„25 მაისს სააკაშვილი გადადგება“

„25 მაისს სააკაშვილი გადადგება“

პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში პიკს აღწევს. სახალხო კრების ბოლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქცია 25 მაისს, 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს. ე.წ. რადიკალური ოპოზიცია  ხელისუფლებასა და მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ „აღლუმს მთავარსარდალი ვერ ჩაიბარებს“. ნინო ბურჯანაძე პირდაპირ აცხადებს, „25 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გადადგება“.

"მე ვთქვი, რომ უღირსი მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე ფორთხავდა გორში, აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებს; სახალხო კრება ყველაფერს გააკეთებს ამისთვის", – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი. მისი თქმით, ამ დღეს კრება ელოდება დიდი რაოდენობით ადამიანს – ქუდზე კაცს, რომელთა მოქმედებაც იქნება გადამწყვეტი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში:

"ჩვენი მოქმედებები იქნება კონსტიტუციური, ჩვენი რაოდენობა კი ის ძალა, რომელიც მთელს მსოფლიოს დაანახებს, რომ ქართველები დემოკრატიული ქვეყნისთვის იბრძვიან".

ნინო ბურჯანაძის თქმით, „25 მაისი იქნება გადამწყვეტი დღე და სწორედ ამ დღეს დასრულდება სააკაშვილის რეჟიმი“. როგორც მან აღნიშნა, 25 მაისის 12:00 საათამდე აქციის კერა შენარჩუნდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხვალ, 14:00 საათზე კი ჩატარდება საინფორმაციო მიტინგი.

ამავე დროს, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართულმა ჯარმა "საჭიროების შემთხვევაში" ქართველ ხალხზე ხელის აღმართვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მათ სანდო და სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით მიაწოდეს.

"ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი დედების, მამების, დების და ძმების წინააღმდეგ უკანონო ბრძანების შემთხვევაში ხელს არ აღმართავდნენ.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ჯარი იმოქმედებს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში. ჩვენ ნელ-ნელა მივაღწევთ იმასაც, რომ აღვადგენთ ჩვენი ერის შელახულ ღირსებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. ჩვენ მოვიპოვეთ, ასევე, პირველი არხის ეთერი, რაც ხალხის დამსახურებაა.

ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვებები მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ უკანონო ბრძანებით "ზონდერბრიგადებმა" და პოლიციელებმა დაგვარბიეს", - მიმართა საზოგადოებას ნინო ბურჯანაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას.

თავის გადაწყვეტილებაში კორექტივების შეტანას არც ხელისუფლება აპირებს. 26 მაისისთვის სამხედრო აღლუმის გამართვის გეგმის შეუცვლელობას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ადასტურებს.  

პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებისას მან საზოგადოებასა და კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა და იქვე აღნიშნა, რომ ამ დღის მილოცვის შესაძლებლობა 26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზეც ექნება, მათ შორის - სამხედრო აღლუმზე. 

აღლუმი კი ტრადიციულ ადგილას, რუსთაველის გამზირზე ტარდება. შეიარაღებულმა ძალებმა საჭირო რეპეტიაცია რამდენიმე დღის წინ უკვე გაიარეს.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოკა გაბაშვილის მტკიცებით, 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმი აუცილებლად ჩატარდება. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 26 მაისს აღლუმიც ჩატარდება, დილაც გათენდება, ყველაფერი ჩვეულებრივად და წყნარად იქნება:

"ზოგს ჰგონია, რომ აღლუმი მხოლოდ მოსკოვში უნდა იმართებოდეს და პუტინის გვერდში იდგეს პაკლონნაია გარაზე და თავს ხრიდეს. ქართული საზოგადოება კი ასე არ ფიქრობს".

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ 25 მაისს საქართველოში დაბრუნდება, გაბაშვილს ნაკლებად აინტერესებს, თუ სად არის ახლა ირაკლი ოქრუაშვილი, რას ამბობს და რა გეგმები აქვს.

მან აღნიშნა, რომ ზუსტად იცის, რომ ასეთი ტიპის "წარსულს ჩაბარებულ პოლიტიკოსებს", რომლებსაც თავისი თავის რეაბილიტაციის სურვილი აქვთ მოსკოვის საშუალებით, საქართველოში დიდი ბედი არ უწერიათ.

"მას ქართული საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა აქვს", - დასძინა გოკა გაბაშვილმა.

ამ ფონზე, "ეროვნული საბჭოს " ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ფეთქებადსაშიშს უწოდებს და ვითარებიდან გამოსავალს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების გადაწყვეტილებაში ხედავს.

როგორც ძიძიგურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლებამ ოპოზიციას, მათ შორის რადიკალურს, კონსულტაციები უნდა შესთავაზოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით:

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი დაანებოს ცინიზმს, ადამიანების დაპატიმრებებს, რითაც უფრო ამწვავებს სიტუაციას და ჩაატაროს ისეთი არჩევნები, სადაც ბურჯანაძეც მიიღებს მონაწილეობას და ოქრუაშვილიც".

ძიძიგური არ გამორიცხავს, რომ არსებული ვითარება სისხლისღვრამდეც მივიდეს, რასაც, წარსულის გათვალიწინებით, მრავალწლიან სისხლიანი დაპირისპირებებიც მოჰყვეს.

იგი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესებში, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთიც ჩაერევა.

ძიძიგური ასევე გამოეხმაურა "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნების განცხადებები ოქრუაშვილისგან ბევრჯერ მოუსმენია, მაგრამ მსგავსი – არა:

" ყველა ხიდი რომ დაეწვას, ასეთი განცხადება პირველად მოვისმინე".

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, "საკუთარი ლეგიტიმაციის ხარისხის ასამაღლებლად ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნების შესრულება უნდა დაიწყოს".

 როგორც ხმალაძემ "პირWელს" მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განუცხადა, "ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფა უკმაყოფილებას და დაპირისპირების ხარისხს ზრდის".

ამასთან, ხმალაძე საპროტესტო აქციების მსვლელობისას ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს:

"როგორც ადრე, ხელისუფლების მხრიდან იყო დარღვევები, კერძოდ, თავდასმები აქტივისტებზე და აშკარა პროვოკაციები. პროვოკაციულია ის, რომ დაკავებებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ფორმები არ ეცვათ. კიდევ ერთი დარღვევა არაპროპორციული ძალის, კერძოდ, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას შეეხებოდა. თავად აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმა და შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა მეორეს მხრივ, ჟურნალისტებმაც პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ყველა ეთიკის ფარგლებში უნდა მოიქცეს".

რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებას, ვახტანგ ხმალაძეს პროგნოზის გაკეთება უჭირს და აცხადებს, რომ "იმდენი შესაძლო ვერსია არსებობს, რომ ჩამოთვლას აზრი არ აქვს".

მისივე შეფასებით, "თუ "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მართლაც ჩამოვა და ხელისუფლება მის დაკავებას აქციის დარბევის მოტივად გამოიყენებს, ეს კანონგარეშე იქნება":

"როდესაც ერთი ადამიანის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია ტარდება, ამან სხვა ადამიანის უფლებების შელახვა არ უნდა გამოიწვიოს".

შემქნილ ვითარებაში გამოსავლად კონსტიტუციონალისტი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მოქალაქეების და არა მარტო ქუჩაში შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნების შესრულებას მიიჩნევს.

"ხელისუფლებისადმი არაერთი კანონიერი მოთხოვნა იყო წაყენებული, თუნდაც ბოლო მაგალითი - საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხი, მაგრამ ხელისუფლება დუმს და ამას არ ითვალისწინებს. ეს კი დაპირისპირების ხარისხს ზრდის. აღშფოთებულები არიან ის ადამიანებიც, ვინც სახლებში სხედან და აქციებს არ უერთდებიან. როცა სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, დაპირისპირების ფორმები მკვეთრში გადადის, რაც კარგი არავისთვისაა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხი არამარტო არჩევნების შედეგებით დგინდება, არამედ იმით, შემდეგ ხელისუფლება საკუთარი ხალხის მოთხოვნებს და ინტერესებს რამდენად ასრულებს. როცა იგი საზოგადოების ინტერესებს არ ითვალისწინებს, ლეგიტიმაციის ხარიხსი ეცემა და დღეს სწორედ ასეთი სიტუაციაა, რაც შეიძლება, ლეგიტიმაციის ხარიხსის ამაღლებით, თუნდაც საარჩვენო გარემოს საკითხზე დათმომებზე წასვლით გამოსწორდეს", - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ "თუ ეს სიტუაციას არ განმუხტავს, დაძაბულობის ხარისხს ნამდვილად შეამცირებს".