედ გახლავთ რუსეთის ხელისუფლება.
როგორც ჩანს, ჟენევის ფორმატი არ არის საკმარისი გამომდინარე მისი მრავალწლიანი უშედეგბობისა. დაანებონ თავი პოლიტიკოსებმა ექსკურსიებს ჟენევაში, უნდა ვთხოვოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, შეიმუშაონ ისეთი პროექტი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ოს და აფხაზ თანამემაულეებთან აქტიური კომუნიკაციის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ფაქტიურად ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დანაყოფის გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში.
„ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიის ანექსიის სამწუხარო პროცესი დაიწყო. რუსეთი იგივე სცენარით მოქმედებს, როგორც - ყირიმში. მოგეხსენებათ, რომ როგორც კი ყირიმის ოკუპაცია მოხდა, ყირიმში დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები პირდაპირ დაექვემდებარა რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას და ამით დაიწყო ყირიმის ანექსია.
გარდა ამისა, რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით აფხაზეთის ტერიტორაზე შეიქმნება რუსეთის საარმიო ძალების 15-20 ათასიანი დაჯგუფება, რომელიც დამოკლეს მახვილი იქნება საქართველოს სახელწიფოს წინააღმდეგ. რუსეთი საკმაოდ საშიშ გეოსტრატეგიულ თამაშებში გვხვევს. ოკუპირებული აფხაზეთის პარალელურად, რუსეთი საარმიო დაჯგუფების შექმნას გეგმას „სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც. ეს არის პირდაპირი დამუქრება საქართველოს სახელმწიფორიობის წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სამხედრო ექსპერტის ზურაბ აგლაძის განცხადებით, ეს გააგრძელებაა იმ ე.წ. ხელშეკრულების, რომელიც აღიარების შემდეგ დაიდო რუსეთსა და ოკუპირებული რეგიონებს შორის. მისი თქმით, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, რუსეთი ახორციელებს სამხრეთ ოსეთი ტერიტორიის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირებას.
„მიუხედავად იმისა, რომ საუბარი იყო რეფერენდუმზე, რეფერენდუმი არ ჩატარებულა, აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი ერთეული ვართ და არ ვაპირებთ მიერთებასო, მაგრამ პარალელურად, ვხედავთ, რომ ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება მიერთება. ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ტრიბუნა, ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ძალიან მწვავედ უნდა დააყენოს ეს საკითხი და მოუწოდოს ჩვენს მეგობრებს, რომ დააფიქსირონ თავისი პოზიცია. ვხედავთ, რომ რუსეთი მიდის კონფლიქტების გამწვავებაზე, ეს მისი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრსას ზურაბ აგლაძემ.