შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის მდგომარეობაზე, ადვოკატ ჯუმბერ მილორავას შევხვდით და ვესაუბრეთ.
შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძე 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და სასტიკად ნაცემი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორია მურმან დუმბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ჯუმბერ მილორავა: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ვთხოვე სხეულის ნაწილები ფრაგმენტულად ეჩვენებინა. ჩემი თხოვნა შეასრულა - მაისური გაიხადა და შარვლის ტოტები აიწია. ფაქტიურად სხეულის, არც ერთი ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ ზემოქმედების კვალი არ ეტყობოდეს.
იმდენად გამეტებითაა ნაცემი, რომ სისხლძარღვები გამოსულია, შესიებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები ეტყობა, დაჟეჟილობები აქვს. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ თავი მიტინგის დაშლის დროს გაუტეხეს.
ცემის კვალი სახეზეც ემჩნევა?
- დიახ. ცხვირი გატეხილი აქვს, სისხლნაჟღენთები გარედანაა მიმხარი და გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ სახიდან ნელ-ნელა ჩამოცილდეს.
იმ ცნობილი მოვლენების დროს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, როცა გადაიყვანეს, სასტიკად სცემეს. ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის თვალის არეში წიხლი ჩაურტყამს. აქედან გამომდინარე, მხედველობა უჭირს.
რაც შეეხება ნეკნებს - მარჯვენა მხარეს უჩივის. შესაძლებელია ნეკნი აქვს გატეხილი, ან შინაგანი ორგანოებიდან რაიმე სხვა აქვს დაზიანებული. ამის დაზუსტებით თქმა მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
რა წერია წინასწარი სამედიცინო დათვალიერების ოქმში?
- თავად ბატონმა მურმანმა არ მომცა ამ ოქმის ნახვის საშუალება - არ უნდა მასთან მიმართებაში განსაკუთრებული მიდგომა იყოს. მითხრა ისიც, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები ექსპერტიზის ჩატარებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაზე უარი თავად განაცხადა.
რა მოტივით ამბობს უარს ექსპერტიზაზე?
- ამბობს - ”მე ყველაფერს ავიტან, მე ყველაფერს მოვერევი, ყველაფერს დავძლევ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და არავის მივცემ იმის გაფიქრების საშუალებასაც კი, რომ მე რამის მეშინია. ამიტომ, მე ამ ჭრილობებსაც მოვიშუშებ და ტკივილსაც ავიტან”. ასეთი სულიერად ძლიერი პიროვნება არასდროს შემხვედრია.
რა გიამბოთ, როგორ დააკავეს?
- გავრცელებული ვიდეოკადრებიდან აშკარაა, რომ აქციის დაშლისას არაადეკვატური ძალა გამოიყენეს. როდესაც ხედავ, რომ აქციის დაშლის დროს ადამიანები შენგან გარბიან, მათ საშუალება უნდა მისცე, რომ თავი დააღწიონ, საფრთხეს გაერიდონ.
ამიტომ, გამოკიდება, სადღაც დაწევა და ის ანგარიშსწორების ფაქტები, რაც ჩვენ ვნახეთ (ზოგი სახურავზეა მკვდარი, ზოგი ბაღში და ზოგი გზის სავალ ნაწილზე), ფაქტობრივად, არის დევნა.
რაც შეეხება ბატონ მურმანს - ის ცნობილი პიროვნებაა და მის მიმართ დაკავების დროს უკაცრავად ამ სიტყვისთვის და ცემა-ტყეპის დემონსტრირება არ მოუხდენიათ. მის მიმართ ფიზიკური ანგარისშწორება პოლიციის სამმართველოს შენობაში განხორციელდა.
რომელ სართულზე სცემდნენ პოლიციის მთავარ სამმართველოში?
- რომელ სართულზე იყო, მას ეს არ ახსოვს. ამბობს, რომ შეყვანისთანავე ძირს დააგდეს და სცემდნენ; ხან იქით გადაიყვანდნენ და ხან აქეთ. მისი თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კი არ შეიყვანეს, არამედ შეიტანეს.
მადლობა უფალს, რომ როცა მის სანახვად მივედი, ფეხზე იდგა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სულით ძლიერი ადამიანია.
ცემის დროს ეუბნებოდნენ რაიმეს?
- დაახლოებით ასეთ ფრაზებს: „სანამდე უნდა შეგვაწუხო, სანამდე უნდა გვაყენებდე შეურაცხყოფას, არ გაჩერდები საბოლოოდ?!“ და ასე შემდეგ. მან მითხრა, რაღაც მომენტში ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებითაც წამომაძახესო...
პოლიციის სამმართველოში დაკავებული ადამიანები გადაჰყვათ და იქ მათზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლა არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა - წამება, იმიტომ რომ დაკავებულ ადამიანს წინააღმდეგობის გაწევის არსებითი, არც საშუალება გააჩნია და არც შესაძლებლობა.
მურმან დუმბაძე ვიზუალურად დავათვალიერე - 26 მაისს, ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები 28-ში ვნახე და ძალიან მიკვირს ამ ადამიანმა ტკივილები როგორ გადაიტანა და ფიზიკურად ცოცხალი როგორ გადარჩა.
როგორ აფასებს 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს?
- მისი შეფასება ასეთია - „მე ვიყავი მიტინგზე, მაგრამ მხარს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერდი; მხოლოდამხოლოდ ჩემი პროტესტი მქონდა, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ; ეს კონსტიტუციით გარანტირებული ნორმაა და არავის აქვს უფლება პროტესტის გამოხატვის უფლება წამართვას; ჩემს ხელში ხელკეტი არავის დაუნახავს; სიტყვით გამოვდიოდი, ჩემს სათქმელს ვამბობდი, მოსახლეობას იმ მოწოდებებით მივმართავდი, რის საშუალებასაც კანონი მაძლევს. დანარჩენ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია“-ო.
რის გაკეთებას აპირებს გათავისუფლების შემდეგ?
- მან ცალსახად მითხრა - „ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს; თუ ჩემი ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებ და ჩემი ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებიო“.
ნუ მერე, ცოტა ცრემლებიც მოგვერია. ასეთი სულიერად უტეხი ადამიანი ძალიან იშვიათია.
მურმან დუმბაძის უფლებების დაცვას გააგრძელებთ?
- დიახ, მისი უფლებების დაცვას გავაგრძელებ. მას ვუთხარი ერთი კვირის შემდეგ მოგაკითხავთ-მეთქი. ოჯახის წევრებსაც ასე სურთ. მე მედიაკავშირ “ობიექტივში“ ადვოკატად ვმუშაობ. მურმან დუმბაძის უფლებებს მისი ოჯახის თხოვნის საფუძველზე ვიცავ - მათ დახმარებისთვის “ობიექტივს“ მიმართეს. ბატონი მურმანის დაცვა “წინააღმდეგობის მოძრაობამაც“ მთხოვა. ამასთან, პირადად მე, მისნაირი პიროვნებების მიმართ ძალიან ემოციურად და დადებითად ვარ განწყობილი.
როგორ ეპყრობიან მას თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში?
- იქ მას ძალიან ადამიანურად ეპყრობიან. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის. ისეთი წარმოდგენა დამრჩა, რომ ჩვენი ხელისუფლება სულ სხვა იურისდიქციაშია და ის სულ სხვა გამოვლინებაა. აქამდე ასე იყო და აწი რა მოხდება, არ ვიცი; დაზღვეულები არაფრისგან ვართ.