სააკაშვილს ყოველ 5 წუთში ატყობინებდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგის დარბევა

სააკაშვილს ყოველ 5 წუთში ატყობინებდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა მიტინგის დარბევა

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ 26 მაისის დამდეგს მომიტინგეთა საჩვენებელი დარბევით სააკაშვილმა  გამოსავალს მიაგნო, რათა ოპოზიციურ რვიანთან კომპრომისზე წასვლა აეცილებინა.

 

ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეთა დარბევა ძალის დემონსტრირებად შეიძლება შეფასდეს?

- ეს იყო უმაღლეს დონეზე დაგეგმილი სამხედრო-სადამსჯელო ოპერაცია, რომლის ყველა ნიუანსიც გათვალეს. ეს კარგად ეტყობოდა თვითონ ოპერაციასაც, სადაც 4 ათასამდე სპეცნაზელი მონაწილეობდა. ალყაში იყო მთელი მოედანი, ადამიანებს გასასვლელი არ დაუტოვეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შორიახლოს ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავდა ცეცხლსასროლი იარაღით კბილებამდე  შეიარაღებული რამდენიმე ჯგუფი. თუ საჭირო იქნებოდა, დარბევაში ამ ადამიანებსაც ჩართავდნენ. ახლა ამბობენ, თითქოს უიარაღოდ იყო პოლიცია, ეს სიცრუეა. სრული ინფორმაცია მაქვს, რომ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, სადაც შესაბამისი იარაღით, ეკიპირებით აღჭურვილი სპეცნაზი გახლდათ მობილიზებული. თუმცა მათი გამოყენების საჭიროება არ იყო და არც გამოუყენებიათ. ჩვენ ვიხილეთ დეტალური გეგმა, ეს მასალაც მოპოვებული გვაქვს, თუ როგორ ჰქონდათ ალყაში მოქცეული რუსთაველის გამზირი, დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში მთელი უბანი გარესამყაროს მოწყვიტეს. ასევე, მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, როგორ მიდიოდა მიტინგის დარბევა - იყო თუ არა მსხვერპლი, მომიტინგეები წინააღმდეგობას უწევდნენ თუ არა სპეცნაზს.

 

მომიტინგეთა დარბევის ბრძანება უშუალოდ ვინ გასცა-სააკაშვილმა თუ მერაბიშვილმა?

- მოდით, მიტინგის დარბევის საქმეში სააკაშვილის „ღირსებასა და დამსახურებას“ ნუ დავამდაბლებთ. ეს იყო უშუალოდ სააკაშვილის ბრძანებით დაგეგმილი, კარგად ჩამოყალიბებული და განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია. რა თქმა უნდა, განმახორციელებელი უშუალოდ იყო ივანე მერაბიშვილი.

 

თქვენ აცხადებდით, რომ სპეცრაზმელები ერთი კვირის მანძილზე ჩაკეტილი ჰყავდათ, რათა ისინი უფრო აგრესიულები ყოფილიყვნენ.

- მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 21 მაისიდან მოყოლებული, სპეცნაზი ქალაქის სხვადასხვა წერტილში იყო  გაფანტული. ისინი რამდენიმე ადგილზე იყვნენ დისლოცირებულნი: ნაწილი - მოდულის უკან სახელდახელოდ აშენებულ ყაზარმებში, ნაწილი - მობილიზებული გახლდათ საკრებულოში, ნაწილი - პარლამენტში, ნაწილი კი - შსს-ის კრწანისის შენობის სპორტულ დარბაზში. დაახლოებით 5-6 დღის განმავლობაში იქ პირდაპირ დარბაზში ეძინათ სპეცრაზმის თანამშრომლებს. ამას ხელისუფლება გამიზნულად აკეთებდა, რათა ისინი გაბოროტებულიყვნენ. შემდეგ კი ეს გავეშებული ხალხი იმ ადამიანებზე მიეშვათ, რომლებიც მათი უბედურების მთავარი მიზეზი იყვნენ. ყოველთვის ასე კეთდებოდა ხოლმე და ახლაც ასე გაკეთდა.

 

მსგავსი აგრესიული ქმედების დროს საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი - სპეცრაზმის წევრები ნამდვილად ქართველები იყვნენ თუ საიდანმე ჩამოიყვანეს მომეტებული აგრესიის გამოსავლენად?

- ეს იყო ქართული სპეცნაზი. 7 ნოემბერთან შედარებით სპეცნაზის საოცარი სახეცვლილება ვიხილე. სხვათა შორის, 7 ნოემბერს ოთხჯერ დამარბიეს, მაგრამ ამჯერად ორჯერ მეტი სპეცრაზმელი იყო, ვიდრე მაშინ, ორჯერ უკეთესად ეკიპირებული და მოტივირებული. ამ მიმართულებით ჩვენ 7 ნოემბრის შემდეგ ნაბიჯი წინ გადავდგით, ოღონდ - ჯოჯოხეთისკენ. გარდა ამისა, ყველა სამხედრო თუ ნახევრადგასამხედროებულ ორგანიზაციაში არის სპეცდანიშნულების გარკვეული რაზმები. მაგალითად, შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ამგვარი 300-კაციანი რაზმი ჰყავს პატრულს, რომელსაც თვეში ასი ლარით მეტ ხელფასს აძლევენ. მაშინ, როცა პატრულის საშუალო ხელფასი 900 ლარია. იმ ადამიანებს, რომლებიც  პატრულის სპეცნაზში ნებაყოფლობით მსახურობენ, თვეში 1000 ლარი გამოსდით. ასევე, მიტინგების დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე მათ სამსახურიდან ათავისუფლებენ, რომ დაისვენონ.

 

სპეცრაზმელებს ჰქონდათ თუ არა დოპინგის მსგავსი დამატებითი საშუალებები მიღებული?

- დამატებითი საშუალებების მიცემა აუცილებელი არ არის. არ მჯერა, რომ რაღაცებს აწევინებენ, აჭმევენ ან ასმევენ. რად უნდათ დამატებითი საშუალებები, როცა ეს ადამიანები უკვე ჩამოყალიბდნენ სადისტთა კასტად, რომლებსაც უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. მათ სისხლში აქვთ ხელები გათხვრილი.  სააკაშვილით დაწყებული და ბოლო სპეცნაზელით დამთავრებული, ეს ადამიანები სისხლიანი ჯაჭვით არიან ერთმანეთთან  გადაბმულნი. მეტი რა მოტივაცია სჭირდებათ? სად უნდა წავიდნენ? სადმე წასასვლელი აქვთ ამ ადამიანებს? ესენი სააკაშვილს მიწაში უნდა ჩაყვნენ, ისევე, როგორც ფარაონს სიკვდილის შემდეგ აყოლებდნენ ცოლებს, მხევლებს, მსახურებს.

 

თქვენ აცხადებთ, რომ დარბევა თავიდანვე ხელისუფლების ინტერესში იყო. კონკრეტულად, რაში გამოიხატებოდა ეს ინტერესი?

- რა თქმა უნდა, მიტინგი თავიდანვე დასარბევად გათვალეს. ყოველი ადამიანი, ვინც იქ იდგა, აუცილებლად უნდა გალახულიყო, თანაც, რაც შეიძლება დაუნდობლად. თუ ვინმე შემოაკვდებოდათ, ესეც პრობლემა არ იყო. ასეთი პირდაპირი ბრძანება იყო გაცემული და ამაში დარწმუნებული ვარ. პირველ რიგში, ამით სურდათ, ხალხს სცოდნოდა, რომ ამ ხელისუფლებასთან არავის არაფერი გაუვა. გარდა ამისა, აქ შიდა დაპირისპირებაც არსებობდა. თქვენ იცით, ამ მიტინგის ორგანიზატორი ვინ იყო, ამიტომ მისი დასჯა საჩვენებლად უნდა მომხდარიყო. ქალბატონ ბურჯანაძეს ვგულისხმობ. ესეც, ეტყობა, სააკაშვილის გადაწყვეტილებების ერთგვარი მოტივი იყო.

 

თუ ასეა, ბურჯანაძე როგორ გადაურჩა? სააკაშვილს არ გაუჭირდებოდა მისი ან მისი ოჯახის წევრების ლიკვიდაცია. 

-  ეს ის კითხვაა, რაც თქვენ ხშირად უნდა დასვათ. რატომ გაერიდა ბურჯანაძე შემთხვევის ადგილს და რატომ გადარჩა ორგანიზატორი? არავის სისხლი არ მწყურია, მაგრამ, საერთოდ, როცა ხალხი ასეთ ტყვიაზე მიგყავს, პირველ რიგში, შენ უნდა შეუშვირო შუბლი ტყვიას. ზოგჯერ ჩვენ გვსაყვედურობენ, რატომ არ დაძარით 300 ათასი კაცი იპოდრომიდან? სწორედ ამიტომ არ დავძარით, რადგან ვიცოდით, რით დამთავრდებოდა. შესაძლოა, ეს მაშინდელ ოპოზიციას სისუსტედ ჩამოგვართვათ, მაგრამ ასე იყო და ამას ვაღიარებ.

 

შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე მოქმედებს პრინციპით - “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ რვიანის შედეგი ამ ეტაპზე ნოლია და ხელისუფლებამ ქუჩის აქციების გარდა სხვა გზა არ დატოვა.

- თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთ რთულ დიალოგში ჩართვის მიუხედავად, ჩვენ არ ვიბრძვით, ძალიან ცდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე მსიამოვნებს გიგა ბოკერიასთან ან პალიკო კუბლაშვილთან ერთ მაგიდასთან ჯდომა და საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბარი, ძალიან შემცდარა. ვერაფრით მივიღებ იმ ადამიანისგან ამაზე მუდმივად საუბარს, რომელიც პარლამენტის ფანჯრებიდან იყურებოდა, როცა ჩვენ აქ გვხოცავდნენ.

 

ნინო ბურჯანაძემ ხომ იცოდა, რომ შედეგი არ იქნებოდა? თავადაც არ მალავდა, რომ  ხალხი ტერორში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაკვირვებოდა, რომ თუნდაც შიშის ფაქტორის გამო, რუსთაველზე მის გვერდით ვერ დადგებოდნენ. ამის გათვალისწინებით, რამდენად ლოგიკური იყო ბურჯანაძის მიერ ხალხის ქუჩაში გაყვანა?

- დიახ, მე ვფიქრობ, რომ ბურჯანაძემ ეს ყველაფერი იცოდა. ეს ყველაფერი პირდაპირ გათვლილი იყო იმაზე, რომ ბურჯანაძე  სააკაშვილს პროვოკაციაზე წამოაგებდა. სხვათაშორის, ის არც მალავდა და ყოველთვის ამბობდა, რომ „მე ვიცი მისი ავი ბუნება და მე მას „წამოვიკიდებ“, უკაცრავად, ამ ჟარგონთან. ასეც მოხდა, მაგრამ რის ფასად „წამოიკიდეს“ სააკაშვილი? რაც მოხდა, სწორედ ეს გახლავთ ლიდერების მორალური პასუხისმგებლობა.

 

26 მაისს ქუჩაში გასულ ოპოზიციაზე რევანშის შემდეგ  ოპოზიციურ რვიანს  ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზა გადაეკეტება?

- პირიქით, ვფიქრობ, დღეს ბევრად მეტი მოტივაცია შეიძინა „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რვიანმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა გვამები და დახოცილი ხალხი უნდა გამოვიყენოთ. ეს შედეგი ჩვენთვის გამიზნული არ არის, ეს შედეგი არის საზოგადოებისთვის. ან გამოვფხიზლდებით და გამოვაფხიზლებთ ამ ხელისუფლებას. არ გამოვრიცხავ, ამისთვის დაგვჭირდეს მასობრივი მიტინგები, მანიფესტაციები, უზარმაზარი ზეწოლა, შიმშილობის აქციები, პიკეტირება. ეს იმისთვის, რომ ხალხმა თავისუფალი არჩევანის უფლება მოიპოვოს.

 

ბოლო დროს უცხოელ დიპლომატებთან ოპოზიციის ნაწილის გაუცხოება მოხდა. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები ხელისუფლების მოსაწონ განცხადებებს აკეთებენ.

- ხშირ შემთხვევაში, ამ თემის ზედმეტად აჟიტირება ხდება.  გარკვეულწილად, ამას ოპოზიციაც ხელს უწყობს. ამიტომ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებ, ვაცალოთ დიპლომატებს, რათა თავიანთი საქმე აკეთონ. ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და შედეგი დავდოთ. გარწმუნებთ, საქართველოსთვის გამოსადეგარი, საქვეყნო საქმე თუ იქნება, მერე ელჩიც მოტრიალდება ჩვენსკენ. ყველა იტყვის, ყოჩაღ, თქვენ, კარგი საქმე გაგიკეთებიათო. ძალიან კარგად მახსოვს ვარდების რევოლუცია. თავდაპირველად დიპლომატები არ ეკარებოდნენ, მომხდარის შემდეგ კი თურმე ყველა გულში ფიქრობდა, ოღონდ არ ამბობდა, რომ ეს დემოკრატიისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

 

საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილის ნდობა დაეცემა?

- საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილის ხელისუფლების ავტორიტეტი ისედაც ნულს უტოლდება. იმის იქით სად უნდა წავიდეს? მინუსებშია წასული. ჩემი აზრით, ახლახანს მომხდარი დარბევის გამო საერთაშორისო თანამეგობრობაში კიდევ ერთხელ გამყარდა აზრი, რომ ეს ადამიანი არაადექვატურია. იგი ავადმყოფურ ემოციებზე დაფუძნებით იღებს გადაწყვეტილებებს, ამდენად, არ არის სანდო პარტნიორი არცერთი ქვეყნისთვის.

 

როგორ გგონიათ, მომხდარს საერთაშორისო მასშტაბით გამოიძიებენ?

- ვერ გეტყვით, დაიწყება თუ არა უცხოეთში ამ მოვლენების გამოძიება. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციამ დღეს  საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყოს ამ მკვლელობების გამოძიება. ამ ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც უფრო გაიზრდება  საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, უკეთესი იქნება. თუ ფიქრობთ, რომ ამ უშნო შენობაში, რომელსაც ვიღაცამ საქართველოს პარლამენტი დაარქვა, როდესმე შეიქმნება 26 მაისს მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელი საგამოძებო კომისია, ასეთი რამ არ მოხდება. შესაძლოა, საზოგადოებრივ საწყისებზე ისევ ჩვენ შევქმნათ კომისია და გამოვიძიოთ, რაც მოხდა. თქვენი კოლეგების როლს, ვინც იმ ღამეს დაზარალდა, ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვფიქრობთ, რომ მომხდარის გამო სახალხო დამცველი ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს და ასეც არის. საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ამ მიმართულებით შესაძლოა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.