დღეს 23 მაისია. ნაციონალურად რომ დავთვალოთ 25 მაისამდე 2 დღე დარჩა. 25 მაისს ის აქ იქნება! „25 მაისს? ეგებ, უფრო ადრე ან უფრო გვიან?“ - ეს კითხვაა, ხოლო პარტიული პასუხი - „არა, 25 მაისს იქნება“!
„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფიო ხორგუანი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ჩემი პარტიის თანათავმჯდომარე 25 მაისს საქართველოში იქნება, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში სწორედ ამ დღეს გამოჩნდება. ჩვენ სრული შემადგენლობით 25 მაისს გამოვცახდდებით აქციაზე და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში“!
ხელისუფლებაში მოსვლამდე 25 მაისია გადასაგორებელი, 25 მაისის გაირკვევა, ვინ „ჩაიბარებს პარადს“ 26 მაისს? და, მაინც, დღეს საკამათო და „სამარჩიელო“ მთავარი თემა - როგორ და რა გზით დაბრუნდება საქართველოში ოქრუაშვილი? გმირად გადაქცეული ნაგმირალის ასავალ-დასავალი „რეალ-ტვ“-მ „გაშიფრა“ - ირაკლი ოქრუაშვილი „დომოდედოვოს“ აეროპორტში...
გურამ დონაძემ ათიანში ვერ გაარტყა! ათასის არა, მაგრამ ორი ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა თავისი „დონედ“ გაზრდილის მონტაჟი ურნაში უმონტაჟოდ გადაუძახა. დონაძემ წააგო, მაშასადამე, წააგო ვანო მერაბიშვილმაც! მეტიც - მერაბიშვილმა დონაძის წაგებამდე წააგო!
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 21 მაისამდე ჩამოვიდა! დიახ, ოქრუაშვილი საქართველოშია! 25 მაისამდე 4 დღით ადრე, 21 მაისს, გვიან ღამით ოქრუაშვილი საქართველოში იყო! ახლა, ძნელია ამ ინფორმაციის მტკიცება, ამას დრო დაადასტურებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძის „სატელევიზიო“ აქცია უფსკრულში ბურჯანაძის გარდა „ქართულ პარტიასაც“ არ გადაიყოლებს.
ამ ინფორმაციის დადასტურება ახლა ყველაზე ნაკლებად თავად ვანო მერაბიშვილს არ აძლევს ხელს! მერაბიშვილი შოკშია! სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ყველა თათბირი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ აქციებსეხება. 100-კაციანი მიტინგი და მიტინგზე ნასროლი თუნდაც ყველაზე არასასიამოვნო ლოზუნგი მერაბიშვილისათვის სასაცილოა. აქ პრობლემა „შურისმაძიებელი და გულღრძო“ ირაკლი ოქრუაშვილია, რომლის მართვაც თავად სააკაშვილსაც კი ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ყველგან უჭირდა!
ვანო მერაბიშვილმა იცის - ირაკლი ოქრუაშვილი ის კაცი არ არის, რამე აპატიოს. მერაბიშვილმა ისიც იცის, ოქრუაშვილის სამიზნეში ხერხემალს არცთუ უკანასკნელი ადგილი რომ უკავია. და ისიც იცის, ყოფილი შს მინისტრი მოქმედ შს მინისტრს ხერხემალში გადატეხვით რომ დაემუქრა. მერაბიშვილმა ეს იცის! ამიტომაა, რომ გამალებით ეძებს და, არც ისაა შემთხვევითი, რომ გორში, „ქართული პარტიის“ ოფისის ხელმძღვანელის დაკავებას სწორედ ოქრუაშვილის სახელს, და არა, ვთქვათ, აპრობირებულ ბრალდებას - ნარკოტიკს ან იარაღს - უკავშირებენ.
კახა ერგემლიძეს „ადმინისტრაციულად“ შეედავნენ და 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ეს - ოფიციალურად, არაოფიციალურად კი, ერგემლიძის ახლობლები აცხადებენ: „კახა იმდენად პატიოსანია, რომ ვერაფერი მოუძებნეს, ამიტომ მისი დაკავების ნაკლები შანსი ჰქონდათ. დაკავების მომენტი იმდენად სასაცილო იყო, რომ არც თავად დამკავებლებს სჯეროდათ. კახა მოდიოდა მანქანით, გააჩერეს და უთხრეს, დაკავებული ხარო. ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდება“.
არის ვერსია, რომ რამდენიმე ლიდერის გარდა ერგემლიძემაც იცოდა, რა გზით შემოდიოდა საქართველოში ოქრუაშვილი. როგორც ჩანს, მერაბიშვილი ფიქრობდა, რომ ოქრუაშვილის მარშრუტს ერგემლიძის დახმარებით გამოთვლიდა. მერაბიშვილი შეცდა, მაგრამ კახა ერგემლიძე უკვე დაკავებული ყავდათ და ისე უპრობლემოდ ვერ გაათავისუფლებდნენ, როგორც დაიჭირეს. ამის შემდეგ, ქართული პარტიის გორის ოფისის დაშლა გადაწყვიტეს, მაგრამ იქაური აქტივისტები უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი ხელმძღვანელი იყო. მერაბიშვილი გორის ოფისს შეეშვა და მთელი ძალები საზღვარისპირა ტერიტორიებზე გადაისროლა.
ქართულმა პოლიციამ ახალგორის საზღვარი 20 მაისიდან ჩაკეტა. პარიზი-ახალგორი ან პარიზი-ცხინვალი - ასეთი რეისი ჯერ არ არსებობს, ჯერჯერობით, არც მოსკოვი-ახალგორის მიმართულებით დაფრინავს თვითმფრინავი. მაშინ, რატომ ჩაიკეტა ახალგორის საზღვარი და ისიც, განსაზღვრულ დრომდე, როგორც უტიაშვილი აცხადებს - 26 მაისამდე? როგორც ჩანს, შს მინისტრი ჯერ კიდევ ფიქრობს რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჯერ არ იქნება ჩამოსული!
მერაბიშვილი ეძებს, ოქრუაშვილი კი სატელეფონო ჩართვებს აკეთებს და იმდენად სუფთა ჩანაწერები ქვეყნდება, ეჭვი იმისა, რომ ოქრუაშვილი საქართელოშია ფერმკრთალდება. და თუ ვანო უსმენს ყველას და ადგენს, ვინ რომელი ანძის მიმდებარე ტერიტორიიდან ლაპარაკობს, რატომ არ შეიძლება დადგინდეს, საიდან ჩაერთო „მაესტროს“ ეთერში ყოფილი კოლეგა? აქ არის ერთი ვერსია და - არც თუ ისე უსაფუძვლო, ან პრიმიტიული - ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთის მხარდაჭერით სარგებლობს.
ოფიციალურად გაჟღერებულ მხარდაჭერაზე მეტი იყო ოქრუაშვილის საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიაში გამოჩენა. პირველად მისი დევნილობის პერიოდში საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ოქრუაშვილს მხარი ღიად დაუჭირა და მთელი ერთი საათი დაუთმო. ირაკლო ოქრუაშვილი საფრანგეთიდანაც ღიად დაემუქრა „სააკაშვილის რეჟიმს“. საქართველოს ტელევიზიებმა ეს ფაქტი უხმაუროდ გაატარეს! როგორც ამბობენ, იმავე საღამოს სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი შეკრიბა. საუბრის დეტალები უცნობია, მაგრამ თემა ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი ძალიან ნერვიულობდა. ვინ-ვინ და, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა ევროპული ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია ვინმეს არასარეკლამო დროს უთმობს და ეთერში იწვევს.
აქ არის მეორე თემაც - ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ. აძლევს თუ არა ხელს ეს დაკავება მთავრობას? თუ გავიხსენებთ, რა რაოდენობის ხალხი გამოვიდა ქუჩაში ირაკლი ოქრუაშვილის პირველი დაკავების შემდეგ, მაშინ სააკაშვილს მტერი, ცოცხალი და ციხეში, არ აწყობს. ცხადია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თავის გადასარჩენად განმეორებით არ გამოვა ტელევიზიით და განმეორებით არ უარყოფს თავის ნათქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილს ისღა დარჩენია, ოქრუაშვილი თავიდან მოიშოროს. არ არის ადამიანი - არ არსებობს პრობლემა!
კულუარული ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად ოქრუაშვილი სწორედ მისი „გასაღების“ ფაქტს განიხილავს და არც ისა არის გასაკვირი, რომ მისი რამდენიმე თანაპარტიელი აცხადებს: „ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ან წავალთ ციხეში“. ოქრუაშვილისათვის ციხე ბაირამობა არაა! და არა იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ერთხელ მოინანიოს.
სხვათა შორის, პირველი მონანიებაც არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ოქრუაშვილის ოჯახის მიმართ გამოვლენილს დესპოტიზმს უკავშირდება. მაშინ ოქრუაშვილს ის ადამიანებიც კი განუდგნენ, ვისთან ერთადადც ოქრუაშვილმა ფეხი აიდგა. ოქრუაშვილი იძულებული გახდა, როგორმე თავი დაეხსნა - მისატანი 10 მილიონი მისმა მეგობრებმა მიიტანეს. ოქრუაშვილი გადარჩა.
რა მოხდება ახლა? ოქრუაშვილი საფრანგეთმა შეიფარა. საქართველოს საზღვრების გადმოლახვა სტატუსის დაკარგვის ტოლფასია. როგორც ჩანს, მას რაღაც სხვა გარანტიებიც აქვს და ეს გარანტიები ისევ საფრანგეთშია მოსაძიებელი. როგორც ამბობენ, სწორედ ამ გარანტიებით ზურგგამაგრებული გამოჩნდება 25 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი ავლაბარში.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ ოქრუაშვილი უკვე საქართველოშია. ამ წერილის კვალდაკვალ, პრესაგე.ტვ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ქართული პარტიის თავმჯდომარესთან, სოზარ სუბართან. დასკვნები თავად გააკეთეთ.