8 ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიარა, მაგრამ დასავლურ და ადგილობრივ დონეზე დღემდე არ წყდება დავა ამ საკითხთან დაკავშირებით - იყო ეს ქართული დემოკრატიის გამარჯვება, სააკაშვილის რეჟიმის მოსურნეთა გააქტიურება, თუ პოლიტიკური აპათია მათთვის, ვინც არ ისურვა არჩევნებზე გამოცხადება? ამერიკისა და ევროპის ოფიციოზისგან განსხვავებით, დასავლეთის გარკვეული წრეებში ქართველი ხალხისგან განსხვავებულად ხედავენ ამ არჩევნებს. მათ აეჭვებთ, საკუთარ ფავორიტთა (უსუფაშვილ-ალასანიას) დაბალი შედეგები და ამის საპირწონედ ირმა ინაშვილის დაწინაურება.
რა გვასწავლა 8 ოქტომბრის არჩევნებმა?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
„ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში მოხვედრა განგაშის ზარია დასავლეთისთვის“, - ასეთნაირად აფასებს „აირაი“-ს პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ შედეგებს. ჩვენ გვახსოვს „ენდიაი“-ს და „აირაი“-ს კვლევების უარყოფითი როლი საქართველოში ჩატარებული ყოველი არჩევნების წინ. როგორ ფიქრობთ, ამერიკელები და ქართველები სხვადასხვა პრიზმაში ხედავენ ამ არჩევნებს?
- არა მგონია, რომ ამერიკელები ამას სხვაგვარად აფასებდნენ. ისინი ამ არჩევანს პროდასავალური ძალების გამარჯვებად აღიქვამენ. „ნეოკონსერვატორებისგან“ განსხვავებით, ამერიკაში არიან სხვა ძალებიც - „ნეოლიბერალები“, „რესპუბლიკური პარტიის“ ზომიერი ფრთა და ისინი ამ არჩევნებს აფასებენ ისე, როგორც უნდა შეფასდეს. მიკვირს, რატომ დაიწყეს „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ პრორუსული იარლიყის მიკერება. ვინმეს თუ გაუგია მისი ლიდერებისგან პრორუსული განცხადებები, ან ის დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთს მათ უკან თავისი ინტერესები უნდა ჰქონდეს?! სინამდვილეში, ეს არის ევროპული მიმართულების ფრთა და მათ მიერ ცალსახადაა დაფიქსირებული ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით პოზიცია. უბრალოდ, ეს არის შავი პიარის ტექნოლოგია, რომ ცალკეული პარტია პრორუსულად წარმოაჩინონ, თორემ „ნაცმოძრაობაშიც“ იყო პრორუსული ფრთა და ეს ფრთა საკმაოდ გამოკვეთილი იყო, თუნდაც ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას სახით. ამიტომ „ნაცმოძრაობასთან“ უფრო უნდა ყოფილიყო კითხვები ამ მიმართულებით. სჯობს, ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს. ჩვენდა სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ პროდასავლური ტიპის პოლიტიკურ ძალად ითვლება. მთლიანობაში, სამივე პოლიტიკური პარტია: „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენენ დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალას და პირიქით, ამ არჩევნებზე პრორუსულმა ძალებმა სრული ფიასკო განიცადეს. სხვათა შორის, ამ წარუმატებლობას რუსეთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობაც აღიარებს. ამიტომ, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია და შავი პიარისთვის განკუთვნილი თემაა. დასავლეთის პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო ურთიერთობები მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთის აკადემიური წრეების ყველა წარმომადგენელი ამ არჩევნებს დასავლური ძალების გამარჯვებად აფასებს. რაც შეეხება „აირაი“-ს პრეზიდენტს, შემთხვევით არ მიხსენებია „ნეოკონსერვატორები“, რომლებიც რადიკალური ფრთის წარმომადგენლები არიან, მსგავსად ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატიული“, ნათელაშვილის „ლეიბორისტული“, ან „ნაცმოძრაობის“ რადიკალური ფრთისა. ეს არის კასტა, პოლიტიკური ჯგუფი, რომელთა გავლენაც ამერიკის პოლიტიკურ მიმართულებაზე საკმაოდ მცირეა. „ნეოლიბერალები“, „რესპუბლიკური პარტიის“ ზომიერი ფრთა და ცენტრისტული ტიპის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს ამერიკის ხელისუფლების სათავეში არიან ობამას დღევანდელი ადმინისტრაციის სახით, ერთპიროვნულად მხარს უჭერენ საქართველოს კურსს და იმ მთავრობას, რომელიც დღეს ქართველმა ხალხმა აირჩია. ამიტომ უნდა განვასხვავოთ, ვინ არიან რადიკალი ნაციონალისტები და ცენტრისტული ტიპის პოლიტიკური ძალები.
განა „ლიბერალურ-დემოკრატიულ“ პარტიას მოსკოვში რაიმე ყურადღებას ვაქცევთ? მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ძლიერი გავლენიანი პოლიტიკური ძალაა. ამიტომაც „აირაი“-ს პრეზიდენტის სიტყვები არაფერს ნიშნავს.
მაგრამ ის ქართულ პოლიტიკურ ძალას ბრალს სდებს თურქოფობიაშიც, თითქოს თურქოფობების ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში.
- თურქოფობია აქ არაფერ შუაშია. ელემენტარულად, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება იმის საშუალებას იძლევა, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მკვეთრი საპასუხო პოზიცია გამოხატონ. როცა თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დონეზე აქვს პრეტენზია სხვისი ტერიტორიების მისაერთებლად, ეს არ არის კარგი საქციელი. სხვათა შორის, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ბევრი კითხვები არსებობს დასავლეთის გავლენიან წრეებში.
რით ხსნით იმ ფაქტს, რომ, წარსულის ცოდვების მიუხედავად, „ნაცმოძრაობამ“ მაინც ამდენი პროცენტი მიიღო? გასაკვირია, ხალხს მოენატრა სისხლიანი რეჟიმი? ეს უკვე ფილოსოფიურ კითხვად იქცა.
- ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია, ვინც ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ამათ ხმა მისცა საბჭოთა ცხოვრების წესს. ეს მენტალიტეტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ჩვენ გვყავს საბჭოთა მენტალობის 500 ათასი ადამიანი, რომლებიც დღემდე მისდევენ საბჭოთა ცხოვრების წესს.
საბჭოთა ადამიანები შიშსა და გაუთავებელ პროპაგანდაში ცხოვრობდნენ. „ნაციონალები“ ამ ადამიანების დაშინებას, სავარაუდოდ, ვეღარ მოახერხებდნენ. მაშინ რა არის ამ ყველაფრის ანატომია?
- ისინი არავის დაუშინებია, ვიმეორებ, ისინი საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთები არიან.
ანუ მოენატრათ მიშას 37 წელი?
- არა მარტო, მიშამ შექმნა საბჭოთა მენტალიტეტის ტიპის სახელმწიფო. მისი მთავარი პოლიტიკური შედეგიც ეს იყო, რომ რესტავრაცია გაუკეთა საბჭოთა სახელმწიფოებრივ სისტემას საქართველოში.
მაშინ რამდენად ჯანსაღია ერი, რომელსაც 500 ათასი „საბჭოელი“ ჰყავს, რომელსაც ენატრება ბერია და სტალინი? ენატრება ცოცხები?
- ის ადამიანები, რომლებიც არ მივიდნენ არჩევნებზე, საპროტესტო ელექტორატი იყო „ნაცმოძრაობის“ მიმართ. ჩვენ გვყავს 2 მილიონზე მეტი ჯანსაღი მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ჯანსაღი უმრავლესობა, მაგრამ რა ვქნათ? საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებს ჩვენ ვერ ამოვძირკვავთ, შეიძლება, მათ პატივიც ვცეთ, მაგრამ ისინი მცდარად აზროვნებენ. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება.
რა იყო პირადად თქვენთვის 8 ოქტომბრის არჩევნები - ქართული დემოკრატიის განვითარება, როგორც ამას აფასებს ექსპერტთა ნაწილი? ფულის პოლიტიკაზე გამარჯვება, როგორც მიიჩნევენ „ნაციონალები“, თუ პოლიტიკური აპათიის გამოვლინება?
- ეს იყო ქართული ნაციზმის დამამცირებელი შედეგი, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უარი უთხრა ქართულ ნაციზმს. მართალია, მისი გადმონაშთები არსებობს და ისტორიული პერიოდი სჭირდება მის ბოლომდე ამოძირკვას, მაგრამ ამ მოვლენას მე დადებითად ვაფასებ.
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისთვისაც“ აუხსნელია, რატომ მიიღო ამდენი ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თქვენ იმედს გაძლევთ ის ხალხი, ვინც არ გავიდა არჩევნებზე და პროტესტი გამოუცხადა ყველას?
- ეგეც დადებითია, მაგრამ მთავარია, რომ უარი ვუთხარით ნაციზმს.
ისე გამოვიდა, რომ ჩვენ უარი ვუთხარით ოკეანისგაღმა სიმპათიამოპოვებულ ადამიანებსაც - უსუფაშვილ-ალასანიას სახით? ანუ პიროვნული პოპულარობა საქართველოში არაფრის განმსაზღვრელია?
- ეს იყო უფრო თვითორგანიზაციის ელემენტი. ჩვენ შიდაპოლიტიკური კულტურის დონე ავიმაღლეთ. ქართველმა ხალხმა აირჩია უფრო კარგად ჩამოყალიბებული, კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ძალები.
როგორ ფიქრობთ, განახლების ეტაპი დგება?
- რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა მაღალი თამასა დაუწესა პოლიტიკურ პარტიებს. საგარეო პოლტიკური არჩევანი კი უცვლელი დატოვა.