სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ცოლ-ქმარს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს 2008 წელს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ, რომელიც მოიცავს 1 559 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ 1 373 კვ. მეტრ შენობა-ნაგებობას, საცურაო აუზით.
2007 წლის 6 ივნისს, ცოლ-ქმარმა ოლღა პავლიაშვილმა და გია გიგუაშვილმა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კანონიერად შეიძინეს შპს „აკვაპარკი“-ს 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა გორში, სტალინის N11ა-ში მდებარე საცურაო კომპლექსი - 1 559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საცურაო აუზით.
ამ ფაქტიდან ერთ წელიწადში, 2008 წლის ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შპს „აკვაპარკის“ ქონება იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღო უკანონო დავალება, ოლღა პავლიაშვილისთვის და მისი მეუღლე გია გიგუაშვილისთვის მოეთხოვა აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემა.
ამ მიზნით, გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს დაზარალებული გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით კატეგორიულად სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას.
2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში, დაზარალებულმა გია გიგუაშვილმა, პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1373.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (გორის საცურაო კომპლექსი).
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც დაევალა შესაბამის სამართლებრივი პროცედურების განხორციელება, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს დაუბრუნდეთ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი ქონება. რეჟიმის მსხვერპლი გია გიგუაშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ აიძულეს მას შიდა ქართლის პროკურატურის მაღალჩინოსნება საკუთრების სახელმწიფოსთვის ჩუქება.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდათ თქვენი ქონება, რომელიც წაგართვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. ბატონო გია, როდის მოხდა თქვენთვის ქონების ჩამორთმევა და ვინ იყო ამით დაინტერესებული?
გია გიგუაშვილი: ქონება, რომელიც მე წამართვეს გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ეს ხდებოდა 2008 წელს, ომი ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ სიტუაცია იყო დაძაბული. ქონება ჩემს მეუღლეზე იყო გაფორმებული, მაგრამ დირექტორი მე ვიყავი. დამიბარეს პროკურატურაში და მომთხოვეს ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა.
ვინ დაგიბარათ პროკურატურაში?
- რადგან გამოძიება მიდის, კონკრეტული სახელების დასახელების უფლება არ მაქვს. დაბარება ხდებოდა ჩვეულებრივი რიგითი პროკურორისგან, მაგრამ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ის ვერ მიიღებდა.
პროკურატურაში შემოგთავაზეს, რომ თქვენი ქონება სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაგეცათ?
- დიახ, პირდაპირ მითხრეს, რომ სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადამეცა გორის საცურაო კომპლექსი.
არ კითხეთ მიზეზი რატომ უნდა გადაგეცათ თქვენი ქონება უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის?
- ნამდვილად ვკითხე და მოკლედ მიპასუხეს - სახელმწიფოს სჭირდებაო. ამას ყველაფერს დაუდეს პოლიტიკური სარჩული. თუმცა, არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი. როდესაც უარი ვუთხარი, როგორც მაშინ ხდებოდა, დაიწყეს გამოძიება, იძიებდნენ რამდენად პატიოსნად მქონდა შესყიდული ეს ქონება. რამე დარღვევა რომ მქონოდა ციხიდან არ გამომახედებდნენ. ვერაფერი, რომ ვერ მომიძებნეს, პირდაპირი მუქარა წამოვიდა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე.
ისევ პროკურატურა?
- დიახ, კვლავ ამ რიგითი პროკურორის მხრიდან წამოვიდა მუქარა. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ პოლიციელები მოვიდნენ, ტომარაში ავტომატებით უყრიათ და გელოდებიანო. ეს მაშინ, როცა ცხოვრებაში თოფიც არ მაქვს გასროლილი. მემუქრებოდნენ, რომ ჯიბეში ჩამიდებნენ წამალს, როცა ცხოვრებაში ნარკოტიკი არ მაქვს გამოყენებული და გამიშვებდნენ ციხეში. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებს ვუწევდი, მაგრამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმან, რომ 6 წელი შვილი არ მყავდა, მაშინ ჩემი ცოლი იყო 7 თვის ორსული და, ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა პროკურორი. მითხრა: რაღაცა, რომ დაემართოს შენს მეუღლეს, მანქანა რომ დაეჯახოს, მერე რას იზამო? ამ მუქარის შედეგად ჩემი მეუღლეც დაიბარეს, დაკითხვები დაუწყეს, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. როდესაც არდაბადებული ბავშვით დამემუქრნენ, იძულებული გავხდი გამეჩუქებინა ჩემი ქონება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა გადაიფორმა.
რამდენი ხანი გრძელდებოდა მუქარა და მუქარიდან რამდენ ხანში გადაეცით სახელმწიფოს უსასყიდლოდ ქონება?
- სავარაუდოდ 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ვცდილობდი სამართალი მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. სამართალი ვერ ვნახე და შესაბამისად, ჩემი ქონება სახელმწიფომ წაიღო. როგორც კი საშუალება მომეცა, რომ ჩემი კუთვნილი ქონება უკან დამებრუნებინა, დავიწყე ბრძოლა.
ქონება გადაეცით სახელმწიფოს და შესაბამისად არ დაგაპატიმრეს?
- ციხეში არავის ჩავუსვივარ, მაგრამ მიმიყვანდნენ პროკურატურაში და დილიდან საღამომდე იქ ვყავდით. ამას არ ერქვა ციხის გარეთ ყოფნა, ისეთი ზეწოლა იყო. ახლა ძალიან ადვილია ლაპარაკი, მაგრამ იმ დროს ასე არ იყო. ისეთ დღეში მაგდებდნენ, რომ ჯობია არ გავიხსენო ეს სისასტიკე.
გორის მუნიციპალიტეტმა გადაიფორმა თქვენი ქონება, მაგრამ რეალურად ვის მმართველობაში იყო ეს ობიექტი?
- ისინი, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ვისაც ძალაუფლება ჰქონდა. გორის საცურაო აუზი ფუნქციონირებდა, თუ ეს სჭირდებოდა გორის მოსახლეობას, მე ხომ კარებში არ ვიდექი და არ ავუკრძალავდი ვინმეს შემოსვლას? ჩვეულებრივად ყველას შეეძლო ესარგებლა ამით. ვიღაცას ჰქონდა თავისი კომერციული ინტერესები. ვიღაცას უნდოდა საკუთარი ინტერესებისთვის. მხოლოდ 5 თვის განმავლობაში ამუშავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მივმართე პროკურატურას, გენერალურმა პროკურატურამ ჩათვალა, რომ მე ვიყავი დაზარალებული და მეკუთვნოდა ის, რაც წამართვეს.