21 მაისს, თბილისის პარალელურად, სახალხო კრების აქცია ბათუმში, ერას მოედანზეც დაიწყო. თემურ შაშიაშვილის, ელიზბარ ჯაველიძისა და რესპუბლიკური პარტიიდან სახალხო კრებაში გადაბარგებული მურმან დუმბაძის ლიდერობით, დაახლოებით 5 ათასამდე მომიტინგემ მოიყარა თავი. ისევე, როგორც თბილისში, ბათუმშიც, ხალხი აჭარის ტელევიზიის შენობისკენ დაძრეს და საეთერო დრო მოითხოვეს. პირველი შეტაკება 21-შივე მოხდა და ვარშალომიძის ბრძანებით, მომიტინგეები სპეცრაზმმა დაარბია. პირველი ინციდენტის შემდეგ, ხალხის რაოდენობა, თითქმის განახევრდა და 2000-მდე კაცი ამჯერად უკვე ამინდმა გაწირა და თავსხმა წვიმაში მოუწია სააკაშვილის რეჟიმთან “ბრძოლა”. თუმცა, მეორე სპეცოპერაცია უკვე გვიან ღამით ჩატარდა. “ვერსიის” ინფორმაციით, დარბეულია სახალხო კრების ოფისი, ნაცემი და დაკავებულია აქციის მონაწილე ათეულობით ადამიანი. ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას თემურ შაშიაშვილი გვაწვდის:
- ამ წუთას ჩემთან ერთად 300-350 ადამიანია. ისინი დილიდანვე შეიკრიბნენ სახალხო კრების ოფისთან. მიუხედავად იმისა, რაც აქ 21 მაისს ჩაიდინა ხელისუფლებამ, როგორც დააშინა ხალხი, ადამიანები ვაჟკაცურად დგანან და იცავენ თავის პოზიციას. 21 მაისი, იყო ბათუმიდან ტონისმიმცემი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ, დავიწყეთ აქცია ზუსტად 3 საათზე. როგორც მინიმუმ, 5 ათასი კაცი იყო აქ. სახელისუფლებო ტელევიზიებმაც კი ვერ დამალეს ეს და გადმოსცეს, 2000-ზე მეტი კაცი შეიკრიბა ბათუმშიო. არადა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, 50 კაციც არ მივა აქციაზეო. ფაქტია - მოვიდა 10-ჯერ 50 კაცი. ამისათვის აჭარას, გურიას... ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო, დიდი მადლობა! მათ მთელ საქართველოს მისცეს ბრძოლის მაგალითი.
ბათუმში აქციის დარბევის მიზეზი რა გახდა?
- დარბევის მიზეზი აქციაზე მოსული ადამიანების ის რაოდენობა იყო, რომელსაც არ ელოდნენ. მათ ეგონათ, რომ თბილისში იქნებოდა დიდი აქცია, მაგრამ ვერც კი წარმოედგინათ, რომ იგივე მოხდებოდა აქაც. ამ ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში გამოვიდეს ქუჩაში ბევრი ხალხი... ბათუმმა შემოჰკრა დიდი ზარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან საშიშია მთელი ხელისუფლებისთვის. მით უფრო, 21 მაისის მიტინგზე, ჩვენ დავარიგეთ სურათები, რას ფლობს ხელისუფლება აჭარაში. გაოცებული ვარ, როგორ მელაპარაკებიან აჭარლები. მე მათ დავანახე სასტუმრო, რომელიც აშენებულია პრეზიდენტის დედის მეგობარი თურქის მიერ. იმ ქუჩას, რომელზეც ეს სასტუმრო მდებარეობს, ცოცხალი თურქის სახელი ჰქვია. ხალხმაც დამიდასტურა, რომ არ არსებობს აჭარაში რაიმე ბიზნესი, სასახლე, რომელიც არ არის დაკავშირებული სააკაშვილის კლანთან, ამიტომაც ვთქვით, რომ აჭარა უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილის მაფიოზური კლანისგან. ცხადია, ხელისუფლება ამან ძალიან გააღიზიანა.
იქნებ, დარბევის დეტალებიც გვიამბოთ!
- 21 მაისს, ქუჩაში ღამის 1 საათამდე, თავსხმა წვიმაში ვიდექით. ბოლოს დავრჩით, დაახლოებით, 500-მდე კაცი. აშკარად დავაფიქსირეთ, რომ გვაქცევდნენ ალყაში და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველანი ოფისში წავსულიყავით. მოვედით და უცებ, ქუჩაში შემოვარდნენ მანქანები. ან რა მანქანები აქვთ ნაყიდი საქართველოს მოსახლეობის ფულით! მოკლედ, რომ იტყვიან, მოშავდნენ მანქანებით, გადაკეტეს მთელი ქუჩა. დაახლოებით 100 ნიღბიანი დადგა ქუჩაში. 50 ნიღბიანი აიჭრა ოფისში. ჩვენ უშიშრად შევედით ოფისში. იქ 100-მდე კაცი იატაკზე დაწვენილი დაგვხვდა. საშინლად ექცეოდნენ. ჩვენ ვუთხარით, რომ სიკვდილის ფასადაც კი, არ დავწვებოდით. 1 საათის განმავლობაში რაღაც საშინელი დარბევა მოახდინეს. არცერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმში არ მინახავს ასეთი რამ.
ამათ იკადრეს ის, რაც 1956 წელს არ იკადრა ბოლშევიკურმა პოლიციამ, რაც არ იკადრა ქართულმა პოლიციამ 1989 წლის 9 აპრილს - ამათ ესროლეს საკუთარ ხალხს.
ანუ, ცეცხლიც გაგიხსნეს?
- დიახ, სროლაც მოხდა აქ, მაგრამ ხალხი იდგა უშიშრად. ძირითადად, დასდევდნენ შეფიცულებს. მათი გვარები ჰქონდათ ჩამოწერილი. სხვათა შორის, სია დარჩათ ჩვენთან, სადაც “შეფიცულების” გვარები ეწერა. ანუ, ტყუის ვანო მერაბიშვილი, როცა ამბობს, სერიოზულად არ ვუყურებთ სახალხო კრებასო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეშფოთებულები არიან. ვიღაცამ ისიც მითხრა, 21 მაისს, ვანო მერაბიშვილიც კი იყო ბათუმში ჩამოსულიო. შუახევის და სხვა სოფლებიდან, დილის 6 საათამდე მირეკავდნენ, სახლებში გვაკითხავენ, გვიკაკუნებენ და რა ვქნათო. გესმით, რა იყო ეს? კაცი მირეკავს და მეუბნება, მიკაკუნებენ კარზე, რა ვქნაო. თან ემუქრებოდნენ, თუ არ გააღებთ, შემოგიმტვრევთ კარსო. შეუნგრიეს ხალხს კარი სახლებში და წაიყვანეს. ასე დააპატიმრეს ადამიანები. მოხდა კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტი: აქციიდან შინ მიმავალი პედაგოგი ქალბატონი, დარეჯან წულუკიძე, მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. დაემუქრნენ კიდეც, აქციებს კიდევ თუ გაეკარები, ოჯახს აგიოხრებთო. აი, ეს არის სააკაშვილის საქართველო.
ახლა რას აპირებთ?
- ქუჩაში ვიმოძრავებთ. ფარ-ხმალს არ დავყრით. არ შევშინდებით. დღეს დაპატიმრებულია ყველა ადამიანი, ვინც აქ ხელმძღვანელობდა პროცესებს. ელიზბარ ჯაველიძესთან და გურამ ფირცხალავასთან დათათბირების შემდეგ, გადაწყდა და ყველა დამეთანხმა, რომ რადგან იჭერენ ხელმძღვანელებს, შევხვდები აჭარასა და გურიაში კოორდინაციის შტაბის ხელმძღვანელს. სასამართლოს შენობასთანაც გავაპროტესტებთ ამ ადამიანების დაპატიმრების ფაქტს. ხოლო ხვალ იქნება თუ ზეგ, დიდი კოლონით დავიძრებით თბილისისკენ. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს - ჩვენთან ერთად გაიარეთ ეს გზა. ნახეთ, რომ მოვდივართ მშვიდობიანად, ვაჟკაცურად, შიშველი ხელებით... ჩვენ არ გავჩერდებით.
გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება! თუ ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, პოლიტიკოსები, დავდგებით ერთად, 26 მაისს საქართველო შეხვდება სააკაშვილის გარეშე. მიწაზემფორთხავი მთავარსარდალი არ ჩაიბარებს აღლუმს და ეს იქნება ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება.