„რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ“, - საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გურუმჩქუს ასეთმა დამამშვიდებელმა ტონმა ვერ გადაფარა ერდოღანის ნათქვამი ბათუმის შესახებ.
ჩვენში დღემდე ბჭობენ, შემთხვევითი იყო თუ არა ამ რამდენიმე დღის წინ რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსული ერდოღანის განცხადება, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს.
„თურქეთის 79 მილიონი მაცხოვრებლის გარდა კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები. არაერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, მოსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა, დასავლეთ თრაკია და ეგეოსის კუნძულები“, - განცხადა თურქეთის პრეზიდენტმა და ამ სიტყვების შემდეგ ქართველებსაც დარჩათ საფიქრალი ერდოღანის გაზრდილი მადის შესახებ.
The Athens News Agency-ის ცნობით, ერდოღანმა რიზეს უნივერსიტეტში, ასევე, აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ თრაკიის“ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს“. მის ამ განცხადებასაც როგორც უცხოურ, ისე ქართულ მედიაში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოჰყვა.
ერდოღანის გზავნილი მით უფრო უცნაურია იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ რამდენიმე ხნის წინ თურქული ულტრა ნაციონალისტური ორგანიზაციის - „რუხი მგლების“ წევრები სარფს მოადგნენ და ეს ტერიტორია თავიანთი ქვეყნის ნაწილად გამოაცხადეს.
ამის მიუხედავად, თურქეთის ელჩი გვამშვიდებს, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არსებობს კითხვები საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით. თუმცა დედის მხრიდან ლაზი ბებიის ყოლის მიუხედავად (ქართულ წარმომავლობას ერდოღანი პერიოდიულად მალავს, თუმცა იყო დრო, როცა ლაზებს მათ ენაზე მიმართავდა), ერდოღანის პათოსი სულ უფრო ემსგავსება დავუთოღლუს პათოსს, რომელიც დღეს თურქულ პოლიტიკას განსაზღვრავს. დავუთოღლუ ახალი თურქული დოქტრინის - „ნეოოსმანიზმის“ აქტიურ მიმდევრად ითვლება, რაც ეფუძნება რწმენას, რომ თურქეთს სწორედ ახლა გაუჩნდა შანსი, ისევ გახდეს იმპერია. ეს კი, თურქ ანალიტიკოსთა აზრით, სამოცდაათამდე ამჟამინდელ სახელმწიფოს მოიცავს.
სხვათა შორის, ეს ფაქტი დასავლეთის წრეებში უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ამგვარი მისწრაფების მიზეზებით თავის დროზე ბილ კლინტონიც დაინტერესდა თურქეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსთან შეხვედრისას. საინტერესო იყო დავუთოღლუს პასუხი, „გაავლეთ რუკაზე ათასი კილომეტრის დიამეტრის წრე თურქეთის ირგვლივ- მასში ოცი ქვეყანა მოხვდება, გაავლეთ წრე 3000 კმ-ს რადიუსით - მასში 70 ქვეყანა მოხვდება. რამდენი ქვეყანა მოხვდება ანალოგიური წრის შიგნით აშშ-ის ირგვლივ? თურქეთს მხოლოდ საკუთარი სამეზობლო აინტერესებს“.
შემთხვევითია თუ არა ერდოღანის მიერ რიზეს უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვები?!ებაიყო
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიპლომატიაში შემთხვევით არაფერი ხდება, თურქეთი ხედავს, რომ საქართველოს შანსები ნატოსა და ევროკავშირში გაფერმკრთლდა და, სავარაუდოდ, ერდოღანი თვლის, რომ საქართველოს მოაკლდა მხარდამჭერები. რაც შეეხება 1920 წლის დოკუმენტს, სოსო ცინცაძის თქმით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაბიჯებთ ფეხს ფოცხს, რადგან თავის დროზე არ ვაქცევთ ყურადღებას დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნიუანსებს, რის გამოც პასუხს ჩვენი შვილები აგებენ.
ასე მოხდა ოცი წლის წინ, როდესაც შევარდნაძემ უვადოდ გააგრძელა 1920 წლის ხელშეკრულება თურქეთთან. მაშინ, როცა იქ არის ერთი კაბალური მუხლი, რასაც ეროვნული აღთქმა ეწოდება. ეს მუხლი ჯერ კიდევ ათათურქამდე მიიღო თურქეთის იმდროინდელმა მთავრობამ, სადაც გაცხადებული იყო, რომ ბათუმი და სხვა ტერიტორიები დედასამშობლოს-საქართველოს ნაწილია, მაგრამ, თუ ადგილობრივ მოსახლეობაში ეჭვს იწვევს ეს ამბავი, ჩვენ შეგვიძლია დავთანხმეთ პლებისციტს. მოგვიანებით ათათურქმა ყველა კანონი გააუქმა, მათ შორის, წინა მთავრობის, ოტომანთა იმპერიის დროინდელი კანონებიც, მაგრამ 1920 წლის ხელშეკრულებაში მხოლოდ ეს „ეროვნული აღთქმა“ დატოვა.
„ათათურქიც ექსპანსიონისტი იყო. რაკი გარეწარ ლენინს შეეკრა, ეს კი არ ნიშნავს, რომ ათათურქი დემოკრატი იყო და ცნობდა ჩვენს საზღვრებს. სულ ახლახანს კობა ლიკლიკაძეს ინტერვიუ მისცა თბილისის თურქული უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც თქვა, ერდოღანის ნათქვამს რატომ მიაქციეთ ყურადღება, ეს არაფერია, ასეთი სიტყვები შიდა მოხმარებისთვის ითქვაო. იმავე „რუსთავი 2“-ის ბინადარი, ე.წ. ნახლებნიკი ექსპერტებიც გამოვიდნენ და იგივე გაიმეორეს. ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ სამსახური არ დაკარგონ, ბოლოს და ბოლოს, გაჩუმდნენ მაინც. თურქული უნივერსიტეტის გახსნის დროს ვთქვი, რომ 10-15 წლის მერე დადგება აჭარაში რეფერენდუმის საკითხი-თქო, მაგრამ ერდოღანმა ორი კვირის მერე უკვე დააყენა ეს საკითხი, რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდესო. მართალია, ჩვენ პატივს ვცემთ დღეს არსებულ საზღვრებს, მაგრამ არსებობს გულში გავლებული საზღვრებიო. რას ნიშნავს გულში გავლებული საზღვრები? ეს ხომ შოვინიზმია? ჰიტლერსაც გულში ჰქონდა გავლებული საზღვრები, რომ მიეერთებინა ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბელგია.
ერდოღანის არ მიკვირს, ის ნეოოსმანისტია და არასდროს დაუმალავს თავისი პოლიტიკური განწყობა. რას ვერჩით ერდოღანს? შევარდნაძემ ხომ ამ ხელშეკრულებას უპრობლემოდ მოაწერა ხელი? რა ვქნათ, ახლა შევარდნაძე ამოვთახროთ საფლავიდან? მახსოვს, მაშინ პარლამენტში ამ ხელშეკრულების გაგრძელების წინააღმდეგი იყო კაკო ასათიანი, მაგრამ პოლიტიკა იყო ასეთი. 90-იანი წლები, ერთი მეგობარი არ გვყავდა, მთელი ჯართი თურქეთში გადიოდა, თურქეთის საქონელმა აავსო საქართველოს ბაზარი. მაშინდელ ხანმოკლე ინტერესებში ძალზე ადვილად იცვლებოდა ქვეყნის მომავალი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რომ, ცხადია, თურქეთის ელჩი თავისი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, ელჩი იმიტომ იღებს ხელფასს, რომ თეთრზე უნდა თქვას, შავიაო. თუმცა საკვირველია, რატომ სდუმს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ისე, როგორც პარტიზანი დაკითხვაზე?! რატომ არ იბარებენ თურქეთის ელჩს? ეს ხომ მესიჯი იქნებოდა ერდოღანისთვის, რომ ფრთხილად იყოს ასეთ თემებთან დაკავშირებით? რას ჰქვია შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება, როცა მთელი 80-მილიონიანი თურქეთი უკვე დაიგეშა, რომ მათ პრეზიდენტს თურმე გულში ჰქონია საზღვრების გაფართოება და ამ საზღვრებში ბათუმიც თურმე თურქეთის ნაწილი ყოფილა?!
„დღითი დღე ბათუმი მართლაც თურქეთის ნაწილი ხდება. ხუთ წელიწადში რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ბათუმში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მოსახლეობამ თურქული გზა აირჩიოს ჩვენი ხელისუფლების წაყრუებით. თუ ადრე მაღალმთიან აჭარაში რომელიღაც მუსლიმანი სალოცავად წავიდოდა, მთელი კგბ და ბათუმის ინტელიგენცია, ფრიდონ ხალვაში და სხვები ხმალამოღებით ეომებოდნენ, ე.ი. სწორი ყოფილან ისინი და სწორედ იმ პერიოდში იყო, რომ ბათუმის ინტელიგენცია საქართველოსკენ შემოტრიალდა. ახლა კი მუსლიმანური რელიგიის გავლენა აჭარაში ძლიერდება. საბერძნეთმა უკვე ოფიციალური პროტესტი განაცხადა ერდოღანის ნათქვამის გამო, ყველა ხმას იღებს ამაზე, მარტო ჩვენ ვართ ჩუმად, თანაც, საბერძნეთს არაფერი ემუქრება, ის ნატოს წევრია. ჩვენ რა გვეშველება?“
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, ერდოღანმა დააფიქსირა ოსმანიზმის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც თავის დროზე დავუთოღლუმ ჩამოაყალიბა და განავითარა. ამ საგარეო პოლიტიკური კონცეფციის აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ანატოლიის მთავრობის მიერ მართულმა პარლამენტმა, ეროვნულმა კრებამ ეს ტერიტორიები თურქეთის კუთვნილებად დააფიქსირა, რათა ერთა ლიგაში ამ სახით მომხდარიყო თურქეთის რესპუბლიკის აღიარება.
„1920 წელს მოსკოვში შესაბამისი შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბოლშევიკურმა მთავრობამ აღიარა თურქეთის ეს „სამართლებრივი“ სახელმწიფო, ანუ ანატოლიის სახელმწიფო და, შესაბამისად, უკვე ბოლშევიკებიც აპირებდნენ, დაეთმოთ აჭარის ტერიტორია თურქებისთვის. თუმცა იქ გენერალ მაზნიაშვილის, მაშინდელი ქართველი მენშევიკებისა და მენშევიკური მთავრობის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ამის თავიდან აცილება. როგორც კი ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, ანატოლიის მთავრობის შეიარაღებული ნაწილი შემოვიდა საქართველოში და ეს იყო ორმხრივი აგრესია. ანუ ანატოლიის მთავრობამ დრო იხელთა, მაგრამ ჩვენმა პატრიოტებმა შეძლეს აჭარის გადარჩენა.
როგორც ჩანს, ახლაც იგივე ვარიანტია და თურქეთის ხელისუფლება აპირებს ნაციონალიზმის იდეის განვითარებას. ერდოღანი იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ნეოოსმანიზმის პოლიტიკური დოქტრინის აღორძინებას და მთავარ გეოპოლიტიკურ დოქტრინად მის აღიარებას გეგმავს“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.