[პრესაგე.ტვ]
დღეს საღამოს, მარჯანიშვილის თეატრში სამი ახალგაზრდა: დავით ფაცაცია, ვახტანგ მაისურაძე და გიორგი ლაპიაშვილი დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ფაცაციამ მიხეილ სააკაშვილს შოკოლადი ესროლა.
პრესაგე.ტვ-მ ინფორმაცია დავით ფაცაციას მამასთან გოგი ფაცაციასთან გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„რაღაც ეკვადორის დღეები ყოფილა, დღეს საღამოს, მეგობარმა მარჯანიშვილის თეატრის მოსაწვევი მისცა და იქ წავიდა. რახან ჩემი შვილია, ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ ძალიან წესიერი და ზრდილობიანი ბავშვია. ამ აქციებში არ მონაწილეობდა, ავსტრიაში იყო, გუშინწინ ჩამოვიდა, გუშინ მთელი დღე ეძინა და არსად გასულა. დღეს თეატრში წავიდა, რამდენიმე წუთის წინ კი შემატყობინეს, რომ დააკავეს, რაღაც ინციდენტი მოხდაო- მითხრეს. თუმცა რა ინცინდენტი მოხდა არავინ გვეუბნება.
მართალია, რომ თქვენმა შვილმა მიხეილ სააკაშვილს, თითქოს, შოკოლადი ესროლა?
- ბიჭებმა მითხრეს შოკოლადი ეჭირა ხელშიო და ვარაუდი გამოთქვეს, სააკაშვილს ხომ არ ესროლაო. თუმცა ვინც ეს თქვა ის იქ არ ყოფილა.
ახლა სად არის თქვენი შვილი იცით?
- ახლახანს მომწერეს „მესიჯი“: დაცვის ბიჭებმა გაიყვანეს და ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიჰყავთო. სხვა არაფერი ვიცით.