შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მდელობაში „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები ადანაშაულებენ.
აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებით ათმა ახალგაზრდამ დატოვა, რომლებიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლო ბლოკირებსა და მოსალოდნელ მსხვერპლზე საუბრობენ.
„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები ბესო კალაძე და გიორგი ჭინჭარაული, რომლებიც დირექტივების გაცემაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაიკითხნენ და საბოტაჟის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 18-318-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
ნაციონალები ყოფილი მოკავშირეების სკანდალურ განცხადებას სუს-ის მიერ ახალგაზრდებზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ და ირწმუნებიან, რომ მათ პოლიტიკურ გეგმებში დესტაბილიზაცია არ შედის.
როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების მიერ სპექტაკლი დაიდგა, რომლის რეჟისორი სუს-ია.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი სუს-ის მიერ სპექტაკლის დადგმას ელოდა, თუმცა არა ისე უნიჭოდ, როგორც ეს გააკეთეს.
„იმ ბავშვებიდან მხოლოდ ერთი ამოვიცანი, ვინც ვნახე. როგორც ვიცი, კალაძე უკრაინაში ნამყოფი არც იყო. მოლოდინი იყო, რომ სპექტაკლს დადგამდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ უნიჭოდ გაკეთებული იყო. დეტაბილიზაცია არ იგეგმება და ყველას მიზანია, რომ ობიექტური არჩევნები ჩატარდეს. ხალხი ისეთ ხელისუფლებას ითხოვს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება არა ერთი მილიარდერის წინაშე, არამედ ხალხის წინაშე“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, ხელისუფლებას ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდება, რაც მათ უუნარობას აჩვენებს.
„ჩვენ დესტაბილიზაციის შესახებ განცხადებებს საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან ვისმენდით. მათ შორის, საბურავები იყო. „ოცნებას“ ყველა პრობლემაში ნაციონალები ელანდება. ყველა ვითარებაში ხელისუფლება არის უუნარო, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს. დედოფლისწყაროს მაგალითი არსებობს, სადაც მოსახლეობას სახლებში უვარდებიან და ხელისუფლების შენარჩუნებას ასე ცდილობენ. დესტაბილიზაციის ნიშნები ესაა და არა - ოპოზიციის აქტივობა“, - დასძინა ბეჟაშვილმა.
თანაგუნდელის მსგავსად, ხელისუფლების პოლიტიკურ სპეკულაციებზე მიანიშნებს აკაკი მინაშვილი, რომელიც for.ge-ს არწმუნებს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებას კარგავს, რის გამოც პანიკაშია. მინაშვილის თქმით, მმართველი ძალის მიმართ მხარდაჭერა არ არსებობს, რისი მიზეზიც ისაა, რომ ოთხი წლის მანძილზე, ივანიშვილმა და მისმა კლანმა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნეს.
„ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ ხელისუფლებას კარგავს და ამის ეშინია. ქვეყანას წინსვლა არ აქვს და ამის ნახვა ქუჩაში შეგიძლიათ. პანიკურ და ისტერიულ მდგომარეობაში არიან. მათი ცნობილი მინისტრი ჭიკაიძე გვახსოვს, რომელიც საბურავებზე და გადატრიალებაზე საუბრობდა. იმის ნაცვლად, რომ ხალხს რაღაც ახალი შესთავაზონ, ისევ ატყუებენ. ქვეყანას პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია ჰყავს და ჩვენ ხელისუფლებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ქვეყნის წინსვლას პასუხისმგებლობით ვექცევით. ივანიშვილის ხელისუფლება რამდენიმე დღეში დასრულდება“, - აცხადებს მინაშვილი.
კანონმდებელი „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების ბრალდებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ განცხადებების უკან სუს-ისა და სპეცსამსახურების ოპერაცია ჩანს.
„ოკუპირებულ ხაზთან მოქალაქეების გატაცება ხდება და ისინი რისკის ქვეშ არიან. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე იმუშაონ, რაღაც ინსინუაციებს დგამენ. კალაძე სამარცხვინოა, რომელიც რაღაცეებს იგონებს. ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფოს როგორც წურბელა ისე ექცევა და ადამიანებს წურავს, დიდი დღე არ აქვს. ამ ხელისუფლებას შანსი არ აქვს, რადგან ის პატრიოტული სულისკვეთების ადამიანებს ებრძვის და დევნის. ამავე დროს პრორუსულ ძალებს ახალისებს და ხელს უწყობს, რის გამოც ასეთი მმართველობა მალე დასრულდება“, - ამბობს მინაშვილი.
თანაპარტიელების მსგავსად, დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის დესტაბილიზაცია, „ოცნება“ კი, საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობს.
for.ge-სთან საუბარში დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახური იმით არის დაკავებული, რომ პარტიებს არა მარტო უთვალთვალოს, არამედ ვიღაც შეაგზავნოს და ასეთი პროვოკაციები მოაწყოს.
სუს დეპოლიტიზირებულია, ხომ? რა სისულელეა. „ოცნებას“ მეტი გზა არ დარჩა, რომ თავისი არაპოპულარობა და უნდობლობა გადაფაროს. მკითხავებთან თუ დადიან და სიტყვების ინტერპრეტაციებით არიან დაკავებული, ვერ გეტყვით, მაგრამ კვლევები რას იძლევა, გადახედეთ და მიხვდებით, ასეთი მაიმუნობა ვის აწყობს“, - დასძენს დარჩიაშვილი.
ოპონენტების პოლიტიკური გეგმების შეფასება მმართველ გუნდში არ უჭირთ, თუმცა, „ოცნება“ ირწმუნება, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ვერავინ გაბედავს.
პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც არ მალავენ - არც მიხეილ სააკაშვილი და არც ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი.
„ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციების მოწყობა არავის არ გამოუვა. უფრო თანამედროვე და ცივილური გზა არჩევნებია. ის დრო აღარ არის, როცა აპრობირებული მეთოდი ქვების სროლა და ხელკეტებით სირბილი იყო“, - დასძინა კალაძემ.