საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკური მარწუხებისგან სექტემბრის ბოლოს გათავისუფლდა, რომელიც ოქტომბერში, წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ პირს, მოსამართლე ზაზა თავაძეს სამი წლითა და შვიდი თვის ვადით ჩააბარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა თავაძე 2008-2010 წლებში, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, ხოლო 2007-2008 წლებში, გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამაში „ქართული ოცნება“ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს და თავაძის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეასრულებაზე აპელირებს.
მმართველი ძალისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ბიოგრაფიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად, თავაძე სახელისუფლებო კანდიდატია და როცა მოსამართლეს პოლიტიკური ხელისუფლების მორჩილება ხასიათად აქვს, ის სამართლის სამსახურში ვერ გამოდგება.
შავგულიძის შეფასებით, თავაძე ზურაბ ადეიშვილის მოადგილე დიდი ხნის განმავლობაში იყო და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ადეიშვილი მოადგილედ ისეთ ადამიანს არ დანიშნავდნენ, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ნება-სურვილის აბსოლუტური მორჩილი არ იქნებოდა.
„ამაზე მიგვითითებს მისი ბიოგრაფია. როცა მოსამართლეს პოლიტიკური ხელისუფლების მორჩილება ხასიათად აქვს, ის სამართლის სამსახურში ვერ გამოდგება. რა თქმა უნდა, ზაზა თავაძე სახელისუფლებო კანდიდატია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომ მათ სამართლის სფეროში პერსონებიც კი არ შეცვალეს და იგივე ადამიანები შეინარჩუნეს, რომლებიც ძველი ხელისუფლების მორჩილებასა და მსახურებაში იყვნენ. მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები. ხელისუფლება სწორედ ასეთ პროკურორებსა და მოსამართლეებს ეყრდნობა, რადგან ისინი საკუთრ მსახურებაში ჩაიყენა. ხელისუფლების მსახურებას მიჩვეული მოსამართლე სამართლის სამსახურს ვერ განახორციელებს. ორივე ხელისუფლებას რომ ემსახურები, განსხვავება რა არის? ეს ადამიანები ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სამსახურში ჩაიყენეს და „ოცნება“ იგივე შეცდომას უშვებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნავს შავგულიძე.
კანონმდებელი არ ფიქრობს, რომ ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და მმართველი ძალის პოლიტიკური კონტროლიდან უწყების გამოყვანაზე იზრუნებს.
„ამის თქმის საფუძველს ახლო წარსულში მისი საქმიანობა მაძლევს. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო და ე.წ. კაბელების საქმის კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას, მაშინ, როცა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი დაკავებულების გათავისუფლება იყო, მან ხელისუფლების მოთხოვნით და დავალებით, პროცესის გადადების მოთხოვნით, სრულიად უსაფუძვლო და არალეგიტიმური შუამდგომლობა დააყენა. ასეთი სენსიტიური საკითხი უნდა განხილულიყო და ის სხდომაზე ორჯერ არ გამოცხადდა, რითაც ხელისუფლების დავალება შეასრულა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გამოეტანა. ანუ, მან დავალება „წარმატებით“ შეასრულა“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
შავგულიძე მიიჩნევს, რომ როცა მოსამართლე მმართველი ძალის მიერ ასეთი მართვადია, მისი სასამართლოს თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას არ უზრუნველყოფს.
„თავაძემ მაშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართულ პასკვილს ხელი მოაწერა. პასკვილი საბჭოური, ბოლშევიკების რესპრესიების კოლექტიურ წერილს ჰგავდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, თავაძე ხელისუფლებისადმი მორჩილი მოსამართლეა და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლების მორჩილებაში იქნება, რადგან მოსამართლე არც ერთი ხელისუფლების მორჩილებაში არ უნდა იყოს“, - აცხადებს შავგულიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ზაზა თავაძეს თავგამოდებით იცავს და პრობლემას ვერც მის წარსულში ხედავს და ვერც იმაში, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი პარლამენტის, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა მერაბ ტურავამ დაუჭირა.
მას შემდეგ, რაც for.ge-მ კობახიძეს თავაძის ბიოგრაფია და ის წლები შეახსენა, როცა ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ბიზნესმენებსა და რიგ ადამიანებს აწიოკებდნენ, კობახიძემ გვიპასუხა, რომ „თქვენი ასეთი ლოგიკით, ამ ადამიანს სამოსამართლეო უფლებამოსილება უნდა შევუწყვიტოთ, თუ თქვენ თვლით, რომ ის დამნაშავეა?“
ჩვენ როგორც თავაძის, ასევე სხვა ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავთ, მაგრამ გვაინტერესებს, თუკი გასულ წლებში, ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიოდა, ამ დროს, იუსტიციის სამინისტროში, მისი მოადგილე ზაზა თავაძე რა საქმით იყო დაკავებული?!
„თქვენი ასეთი ლოგიკით, ამ ადამიანს სამოსამართლეო უფლებამოსილება უნდა შევუწყვიტოთ, თუ თქვენ თვლით, რომ ის დამნაშავეა, მაგრამ ეს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა და არ შეიძლება, საკითხს ასე მივუდგეთ. ჩვენ იმ გზით არ წავედით, რითაც წინა ხელისუფლება წავიდა. ყველა მოსამართლის მიმართ მათი ვადებიც და კანონი დავიცავით. თუ სწორი გზით სვლა გვინდა, თქვენ რასაც გვთავაზობთ, მაშინ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც სააკაშვილის დროს გამწესებული იყო, „ქართულმა ოცნებამ“ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს, რაც მოწონებული ევროპელი საზოგადოების, პარტნიორებისა და ვენეციის კომისიის მხრიდან არ იქნება. რას გვთავაზობთ, მას უფლებამოსილება შევუწყვიტოთ? - ის მოქმედი მოსამართლეა, რომელიც თავის უფლებამოსილებას სრულყოფილად ახორციელებდა და სასამართლომ ასე გადაწყვიტა. „ოცნების“ რაიმეში დადანაშაულება მხოლოდ ნაციონალების მიზანია და თუ ამას მედიაც აყვებით, ეს თქვენი ნებაა“, - მოგვმართა კობახიძემ.
კობახიძეს არც იმის შეხსენება ესიამოვნა, რომ თავაძეს მხარი იმ ტურავამ დაუჭირა, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პირველ კენჭისყრაზე ჩავარდნის შემდეგ, მეორედ აირჩია.
„სწორად დასმული კითხვა არ არის. მართალია, მერაბ ტურავას პარლამენტი ირჩევს, მაგრამ მოსამართლე დამოუკიდებლია და ის კანონს და კონსტიტუციას ექვემდებარება და არა იმ ორგანოს, რომლის წარდგენილიც არის. ეს დისკურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოაქვს და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. ჟურნალისტებმა ყურადღება იმ ცვლილებებს უნდა მიაქციოთ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა და რომლითაც თავმჯდომარეს მოსამართლეები დამოუკიდებლად ირჩევენ“, - აღნიშნა კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითრებულ პროცესებში ხელისუფლება არ და ვერ ჩაერეოდა.
თანაგუნდელისგან განსხვავებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავაძის დაცვას არ ცდილობს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას არც გიორგი პაპუაშვილი მოსწონდა, ხოლო თავაძეს არ იცნობს.
„ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოლიტიკური დისკრედიტაცია არ მოვახდინო, რადგან ამის უფლება არ მაქვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ პროცესში ხელისუფლება არ ჩარეულა და მოსამართლეებმა არჩევანი საკუთარი განწყობიდან გამომდინარე გააკეთეს. მთავარი მიღწევა ისაა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაში ან მათ არჩევნებში არ ვერევით. ზაზა თავაძე მომწონს თუ არა, ეს სხვა საკითხია, რადგან მე არც გიორგი პაპუაშვილი მომწონდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია არ მომეხდინა. ჩემთვის გაცილებით უფრო ღირებულია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩეული იქნა არა ვინმეს კაბინეტში, არამედ მოსამართლეების მიერ“, - აღნიშნა სესიაშვილმა, რომლის მსგავსად, თავაძის წარსულს არ ეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ის იმ თემას სპეციალურად არ ეხება - თავაძე როგორი საჯარო მოხელე იყო, მას რა ბიოგრაფია აქვს და ის ვისი მოადგილე იყო.
„ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს როგორც პროფესიონალურ, ასევე ორგანიზაციულ ნაწილებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იმას შეეჩვია, რომ თუკი ვინმე მათ არ ექვემდებარება და პოლიტიკურ შეკვეთებს არ ასრულებს, ის აუცილებლად დესტრუქციულია. მათი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და უწყებების ავტორიტეტის მიმართ ჩრდილის მიყენებაა“, - აღნიშნავს ვოლსკი, რომელიც შავგულიძის შეფასებებს ეხმაურება.
კანონმდებელის ცნობით, მას თავაძესთან დაკავშირებით ორი ვერსია სმენია.
„ნაციონალური მოძღაობა“ ირწმუნება, რომ თავაძე „ოცნებას“ ექვემდებარება, მაგრამ ისიც მოვისმინე, რომ ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კარგ პოზიციაზე იყო და მასზე გავლენა სწორედ მათ აქვთ. როგორც ერთი, ასევე მეორე კომენტარი სერიოზულ დარტყმას მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ავტორიტეტს აყენებს“, - დასძენს ვოლსკი.
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაიცვას, თუ პირიქით მოაქცევს, ამას დრო აჩვენებს. ანუ, ის დრო, რომლის განმავლობაშიც, პოლიტიკოსები პოზიციებს ქვეყანაში დაბერილი პოლიტიკური სიოს შესაბამისად ცვლიან.