ათათურქის აეროპორტთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. სტამბოლში ტერაქტის გამოძიების ფარგლებში საერთო ჯამში 24 ეჭვმიტანილია დაკავებული. პარალელურად, თურქეთის პოლიცია ჩრდილოკავკასიელებით დასახლებულ რაიონებში რეიდებს ატარებს. ბოლო მონაცემებით ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აქედან 19 უცხოელია.
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა ღამის საათებში მოხდა. თავდამსხმელები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტაქსით მივიდნენ. სამივე მათგანმა თავი აიფეთქა, თუმცა დეტონატორის ამოქმედებამდე პოლიციას აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ თურქეთში გახშირებული ტერორისტული აქტები ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დამძიმებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, აუცილებელია აფეთქების ორგანიზატორის იდენტიფიცირება, რათა ყველა ქვეყანამ ძალისხმევა გააერთიანოს და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი იერიში მიიტანოს. შესაბამიად, ანალიტიკოსები კონტრტერორისტული ოპერაციების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გრაფიკული მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნები ტერორიზმის საფრთხეების მიხედვითაა დაყოფილი. მაღალი რისკის ზონებში მოხვდა: რუსეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი, სადაც ბოლო ორ წელში მასშტაბური ტერაქტები მოეწყო. მაღალი რისკის ზონაში რჩება თურქეთი.
დაიშის მიერ გამოქვეყნებულ გრაფიკული მონაცემებში არ ფიგურირებს საქართველო, როგორც რისკის ზონა. თუმცა, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია თბილისშიც. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში. პოლიციის მიერ დაცულია მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი, გასასვლელები, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები და სრული პერიმეტრი.
საავიაცო უშიშროების სამმართველოს 100-მდე თანამშრომელი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მგზავრთა, პერსონალის და ავიალაინერების ეკიპაჟების უსაფრთხოებას იცავს აეროპორტების ტერიტორიაზე შესვლიდან ბორტის აფრენამდე. საპოლიციო ძალის გარდა უსაფრთხოების მონიტორინგი თანამედროვე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით ხდება.
გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს შსს-ს სხვა დანაყოფებიც. სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, სტამბოლის საშინელი ტრაგედია უნდა იქცეს დასაწყისად გლობალური ბრძოლის გააქტიურებისთვის.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტები საერთო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო, ვინაიდან ეს იყო სამხედრო თავდასხმა.
„ეს არ იყო ტერაქტი. ეს არის ჰიბრიდული ომის სახის ოპერაცია, რომელსაც დაიში ახორციელებს. ისინი მოქმედების ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ. თავდასხმას ახორციელებენ გეოეკონომიკური გავლენის ცენტრებზე, რომ ამით ძლიერი დარტყმა მიაყენონ დასავლეთის სახელმწიფოებს და მთლიანად საზოგადოებას. შეიმუშავეს ჰიბრიდული ომის ახალი კონცეფცია, რომლის ფაგლებში დაიწყეს სპეციალური წვრთნები და შედეგიც სახეზეა. ყაზახეთი, ამერიკა და ბოლოს თურქეთი. ათათურქის აეროპორტი არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
გლობალური ტიპის ტერორზე გადავიდნენ, რაც მსოფლიო მასშტაბის საფრთხე გახდა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, რისკები გაიზარდა საქართველოსთან მიმართებაში. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი კომუნიკაციური არტერია. სამწუხაროდ, მაღალია თავდასხმის ალბათობა. შეიძლება საქართველოც გახდეს ნებისმიერი დარტყმის ობიქეტი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე ხდება საერთაშორისო და ეკონომიკური მნიშვნელობის ადგილები. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაიშის მიერ კონტროლირებადი საზღვრები მცირდება, მათი აქტივობა არ შემცირებულა ამ საზღვრებს გარეთ, პირიქით, საკმაოდ აქტიურ ფაზაში გადადის.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოქმედების არეალი გააფართოვა, შესაბამისად იზრდება საფრთხე. სამწუხაროდ, ტერორისტული აქტები მოუახლოვდა საქართველოს საზღვრებს, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე რეალურად გვეხება. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ ამის პრევენცია ვერ შეძლო, ვერც ერთობლივი ძალისხმევით და ვერც გაძლიერებული უსაფრთხოებით. ადგილზე მცირდება დაიშის კონტროლირებადი ტერიტორია, მაგრამ საკმაოდ დიდ მასშტაბებზე გადის მათი ექსპანსია საზღვრებს გარეთ“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული აქტები საქართველოს საზღვრებთან ახლოს ხდება, ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ არის ამ რისკის ზონაში.
„საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტერორისტული თავდასხმის ობიექტი ვხვდებით. სამწუხაროდ, არსებობს საქართველოს მოქალაქეების დაზარალების საფრთხე და ამის მაგალითი იყო ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი. თითქმის ერთი წელია საქართველოდან არავინ არ გასულა „ისლამურ სახელმწიფოში“, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უშიშროების სამსახურები ოპერატიულად რეაგირებენ ამ საფრთხეზე.
თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ობიექტები, მნიშვნელოვანი კომპონენტია მათი უსაფრთხოების გაზრდა. არ მგონია, რომ დაიშისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყოს საქართველოში ტერაქტის განხორცილება. ასე რომ, როგორც ალბათობა და ასევე, შესაძლებლობა, საშუალოზე დაბლია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.