ჩაერთვებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებში?

ჩაერთვებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებში?

21 მაისს სახალხო კრების მიერ დაწყებული საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გრძელდება. მოვლენები კი საზოგადოებისთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა _ მიუხედავად იმისა, რომ აქციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “სახალხო კრების” ლიდერები “ქართული პარტიის” შეთავაზებებს გაერთიანების შესახებ ცივი უარით პასუხობდნენ, 22 მაისს, ლევან გაჩეჩილაძე გია გაჩეჩილაძესთან, კოკა გუნცაძესთან და ბიძინა გეგიძესთან ერთად, აქციაზე მივიდა და ნინო ბურჯანაძეს შერიგების ხელი გაუწოდა.

 

მოგვიანებით, სახალხო კრების აქციას ქართული პარტია და მისი ლიდერები სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილიც შეუერთდნენ. “მაესტროს” პირდაპირ ეთერში კი ირაკლი ოქრუაშვილი დაგვპირდა, რომ 25 მაისს საქართველოში ჩამოვა და ხალხთან ერთად სააკაშვილის ხელისუფლებას დაასრულებს. პოლიტიკური ბრძოლა დიდი ოპოზიციური გაერთიანებისკენ მიდის. რას ფიქრობს პოლიტიკური სპექტრი - როგორ აფასებს მიმდინარე მოვლენებს, შეუერთდება თუ არა სახალხო კრებასა და “ქართულ პარტიას”? რას ფიქრობს ირაკლი  ოქრუაშვილის განცხადებაზე და როგორ დასრულდება 21 მაისს დაწყებული აქციები?

 

კობა დავითაშვილი, “ეროვნული საბჭოსერთ-ერთი ლიდერი: ინციდენტის დროს, რომელიც 22 მაისს, დილით, ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე მოხდა, ორივე მხარეს პოლიცია იდგა. უფორმო პოლიციელებმა სიტუაციის დაძაბვის მიზნით, უფორმო, მანქანაში მსხდომ პოლიციელებს ხელკეტები დაუშინეს. როცა ხელისუფლება ნამდვილად გაბედავს ხალხის დარბევას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავდგებით ჩვენი მოქალაქეების გვერდით.

 

რაც შეეხება, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, მსგავსი განცხადებები მან ხშირად გააკეთა, თუმცა ვერც ერთხელ მოუახლოვდა საქართველოს საზღვრებს. როგორი ფინალი ექნება ამ აქციებს და შეძლებს თუ არა ბურჯანაძე-ოქრუაშვილის ტანდემი სააკაშვილის გადაყენებას, მოგეხსენებათ, ვანგა არ ვარ და, შესაბამისად, წინასწარ ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.   

 

მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი: ჩვენი პარტია მიიჩნევს, რომ პროცესებში, რომელმაც სტარტი აიღო, პასუხისმგებელი დღევანდელი ხელისუფლებაა. მთავარი პრობლემა, რაც დღეს დგას, აქციების ძალადობრივი განვითარებაა, რისი საშიშროებაც საკმაოდ რეალურია. მართალია, ჩვენი პარტია პატივს სცემს რადიკალურად განწყობილ ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა რევოლუციის გზას, რომელმაც სახელმწიფო, შესაძლოა, მიიყვანოს კატასტროფულ შედეგამდე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ. ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ.

 

რაც შეეხება “ქართული პარტიისა” და სახალხო კრების გაერთიანებას, თანხვედრი პოზიციების მქონე პარტიების გაერთიანებას დადებითად ვაფასებ. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენი პარტიისთვის არ არის მათ მიერ არჩეული გზა მისაღები. ირაკლი ოქრუაშვილმა თუ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, ყვავილებით ხელში შევხვდები-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ვფიქრობ, მისი  დაბრუნება საქართველოში იქნება კატალიზატორი იმ მოვლენებისა, რაც ახლა ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რევოლუცია მხოლოდ ნეგატივის მომტანია სახელმწიფოსთვის, ამიტომ ყველასგან უფრო გამართლებული ნაბიჯი იქნება თუ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე ერთად ვიზრუნებთ.

 

დავით დარჩიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს პარლამენტის წევრი: სახალხო კრებისა და ქართული პარტიის ინტერესები და მოსაზრებები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს, უბრალოდ, აქამდე ისინი ცალ-ცალკე იბრძოდნენ ადგილის დასაკავებლად. დარწმუნებული ვარ, მათი გაერთიანება მოჩვენებითია და ფარულად ისევ ცდილობენ ერთმანეთს სკამის დაკავება დაასწრონ. ორივე მათგანი იმართება რუსეთისა და სხვადასხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციებისგან, რომელთა ინტერესებში არ შედის  საქართველოს განვითარება. ამისთვის იყენებენ უდანაშაულო ხალხს, რომელიც სიტუაციას სწორად ვერ აფასებს. რუსეთის მიერ დაგეგმილ გადატრიალებაში ოქრუაშვილი შეგნებულად მონაწილეობს, მაგრამ პროცესები გვარწმუნებს, რომ მათთვის სასარგებლო შედეგებით ვერ დასრულდება.

 

ზაზა გაბუნია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა: დღეს ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ვითარება საკმაოდ ფეთქებადსაშიშია. ნებისმიერმა არარაციონალურმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სიტუაციის დაძაბვა და გართულება გამოიწვიოს. ჩვენი პარტია გმობს ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს და მოვუწოდებთ სამართალდამცავებს უზრუნველყონ მანიფესტანტების უსაფრთხოება. ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლაზე შსს-მ გააკეთა განცხადება, ამიტომ ვარაუდების დონეზე ვერ ვისაუბრებთ. ქართული პარტიისა და სახალხო კრების გაერთიანება კი საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია.

 

ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები, სპეციალური განცხადება: პარტია გმობს, ხელისუფლების მხრიდან ძალადობას და სტაბილურობის სახელით სამოქალაქო უფლებების ხელყოფას. მოვითხოვთ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავება, აქციის მონაწილეთა გატაცება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები. ყოველგვარი პროვოკაციისა და შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი დემოკრატები მოვითხოვთ, აეკრძალოს პოლიციას აქციის პერიმეტრზე სამოქალაქო ტანსაცმელში და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ყოფნა და გადაადგილება”.

 

რესპუბლიკური პარტია, საგანგებო მიმართვა: საქართველოს ხელისუფლება რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით, კვლავ ხელს უწყობს მოვლენათა ესკალაციას. აშკარაა, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულმა ხელისუფლებამ სახალხო კრების აქციები უკვე მიიჩნია წარუმატებლად და თავისი მიზნების მისაღწევად ცდილობს, პროცესში სხვა ოპოზიციური ძალების ჩათრევასაც. მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ძალებს, არ აჰყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას და არ ჩაერთონ ძალადობის ესკალაციაში, რაც ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით დასრულდება.

 

მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს “ეროვნული ფორუმი”. “ვერსიასთან” საუბრისას პარტიის დაგეგმარების ბიუროს ხელმძღვანელმა ანი მიროტაძემ აღნიშნა, რომ “ეროვნული ფორუმი” გმობს ძალადობას, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა აქციის მონაწილეების მიმართ, თუმცა, ამ ეტაპზე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავს იკავებს.