[ინგა კუხიანიძე]
ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და აქციის მონაწილე ნოდარ ცხადაძე. მათი დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შს სამინისტრო ორივე ადამიანის სიკვდილში პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორებს აკისრებს და აცხადებს, რომ მომხდარში დამნაშავე ბიწაძისა და ბურჯანაძის ესკორტია.
საინფორმაციო საშუალებებით უკვე გავრცელდა პოლიციელის დაღუპვის კადრი და ჩანს, რომ ის ძირს მას შემდეგ დაეცა, როცა თავისუფლების მოედანზე სწრაფად ჩაიარეს მანქანებმა. დაშავებული სასწრაფოდ ჩასვეს პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების მანქანაში, მაგრამ, როგორც ამბობენ, ადგილზე იყო გარდაცვლილი.
თავად ბურჯანაძე აცხადებს, რომ მომხდართან მის მანქანებს არანაირი კავშირი არ აქვს და ის მზადაა ყველა მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდეს. რა ვითარებაში გარდაიცვალა აქციის მონაწილე ნოდარ ცხადაძე, ეს დეტალები ჯერჯერობით, უცნობია. ორივე ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ექსპერტ ირაკლი ბახტაძის განცხადებით, გარდაცვლილებს სხეულზე ნეკნების მოტეხილობები აღენიშნებოდათ. მისი თქმით, ეს დაზიანებები მათ მანქანის დარტყმის დროს მიიღეს. რატომ გააკეთა ექსპერტმა ასეთი კატეგორიული შეფასება ასე ოპერატიულად, როცა საბოლოო დასკვნა არ არსებობს, უცნობია. არ არის გამორიცხული ცხადაძეს დაზიანებები პოლიციელებთან შეტაკების დროს მიეღო. მით უფრო, ცნობილია, როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სპეცნაზელები ადამიანებს.
როგორც გაირკვა, გარდაცვლილი 54 წლის ნოდარ ცხადაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის ნათესავია. იგი ზესტაფონის რაიონიდან, სოფელ სვირიდან იყო და ლეიბორისტული პარტიის სოფელ სვირის კოორდინატორი გახლდათ.
მომხდარზე კომენტარი სოსო შატბერაშვილს ვთხოვეთ:
- ნოდარ ცხადაძე უპატიოსნესი პიროვნება იყო, კარგი ოჯახის პატრონი და უწესიერესი ოჯახის შვილი. ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში ცხოვრობდა. დიდი ხნის განმავლობაში მას არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი, რადგან პოლიციაში მსახურობდა. როგორც იცით, პოლიციელს არ აქვს უფლება რომელიმე პარტიაში გაწევრიანდეს. მას შემდეგ, რაც მოუწია მუშაობისთვის თავის დანება, იგი ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდა და სვირის კოორდინატორი იყო.
მისი პოლიციიდან წამოსვლის მიზეზი რა იყო?
- რა თქმა უნდა, მარტო ასაკი არ იყო წამოსვლის მიზეზი. იქ წმენდა დაიწყო, გამოყარეს ძველი, გამოცდილი მუშაკები და დღეს პოლიცია ნაციონალური მოძრაობის მომხრეებით არის გავსებული. ჩემი გარდაცვლილი ნათესავი, აპოლიტიკური პიროვნება გახლდათ. თავისი საქმიანობის დროს არასოდეს გამოხატავდა პოლიტიკურ სიმპათია ანტიპათიას. ის მოიცილეს და დაითხოვეს პოლიციიდან. სამწუხაროდ, დათხოვილ პოლიციელთა დიდ რაოდენობას პატივი აყარეს. პენსიაც კი არ დაუნიშნეს ამდენი წლის დამსახურებულ ადამიანებს. იგი ძალიან განიცდიდა ამას. როგორც ჩანს, ქვეყანაში გამეფებულმა უკანონობამ, არასამართლიანობამ, ამ ხელისუფლებისადმი სიძულვილმა მიიყვანა ამ აქციაზე. ჩვენი არაერთი აქტივისტი იდგა იქ.
ეს პარტიის ლიდერებთან შეთანხმებული იყო?
- ჩვენ აქციის წინ გავაკეთეთ განცხადება, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ამ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებდით იმის გამო, რომ ეს იყო “სახალხო კრების” აქცია და რა გვინდოდა მისი პოლიტიზირება. თავისუფალი დასწრება გამოვაცხადეთ. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო იქ მისულიყო. იცით, თუნდაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი მუდმივად იქ იდგა. დაზარალდა კიდეც. მხუთავი გაზით მოწამლულია. იქ იყვნენ ჩვენი რაიონების კოორდინატორები. სამწუხაროდ, ბარბაროსულ დარბევას ჩვენი პარტიის აქტიური წევრი შეეწირა.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ნოდარ ცხადაძე სოფლის მეურნეობას მისდევდა. თავისი შრომით ოჯახს ინახავდა და არც თუ ცუდად. ვერ გეტყვით, რომ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მარტო ღარიბები არიან. საშუალოდ მაცხოვრებელი ადამიანებიც ებრძვიან ამ ხელისუფლებას. აქ ეკონომიკურ მდგომარეობაზე კი არა, ანტიქართულ იდეოლოგიაზეა საუბარი.
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა ვითარებაში გარდაიცვალა იგი? გავრცელებული ინფორმაციით, ის ბურჯანაძის ექსკორტმა ქუჩაში გაიტანა
- არა მგონია ეს რეალური იყოს. ხელისუფლება ამით თავის გამართლებას ცდილობს. ჯერჯერობით, გარდაცვლილის ოჯახს ვერ დავუკავშირდი. ვთვლი, რომ ის ცემით მოკლეს, ან გაზით მოწამლის შემდეგ გულმა უმტყუნა. ჯერჯერობით, ეს ჩემი ვარაუდია.
ექსპერტის განცხადებით, მას სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება და ეს მანქანის დარტყმის შედეგია. ამას ეჭვქვეშ აყენებთ?
- რაც შეეხება ექსპერტის განცხადებას, როგორ შეიძლება ამას დავეყრდნოთ? ეს გახლავთ ის ექსპერტიზა, რომელმაც პრემიერ- მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს დაწერა დასკვნა და თქვა, რომ ის გაზით გაიგუდა. ასეთ ექსპერტიზას ვერ ვენდობი და მათი დასკვნის არ მჯერა.