[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
დაპატიმრებული მძღოლები, დაჭრილი საბურავები და დამსხვრეული ავტომანქანები, მიკროავტობუსებიდან გადმოსხმული მგზავრები და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებები – ასეთი იყო გზა, რომელიც „სახალხო კრების“ აქტივისტებმა 21 მაისს სამეგრელოდან თბილისამდე გაიარეს. დედაქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალს სამართალდამცველები საგანგებო რეჟიმში აკონტროლებდნენ. საპატრულო ეკიპაჟები ავტომანქანებს სხვადასხვა მიზეზით აჩერებდნენ, შესაბამის დოკუმენტებში ხარვეზებს ეძებდნენ და საჯარიმო ქვითრებს უხვად არიგებდნენ.
განსაკუთრებული „კონტროლი“ მიკროავტობუსის მძღოლებზე განხორციელდა. მათი გადაადგილების „უსაფრთხოებაზე“ სამეგრელოს პოლიციამ რამდენიმე დღით ადრე იზრუნა და „ეჭვმიტანილი“ მძღოლები მარშრუტიდან დაპატიმრების მუქარით მოხსნა. ხოლო ის, ვინც არ შეუშინდა, სენაკის პოლიციის იზოლატორში მოხვდა.
გოჩა ზარქუა 20 მაისს მაშინ დააკავეს, როცა იგი მიკროავტობუსით მეუღლესთან ერთად სენაკის ქუჩებში გადაადგილდებოდა. პოლიციამ იგი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. 21 მაისს სენაკის რაიონულმა სასამართლომ ზარქუას 15–დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს დააკავეს და 10–დღიანი საპატიმრო სასჯელი კიდევ ორ მძღოლს, რამინ ახალაიასა და პაატა სირაძეს მიუსაჯეს.
„პრესაგე.ტვ“–ის ინფორმაციით დაკავებულია ასევე მიკროავტობუსების 7 მძღოლი, თუმცა მათი ვინაობის დადგენა ვერც სასამართლოში და ვერც პოლიციაში მოხერხდა. მანამ, სანამ საპატრულო პოლიცია ურჩი მძღოლებისგან გზების „გაწმენდას“ შეუდგებოდა, სოდ–ისა და კუდ–ის თანამშრომლები ეჭვმიტანილთა ოჯახებში მთელი ღამის „მუშაობნენ.“
შედეგი კი ასეთია: დილის 5 საათზე 3 ნიღბიანი პირი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში, ძმები ლოლუების საცხოვრებელი სახლის ეზოში მალულად შეიჭრა და „ოპელის“ მარკის ავტომანქანის ოთხივე საბურავი დანით დასერა. სოფელ ახალსოფელში, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა გიული ხუხიას ავტომანქანის წინა საქარე მინები ჩაამსხვრიეს და ინციდენტის ადგილიდან გაუჩინარდნენ. დილის 4 საათისათვის, ნიღბიანი პირები კახა კუპრეიშვილსაც „ესტუმრნენ“ და ეზოში მდგარ ავტომანქანას რიყის ქვები დაუშინეს...დაზარალებულ მძღოლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „საქმეში“ შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ინციდენტის შესახებ დეტალები და დაზარალებულთა მონათხრობი ნახეთ ვიდეო კადრებში.