მაისის სამი დღე და სამზე მეტი პასუხგაუცემელი კითხვა

მაისის სამი დღე და სამზე მეტი პასუხგაუცემელი კითხვა

[ნანა მაისაშვილი]

„ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში, ან ციხეში“ - „ქართული პარტიის“ ეს „სლოგანი“ მკვდრადშობილი გამოდგა. განკითხვაში გადასული ჩაფლავებული „მრისხანების დღე“ და „შიშის აღიარების გამბედაობა“, რომელიც, ნინო ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, ქართველ მამაკაცებს არ ყოფნით და რა არ ეყო ირაკლი ოქრუაშვილს და რატომ დაიბნა სოზარ სუბარი? რას ნიშნავს მისი განცხადება - "განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას".

რაზე თქვა უარი ირაკლი ოქრუაშვილმა - „შემოსვლაზე“ „ჩამოსვლაზე“ თუ „გამოჩენაზე“? ან, როდის იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სხვას „კატეგორიულ მოთხოვნებს“  უსმენდა და სხვისი გავლენის ქვეშ ექცეოდა? ვინ დააშოშმინა ოქრუაშვილი - სუბარმა, კიწმარიშვილმა თუ გაჩეჩილაძემ?

დავიწყოთ ბოლოდან, ანუ გაჩეჩილაძის ფაქტორით. მოახდენდა თუ არა იგი გავლენას? ვერა! ვერანაირად! ჯერ კიდევ პარიზიდან და ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძის ქმარმა, ბადრი ბიწაძემ „სააკაშვილის ფარდებიდან დანახულ გაჩეჩილაძეზე“ ისაუბრა, ირაკლი ოქრუაშვილი გაჩეჩილაძეს საკმაოდ მკაცრი ტონით ესაუბრა.

ოქრუაშვილზე გავლენას ვერც სუბარი მოახდენდა, რადგან ხშირად თავად ექცევა გავლენის ქვეშ. რაც შეეხება კიწმარიშვილს, ოქრუაშვილის ამბიციური ბუნებიდან გამომდინარე ვერც იგი შეძლებდა ამას. მით უმეტეს მაშინ, როცა შურისძიებაზეა ლაპარაკი, კიწმარიშვილის ნათქვამზე თავდაცვის ექს-მინისტრი უკან არ დაიხევდა.

აქედან გამომდინარე, რას უნდა ნიშნავდეს ოქრუაშვილის მიერ სააგენტო „პირველისათვის“ მიცემული კომენტარი - "ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი. დანა რომ დამარტყან, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ერთხელ ეს 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა  გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩემი საქართველოში დაბრუნება უარყოფითად შეაფასა. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან.

ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვა - „ღალატი“ ჰქვია, ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა ბიზნესია და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!"

აღნიშნული განცხადება, სულ ცოტა ერთ კითხვას მაინც ბადებს - ვის ან რის იმედზეა ოქრუაშვილი, როდესაც აცხადებს, რომ „ყველაფერი წინაა“? გასათვალისწინებელია, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შესული და ფონს ერთხელაც ვერ გასული ოქრუაშვილი, წესით და რიგით, თავს ეულად უნდა გრძნობდეს და ამ ფონზე „ჩვენ მივდივართ ვა-ბანკზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ გაბრაზებული, მაგრამ განიარაღბული კაცის მიერ ნათქვამის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ქართულ პარტიაში დიდი განხეთქილებაა! „პრესაჯე.ტვ“-ს ინფორმაციით, პარტიის ოფიციალურად დატოვებას აპირებს ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც ადრევე უნდოდა წასვლა კოკა გუნცაძესთან ერთად. გაჩეჩილაძისთვის ახლა ყველაზე კარგი დროა და მომავალში პოლიტიკაში დარჩენას სწორედ ახლა, პარტიიდან წამოსვლით შეძლებს.

მეტიც - როცა კოკა გუნცაძე „ქართული პარტიიდან“ ფინანსური მოტივით გაუშვეს, გაჩეჩილაძეს მაშინვე უნდოდა წასვლა, მაგრამ ოქრუაშვილმა გააჩერა. გაჩეჩილაძე გუნცაძის წასვლიდან ზუსტად სამი დღის განმავლობაში „აპროტესტებდა“ შექმნილ მდგომარეობას, ამასობაში კი ბურჯანაძის აქციები დაიწყო და ისე მივიდა აქციაზე გუნცაძესთან ერთად, რომ პარტიის სხვა ლიდერებთან კონსულტაციები არც კი გაუვლია.

„ქართულმა პარტიამ“ მყისვე გაავრცელა განცხადება - გუნცაძე აქციაზე თავისი გვარ-სახელით მივიდა, ხოლო გაჩეჩილაძე - პარტიის სახელითო. მაშინ, არავის დაუსვამს  კითხვა - რატომ მივიდნენ ტელევიზიასთან პარტიიდან წასული გუნცაძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ერთად და არა ცალ-ცაკლე? იყო თუ არა ეს იმის ნიშანი რომ გაჩეჩილაძე უკვე აღარ იჯდა ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის ნავში?

რა თქმა უნდა, ეს დამაფიქრებელი იყო და ხვალ რომ ლევან გაჩეჩილაძე სადმე სხვაგან, ვთქვათ ნინო ბურჯანაძესთან მივიდეს და გუნცაძეც მიიყვანოს, წესით ეს არავის უნდა გაუკვირდეს. დიდ პოლიტიკას დიდი პოლიტიკოსები ქმნიან, მაგრამ საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. აქ, ორი ათეული წლის განმავლობაში არა პოლიტიკური ელიტა, არამედ მისი ჩანასახიც კი ვერ შეიქმნა!

„ქართული პარტია“ ოქრუაშვილის უკან დახევას  ბურჯანაძის დაგეგმილ აქციას უკავშირებს - ორ ფრონტზე ვერ გავიშლებოდით და ხალხი დაიბნეოდაო. არადა, როდესაც ბურჯანაძემ 21 მაისი დაგეგმა, საპასუხოდ „ქართულმა პარტიამ“ რამდენიმე დღით დაასწრო და კახეთის აქცია ჩაატარა. შემდეგ - აჭარა და, ბოლოს 20 მაისისთვის სამეგრელოს აქციის შესახებ განაცხადა. სამეგრელოს აქცია ჩაიშალა, ოფიციალური კომენტარი პარტიას არ გაუკეთებია და არც არავის უკითხავს, რა მოხდა.

სინამდვილეში მოხდა ის რომ საქმეში ახალიას კლანი ჩაერთო. „ქართული პარტია“ მოსალოდნელი დაკავებების შესახებ ბრიფინგის დონეზე ალაპარაკდა. შემდეგ, ლოკომოტივის სტადიონზე 22 მაისისთვის ჩანიშნული ყრილობაც ჩავარდა და არა იმიტომ, რომ ბურჯანაძემ 21 მაისს აქცია დაიწყო.

რატომ გადაიფიქრეს? ბურჯანაძისთვის ხელი რომ არ შეეშალათ? ერთად დგომა ხელშეწყობა უფროა, მაგრამ როგორც ამბობენ, გადამწყვეტი როლი აქ პირველობის ამბიციამ შეასრულა. სოზარ სუბარი „პრესაჯე.ტვ“-სთვის მოცემულ ინტერვიუში ორაზროვნად აცხადებს: „ეგეთი ქვეყანა, სადაც ბუზი ვერ გადაკვეთდა საზღვარს, მე საბჭოთა კავშირი ვიცოდი და მაშინაც, კრემლის წინ ისე დასვა თვითმფრინავი მატიას რუსტმა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. ერთი კი ვიცი, რომ ხელისუფლებაში სერიოზული პანიკაა - რაჭაში, საჩხერის რაიონში, შიდა ქართლში ამაგრებენ საზღვრებს, ქვიშის ტომრებისგან კედლებს აშენებენ, მაგრამ ერთი ადამიანის შემოსვლას ამდენი კედელი რად უნდა, არ ვიცი“.

რაც შეეხება ამდენ კედელს... 23 მაისს, გვიან ღამით გაირკვა, რომ ტყვიავში ოქრუაშვილის სახლში სპეცრაზმი შევიდა. არავინ იცის, რატომ ეგონა ვანო მერაბიშვილს, რომ ოქრუაშვილი დედის კალთას შეაფარებდა თავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართული საჯარისო ნაწილები სენაკსთან და გორთან გამოჩნდნენ, ტელევიზიასთან მობილიზებული სპეცრაზმი კი 23-ში მოიხსნა და, როგორც ამბობენ, სასაზღვრო ზონაში გადაისროლეს.

ამ ფონზე კი, თურმე, პარტიამ, რომელიც მან დააფუძნა და რომელშიც პირველ ვიოლინოს თავად ფლობს, საქართველოში გამოჩენა ძლივს გადააფიქრებინა...

ბევრი კითხვა იბადება და ბევრი რამ არის ბურუსით მოცული, თუმცა რეალობა ერთია - „ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში ან ციხეში“ ხელისუფლებისა და ციხის გარეშე დასრულდა.