ნობელის პრემიის 100–ზე მეტი ლაურეატი გენმოდიფიცირებული პროდუქციის დასაცავად გაერთიანდა

ნობელის პრემიის 100–ზე მეტი ლაურეატი გენმოდიფიცირებული პროდუქციის დასაცავად გაერთიანდა

ნობელის პრემიის ასზე მეტმა ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც საერთაშორისო ეკოლოგიურ ორგანიზაცია „გრინპისს“ მოუწოდებს, შეწყვიტოს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო–ს) საწინააღმდეგო კამპანია.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ „გრინპისმა“და მისმა მომხრეებმა გაიაზრონ მთელი მსოფლიოს ფერმერებისა და მომხმარებელთა გამოცდილება, რომლის თანახმადაც, მოსავალი და სურსათის ხარისხი გაუმჯობესდა ბიოტექნოლოგიების წყალობით; აღიარონ ავტორიტეტული სამეცნიერო და მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნები და შეწყვიტონ კამპანია გმო–ს წინააღმდეგ ზოგადად და კერძოდ „ოქროს ბრინჯის“ წინააღმდეგ“, – ნათქვამია ღია წერილში. 

წერილის ავტორები, ასევე, მოუწოდებენ მსოფლიოს მთავრობებს, ხელი შეუშალონ „გრინპისს“ „ოქროს ბრინჯისა“ და იმ კულტურების საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში, რომლებიც ბიოტექნოლოგიების წყალობით გაუმჯობესდა, ასევე, ფერმერებს მისცენ წვდომა თანამედროვე ბიოლოგიის ინსტრუმენტებზე, განსაკუთრებით კი გენეტიკურად მოდიფიცირებულ თესლზე.

მეცნიერთა განცხადებით, არ შეიძლება ემოციებსა და დოგმებზე დაფუძნებული პოზიციებიდან მოქმედება, თუკი ეს ქმედებები ეწინააღმდეგება მეცნიერულ მონაცემებს.

წერილში ხაზგასმულია, რომ ბიოტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს პლანეტის ღარიბი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას და ამისთვის ხელის შეშლა „ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ ტოლფასია.

მათივე მტკიცებით, „ოქროს ბრინჯი“ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ბრინჯის სახეობა და ამ სახეობის მასობრივი გავრცელება ვიტამინ „ა“–ს დეფიციტის შედეგების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, რომ „იუნისეფის“ მონაცემებით, სწორედ აღნიშნული ვიტამინის დეფიციტია ყოველწიურად 1–დან 2 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი მთელ მსოფლიოში. 

რაც შეეხება ორგანიზაცია „გრინპისს“, აქ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უსაფრთხოდ არ მიიჩნევენ. ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე სათანადოდ შესწავლილი არ არის და ამან შესაძლოა, ალერგიული რეაქციები, მოწამვლა და მუტაცია გამოიწვიოს.

ამის საპირისპიროდ, ორიოდე თვის წინ გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერების განცხადება იმის შესახებ, თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქცია უსაფრთხოა. იმხანად აშშ-ის მედიცინის, ტექნიკისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიები სამეცინიერო ნაშრომებისა და პროფესიონალების გამოკითხვის შედეგად ასკვნიდნენ, რომ გენმოდიფიცირებული კულტურებისგან მიღებული პროდუქტები არათუ საზიანო არ იყო, არამედ ადამიანისთვის შესაძლოა სასარგებლოც ყოფილიყო.

რაც შეეხება საქართველოს, აქ გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები არსებობს. ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე გარემოში ინტროდუქციისათვის. ამასთან, 2015 წლის 1-ლი ივლისიდან შემოღებულია ეტიკეტირება, რაც გულისხმობს შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებას ნებისმიერ მსგავს პროდუქციაზე.

ჩვენ რამდენიმე თვის წინაც ვწერდით, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მწარმოებლები ცალკეულ მეცნიერებზე ზეგავლენის მოხდენას ფინანსური დაინტერესების საშუალებით ცდილობდნენ. ასევე, ამ კორპორაციების სამიზნეს შეადგენდნენ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე მაგალითად, არსებობს საარქივო მასალა, სადაც აღბეჭდილია, რომ ჯორჯ ბუში (უფროსი) „მონსანტოს“ ლაბორატორიებს სტუმრობს, „მონსანტოს“ ხელმძღვანელობა კი შესჩივის უფროს ჯორჯ ბუშს - სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნებართვის გაცემაზე უარი გვითხრა, მაგრამ იმედია, ტონს შეიცვლისო. თავის მხრივ, ბუშიც აღუთქვამს, თუ დაგჭირდეთ, დამირეკეთ, დარეგულირება ჩემი საქმეა, როგორმე დაგეხმარებითო.

დღესაც ჩნდება ეჭვი, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის დასაცავად გაერთიანებული ნობელის პრემიის 100–ზე მეტ ლაურეატს ფინანსური დაინტერესება ალაპარაკებს.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ნობელის პრემიის ასი ლაურეატის ერთობლივ პეტიციას მოჰყვება უფრო კომპეტენტური და გავლენიანი მეცნიერების მეორე ჯგუფის პეტიციაც, რომლებიც ობიექტურნი არიან გენმოდიფიცირებულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ვიღაცების ზეწოლის გარეშე იბრძვიან ადამიანების უსაფრთხოებისთვის, აგრარული სექტორის გადარჩენისთვის.

„როგორი მიმართვაც არ უნდა წერონ ნობელის პრემიის ლაურეატებმა გენმოდიფიცირებული პროდუქციის დასაცავად, მაინც გაეროს დონეზეა ეს საკითხი გადაწყვეტილი და აღიარებული. არსებობს გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენცია, რომელსაც 1996 წელს ჩვენც შევუერდით და ამას მოჰყვა გაეროს კარტახენას ოქმიც, რომელმაც აღიარა გენმოდიფიცირებული და ბიოტექნოლოგოებით მიღებული პროდუქტების მავნებლობა და სახელმწიფოებს უფლება მისცა, შეეზღუდათ, აეკრძალათ ეს პროდუქცია. სისულელეა, თითქოს პლანეტის ღარიბი მოსახლეობა გადარჩება ბიოტექნოლოგეობის დანერგვით. სინამდვილეში, ამ უმსხვილეს კორპორაციებს- „მონსანტოს“, „დიუპონს“, „ზენეკას“, „პიონერს“ ტრილიონობით დოლარის ბრუნვა აქვთ და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეცნიერთა გარკვეულ ნაწილზეც იმოქმედონ. თუმცა საზოგადოებას შევახსენებ, რომ „დიუპონის“ ტრანსნაციონალური კორპორაცია, ამავე დროს, ქიმიური გიგანტიცაა და მას მარტო გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, არამედ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას მოჰყვება სარეალიზაციო შხამ-ქიმიკატებიც. სწორედ ეს კორპორაციები იყვნენ, რომლებიც ზუსტად ამავე იდეოლოგიით, ამავე პიარით ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ გამოგონილი „დდტ“ (ქართულად დუსტს ეძახდნენ) გადაარჩენდა დედამიწას, რადგან შიმშილით იხოცებოდა ხალხი. ისინი გვარწმუნებდნენ, თითქოს ეს იყო მავნებლებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება. ამ დროს კი 1971 წელს იმ მდგომარეობამდე მივიდა მსოფლიო, რომ გაერომ აკრძალა „დდტ“-ს გამოყენება დედამიწაზე, რადგან მან ონკოლიგიური დაავადებები, ტრაგიკული შედეგები გამოიწვია. ამის მაგალითია შუა აზიის რესპუბლიკები, სადაც „დდტ“ ბამბაში გამოიყენებოდა, როგორც შხამ-ქიმიკატი, რაც მოსახლეობის გენოციდს ნიშნავდა“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე განმარტებით, ვიტამინ „ა“–ს დეფიციტის გამო ყოველწიურად 1–დან 2 მილიონამდე ადამიანის დაღუპვის მაჩვენებელს გენმოდიფიცირებული პროდუქცია ვერ შეამცირებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს მიაყიდონ საკუთარი წარმოების პროდუქცია, აჯობებს, ეს ხალხი „ა“ და „დე“ ვიტამინებით გაჯერებული ნორმალური კვებით უზრუნველყონ; გაჭირვებულ მოშიმშილე ადამიანებსა და ქვეყნებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში უნდა დაეხმარონ. სწორედ ეს უნდა იყოს მსოფლიოს სტრატეგია და ამას აკეთებს კიდეც გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.