მართალია, ქართველი მოცეკვავე ვაჟების რაინდული შემართებისა და მონარნარე მანდილოსნების შემხედვარე ემიგრაციაში მყოფ გრიგოლ რობაქიძეს აღტაცებით აღმოხდა, რომ სხვა ერი ასე კარგად ვერ შეასრულებდა ქართულ ცეკვებს, როგორც ქართველები, რადგან საამისოდ „რასა არ ეყოფოდათ“, მაგრამ ქართველებს ამ ისტორიულ მონაპოვარშიც გვეცილებიან.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენს სამეზობლოში თანდათან ფართოვდება იმ ხალხების ჩამონათვალი, რომლებიც ქართველი ერის მიერ შექმნილ ამ კულტურულ ფასეულობასაც ეპატრონებიან და არად დაგიდევენ, რომ საამისოდ „რასა არ ეყოფათ“.
ქართველი ქორეოგრაფები უკვე 15 წელია აცხადებენ, რომ თურქები ქართულ ცეკვებს საკუთარ ქორეოგრაფიად ასაღებენ და ჩვენი ქორეოგრაფიის ელემენტები თავის კულტურაში გადააქვთ, ეს მაშინ, როცა თურქებს სასიმღერო ტალანტი აქვთ, მაგრამ ქორეოგრაფია საერთოდ არ გააჩნიათ.
თურქების მიერ ქართული ცეკვებით დაინტერესება მას შემდეგ გაცხოველდა, რაც ერდოღანმა შესაბამისი ანსამბლი შექმნა და ქართველი მოცეკვავეები მაღალი ხელფასების ხიბლით მიიწვია.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა თურქები თავის ქორეოგრაფიად აცხადებენ ქართულ ცეკვებს და ამაში ლომის წილი სწორედ ქართველებს მიუძღვით, რადგან თავიდან ბოლომდე ასწავლიან თურქებს ილეთებს. ასწავლიან იმასაც, როგორ უნდა იმოძრაონ, თანაც, ჩვენს ილეთებს ამახინჯებენ, მაგრამ ამას ყველა ხომ ვერ მიხვდება?!
„ახლაც ენა მებმის, ისე ვარ გაგიჟებული ამაზე. ჩემგან დაახლოებით 30 კაცი მაინცაა წასული თურქეთში და იქ ასწავლიან, თანაც, ქართული კულტურის გაყიდვით ტრაბახობენ. ამას წინათ ტელევიზიითაც იყო გადაცემა ამის შესახებ. ჩვენ პატრონი არ გვყავს, ამას სახელმწიფო უნდა იცავდეს, შესაბამისი კანონი უნდა იყოს შემუშავებული. მახსოვს, ადრე შევარდნაძეს ვუთხარი, კულტურასთან დაკავშირებით კანონები შევიმუშავოთ-მეთქი, მიპასუხა, ვიკითხავ, მაგრამ ამის ანალოგი არ არის მსოფლიოშიო. მე ვუთხარი, ქართული სიმღერაც უანალოგოა, ქართული ცეკვაც უანალოგოა და უანალოგოს უანალოგო კანონები უნდა შევუქმნათ-მეთქი. გაეცინა - ასე დაღუპულია საქმეო? ვუთხარი, - არ არის დაღუპული, მაგალითად, სვანეთში კარგად მღერიან-მეთქი. - რა კარგია, რატომ მღერიან კარგად სვანეთშიო?! - იმიტომ, რომ იქ მატარებელი არ ასულა-თქო. მითხრა, - ღმერთმა აგაშენოს, კიდევ დიდხანს იმღერებენ სვანეთში კარგადო... ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენ ხმალამოღებული ბრძოლა გვმართებს, რომ სულ ცოტა ხანში ქართველებს ქართულ სიმღერებზე არ გვითხრან, ნუ მღერიხართ ჩვენს სიმღერებსო. მეზობელი რომ გაგილაწუნებს ყურის ძირში, შენც თუ არ გაულაწუნე, ინვალიდი ეგონები“, - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა და განმარტა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს. ქართველ ერს თვითონ უნდა უნდოდეს თავისი სულიერების შენარჩუნება და ამას მთავრობისა და სპეციალისტების სურვილიც უნდა ემთხვეოდეს.
„უკაცრავად თქვენთან, რადგან ხალხს მოსწონს, სპეციალისტი ტრუსიკით უნდა გამოვიდეს სცენაზე?! თუ ხალხს თავად უნდა უკარნახოს, რა არის მოსაწონი და სულიერი მაგალითი უნდა მისცეს?!“
ჯემალ ჭკუასელის მსგავსად, ქართული ცეკვების მითვისებით აღშფოთებულია ნაციონალური ბალეტის თეატრ „მეტეხის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი გელოდი ფოცხიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თურქების მიერ ქართული ქორეოგრაფიის გადამღერება თუნდაც იმ ფაქტშიც გამოსჭვივის, რომ თურქებმა თავიანთ მოცეკვავეებს ჩოხები ჩააცვეს. მისი თქმით, ერდოღანის მიერ ქართველი მოცეკვავეების მასობრივად მიწვევის შემდეგ ბევრ ქართულ ანსამბლს პრობლემა შეექმნა და დაშლის პირას აღმოჩნდა.
„მსგავსი ტენდენცია ჯერ კიდევ დაღესტანში გაჩნდა საბჭოთა პერიოდში. ქართული პროგრამები ოსებმაც მიითვისეს, თუმცა ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოსებს ცეკვებს დღემდე ქართველი ქორეოგრაფები უდგამენ“, - აცხადებს ქორეოგრაფი.
აღნიშნულთან დაკავშირებით For.ge თურქეთში მყოფ მოცეკვავეებსაც ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ თურქები თავიანთი მუსიკის ფონზე ცდილობენ ქართული ცეკვების ილეთების გამოყენებას, თუმცა ეს უხარისხოდ გამოსდით. ხშირია შემთხვევა, როცა თურქეთში ზურნის თანხლებით გაიგონებთ „მოხევის ქალო თინაოს“ მელოდიას და ეს ყველაფერი თურქული კულტურის მიღწევად წარმოჩინდება, რომელიც ქართველებმა თურმე მას შემდეგ აითვისეს, რაც საუკუნეების განმავლობაში თურქული უღლის ქვეშ იმყოფებოდნენ.