სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ამ ბრალდებით სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. ყოფილმა მინისტრმა დაკავებისას განაცხადა, რომ ექიმის რეკომენდაციით, წოლითი რეჟიმში იმყოფება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა. იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ, ბურჭულაძე კახეთში, კვადროციკლიდან გადავარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, ექიმმა წოლითი რეჟიმი ურჩია. ამ მიზეზით, თავდაცვის ექსმინისტრის დაკავების კადრები საჯაროდ არ ვრცელდება.
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მთავრობაში ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყო, უწყებაში 2021 წელს მივიდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია საეჭვო ტენდერებში მონაწილეობაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე, რასაც ყოფილი მინისტრი ყოველთვის ირონიით პაუხობდა და კატეგორიულად გამორიცხავდა მის კავშირს კორუფციასთან.
მაინც, რას ედავება გამოძიება მას - ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და მისი ცოლის ძმის, ვასილ მხეიძისთვის გამორჩენის მისაღებად, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილე გიორგი ხაინდრავამ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლის ძმის, მხეიძის დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო.
ამის შედეგად, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი. ამასთან, მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას ვერ დაასაბუთებდა, ბურჭულაძემ ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, განახორციელა შემდეგი ქმედებები:
2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს, ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად, ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა;
ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. ხსენებული მეთოდებით, ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ1 593 212 ლარის უკანონო-დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჯუანშერ ბუჭულაძის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე აცხადებს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რასაც გამოძიება ექს-მინისტრს ედავება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სახლში, გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა. რამდენიმე დღეა, წოლითი რეჟიმი აქვს, ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანონ. რაც შეეხება ბრალს, სიმართლეს არ შეესაბამება. დამირეკეს, მოსულები არიან დასაკავებლადო. როდესაც მივედი, პროცედურები უკვე დაწყებული იყო. ვთვლით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს დიმიტრი ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ 28-29 ივლისს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე მოწმის სტატუსით გამოკითხა. გამოკითხვის შემდეგ, ბურჭულაძე გაუშვეს, თუმცა იმ დათქმით, რომ მას აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა. ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში, კორუფციის ბრალდებით დააკავეს~ ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და მისი ცოლის ძმა ვასილ მხეიძე.
როგორც for.ge-ს წყარო უყვება, ხმაურიანი დაკავებები ამით არ დასრულებულა. წყაროსვე ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი დაკავებები კვლავ გაგრძელდება.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ იქნება ბოლო საფეხური და ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს.
„იმიტომ, რომ თუ კორუფციის მიმართულებით მიდიან, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები - ტენდერები და გააჩნია, რა ტიპის ლობირება იყო. ერთ-ერთ ვერსიად შეგვიძლია დავუშვათ ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, სახეზე გვქონდა უკანონო ლობირება სხვადასხვა ტენდერებთან მიმართებაში და კიდევ ბევრი ასეთი რამ, რაზეც, იმედია, რომ სახელმწიფო არ დაიშურებს ენერგიას, რაც შეიძლება სიღრმისეულად გამოიძიონ ეს პროცესი.
თუმცა, მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღესაც მოქმედი, საკმაოდ ბევრი მაღალჩინოსანის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სპეცსამსახურებს განსაკუთრებული აქტიურება მართებთ, რომ კვლავ იგივე შეცდომები არ იქნას დაშვებული, რაც ამ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ხდებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილი.