თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ. ჩატაევის კვალზე საუბრობს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკლ მაკოლმი.
„ის სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ნომერ პირველი მტერია. სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და „ისლამური სახელმწიფოს“ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებისთვის იყო პასუხისმგებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა“, - განაცხადა მაიკლ მაკოლმა.
ჩატაევი არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში და ბოლოს უკრაინაში. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩარევის შედეგად უკრაინის ხელისუფლებამ ჩატაევი საქართველოს გადასცა. ჩატაევი თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. 2015 წელს კი ის სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა. გაეროს ინფორმაციის თანახმად, ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან და გიორგი ლორთქიფანიძისგან იღებდა დავალებებს.
„მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს. ის მუშაობდა სააკაშვილზე. დღეს ბატონი ლორთქიფანიძე საუბრობს, რომ ჩატაევი გამოიყენეს როგორც შუამავალი ლაფანყურის სპეცოპერაციაში. როგორც თავად ამბობს, ადამიანს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უცებ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლად იყენებენ, რა საფუძველი უნდა ჰქონდეს ამას? საფუძველი ის იყო, რომ ჩატაევი აგენტი იყო და მათ მიიყვანეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოსალაპარაკებლად.
შემდგომ, როგორც აღმოჩნდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მთელი ის საქმე, რაც ძალიან ბნელით არის მოსილი, ჩაუვარდათ და თავად ჩვენმა სპეცსამსახურებმა ესროლეს ჩატაევს“, - აცხადებს სესიაშვილი.
მისივე თქმით, სავარაუდოდ მაშინ ჩატაევის ლიკვიდაცია უნდოდათ, რადგან ძალიან ბევრი რამე იცოდა, თუმცა ჩატავევი გადარჩა.
„ფეხში იყო დაჭრილი და როგორც გია ლორთქიფანიძე ამბობს, ორ დღეში კი არ გამოვიდა ტყიდან, არამედ 9 დღეში გამოვიდა. კი არ გამოვიდა მოხოხავდა, რადგან ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული და საერთოდ ვერ მოძრაობდა. ჩატაევი ტყიდან რომ გამოვიდა, მესაზღვრეებს ჩაბარდა, რადგან როგორც ყოფილ აგენტს იმედი ჰქონდა, რომ მას „ხელმძღვანელობა“ ანგარიშს გაუწევდა. ის საკუთარ სახელსა და გვარს ასახელებს მხოლოდ სამედიცინო პუნქტზე, ანუ მესაზღვრეებმა გადაიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში. ამის შემდგომ მას უყენებენ ბრალს, უდებენ ორ „ლიმონკას“, ეს დასტურდება კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებით“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ჩატაევთან კავშირს უარყოფენს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. სერგო რატიანი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ციხიდან არა ერთი ჯაშუში და ტერორისტი გაათავისუფლა, რომლებიც დღეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მოქმედებენ.
„ისევ შეთქმულების თეორიები და უტიფარი ცილისწამება, რომელიც გრძელდება უკვე მესამე წელიწადია. ფაქტები მეტყველებს ძალიან მარტივ რამეზე, რომ ხელისუფლება მოსვლისთანავე დაკავებული იყო იმით, რომ გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები და ტერორისტები, მათ შორის ჩატაევი დაკავებული იყო, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ისინი გაათავისუფლა არა როგორც ჰუმანური აქტით, არამედ გამოაცხადა ისინი გმირებად. დღეს ეს გმირები მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, - აცხადებს სერგო რატიანი.
ჩატაევისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირზე საუბრობს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი, რომლის განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გია ლორთქიფანიძის მფარველობით მოხდა ჩატაევის გათავისუფლება უკრაინაში და საქართველოში ჩამოყვანა.
„მაშინდელ ხელისუფლებას ჩამოჰყავდა მოჯაჰიდები, რომლებსაც სპეციალური წვრთნები უტარდებოდათ და სწორედ ამის შედეგიც იყო ლაფანყურის სპეცოპერაცია. დღეს კი ლორთქიფანიძე და სააკაშვილი ბედავენ და ამ ხელისუფლებას აბრალებენ იმას, რომ თითქოს ტერორისტი გაუშვეს ციხიდან, როცა თვითონ მფარველოდნენ ჩატაევს და თვითონ ჩართეს ლაფანყურის მოლაპარაკებებში. იცით, რომ ჩატაევი არ წამოვიდა ლაფანყურიდან, რადგან დარჩენილებს ეჭვი არ აეღოთ მასზე და მას არ დაბრალებოდა ღალატი, რაც ჩვენი ადათ-წესით, ძალიან მძიმეა. ამიტომ, მოლაპარაკეკებზე წასული ჩატაევი დარჩა მებრძოლებთან. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ სამი ქართველი დაიღუპა, იყო ვერსია, რომ ძალოვანებმა ლაფანყურის ოპერაციის არც ერთი მოწმე არ დატოვეს ცოცხალი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშივილი.
ლაფანყურის საქმის გამოძიების ფარგლებში შექმილი ჯგუფის წევრი იყო ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, 2012 წლიდან ჩატაევი ქართული სპეცსამსახურებისთვის ერთ-ერთი ინტერესის მქონე პირი იყო და სწორედ ძალოვანების შეთავაზებით პირველად სწორედ ლაფანყურში გამოჩნდა იმ მიზნით, რომ მშვიდობიანი გზით დასრულებულიყო დაპირისპირება და, რომ სისხლის არ დაღვრილიყო.
„ფაქტია, რომ სისხლიც დაიღვრა და ძლოვანების ნდობით აღჭურვილი ჩატაევიც მძიმედ დაიჭრა. დასტური იმისა, რომ ჩატაევი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჩვენი ძალოვნებისთვის, გახლავთ ის, რომ სწორედ მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ პირადად ჩააცილა ჩატაევი ავსტრიაში, რითაც შემდეგ პანკისში ტრაბახობდა კიდეც.
კითხვა - თუ რატომ იყო ნაციონალებისთვის ჩატაევი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ამ კითხვას პასუხს გასცემს ლაფანყურის ტრაგედიის საქმის გამოძიება. კერძოდ, რატომ შედიოდა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში, რომ 2011 წლის თებერვლიდან დაწყებული ჩვენი ქვეყნის კონტრდაზვერვას ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები მოეწვია საქართველოში, რომლებსაც პირდებოდნენ დაბინავებას, შეიარაღებას, წვრთნებს და შემდგომ ჩრდილო კავკასიისკენ გადასვლას - რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში ყოველივე ეს? ამას სჭირდება გამოძიება, თუმცა, ლაფანყურის თემის ირგვლივ ყველანაირი გამოძიება შეჩერებულია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.