საქართველოს გარემოს დამცველები და ეკოლოგები გააოგნა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს.
„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას ქართველ ექსპერტთა ნაწილი ენდობა, ნაწილი კი ეჭვის თვალით უყურებს. რაც შეეხება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა მოსახლეობას ამშვიდებს, რომ საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შემდეგად ისეთი საგანგაშო არაფერი აღმოუჩენიათ და ეს შემაშფოთებელი სტატია 2012 წლის კვლევებს ეფუძნება.
ამის მიუხედავად, გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ დამშვიდების საფუძველი მაინც არ გვაქვს და საქართველოში შემოყვანილი გაურკვეველი წარმომავლობის მანქანები ისედაც დამძიმებულ ფონს კიდევ უფრო ამძიმებენ.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალმა ანგარიშმა დააფიქრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მან აღნიშნა, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღდგეს და თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო. ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს.
„ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით. ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას... დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება უშუალოდ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალ ანგარიშს, მისი მიხედვით, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მესამეზე - ჩინეთი. შემდეგ მოდის ინდოეთი და ქვეყნების ჩამონათვალის ათეულში, ასევე, შედიან უნგრეთი, ჩადი, რუსეთი, ნიგერია, პაკისტანი და ინდონეზია.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development) ჩარჩოში 1974 წელს შეიქმნა, ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2012 წელს ჰაერის დაბინძურების მიზეზით 6,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველი 9 ადამიანიდან ერთი სწორედ ამ მიზეზით იღუპება.
2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ და გულის დაავადებებს. ამავე ანგარშით, ჰაერის დაბინძურებას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაბალი შობადობა, ტუბერკულოზი, კატარაქტა, ასევე ხორხის სიმსივნე.
5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ჰაერის დაბინძურება პნევმონიის მიზეზია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად სწორედ ბავშვები მიიჩნევიან.
ანგარიშში პირდაპირ მითითებულია საქართველოში ავტომანქანების გაუმართაობის თაობაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მე-20 საუკუნის ავტომობილებს კრძალავენ, საქართველოში ისეთი ელემენტარული სტანდარტის შემოღებაც ვერ ხერხდება, როგორიცაა ავტომობილების ტექდათვალიერება და მავნე გამონაბოლქვის შემცირება. ხელისუფლებაზე გავლენას ვერც ექიმები ახდენენ, რომლებიც ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების ზრდის გამო განგაშს ტეხენ და ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯების უსწრაფესად გადადგმისკენ მოუწოდებენ.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. სმოგი დიდ ქალაქებში ჩამოწოლილი გამონაბოლქვია, რომლითაც ხალხი მასიურად იხოცება. ჩამორჩენილ ქვეყნებს ახასიათებს ასეთი რამ და ჩვენი ატმოსფერული ჰაერიც ძალზე დაბინძურებულია.
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია. განსაკუთრებით, თბილისში უამრავი რაოდენობის მანქანაა კონცენტრირებული. აქ ტაქსაობენ, ჩამოდიან რაიონებიდან. ამიტომ დიდი რაოდენობით მანქანები გროვდება, რომელთა 99%-იც მოძველებულია. ამ მანქანების უმეტესობას კატალიზატორი ამოღებული აქვს და არ იფილტრება მანქანები.
„არა მგონია, ჰაერის დაბინძურების მასშტაბით საქართველო ჩინეთს უსწრებდეს. ამ მხრივ ჩინეთში კატასტროფული მდგომარეობაა. სულ რამდენიმე ხნის წინ მძიმე ვითარება შეიქმნა შანხაიში, ლამის ხალხის ევაკუაცია მოახდინეს, რადგან სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ შანხაიში სამრეწველო ობიექტებია განლაგებული და უზარმაზარი ტრანსპორტი გადაადგილდება. იგივე პრობლემები ჰქონდა სტამბულს. ინდოეთი ხომ გადატვირთულია ხალხითა და ტრანსპორტის სიმჭიდროვით. ამიტომ არა მგონია, საქართველო მათგან გამორჩეული იყოს. რასაკვირველია, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ გამონაბოლქვის პირდაპირი დაკავშირება ადამიანის სიკვდილიანობასთან არადამაჯერებელია. გინდაც ბავშვთა სიკვდილიანობის, გინდაც ნებისმიერი ასაკის პირის სიკვდილიანობის მიზეზი მხოლოდ გამონაბოლქვი არ შეიძლება იყოს, აქ უამრავი სხვა ფაქტორია. ამიტომ კარგი იქნება, დეტალურად გვითხრან, როგორ დაითვალეს ეს მაჩვენებელი, რომ სიკვდილიანობა მაინცდამაინც გამონაბოლქვთან მიაბეს.
მეორე საკითხია გაუთავებელი მშენებლობები, განიავების საშუალება არ არის ქალაქში. არადა, თბილისი ქვაბულში განლაგებული ქალაქია, რომლის განიავებაც ცუდად ხდება. აქედან გამომდინარე, ასეთი მჭიდრო მაღალსართული, ერთმანეთთან ახლოს მდგომი კორპუსების მშენებლობა წარმოუდგენელი დანაშაულებრივი ქმედებაა. ამას ემატება გამწვანების საკითხიც, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული ხასიათი არ აქვს. მას აქვს ეკოლოგიურად დაცვითი ხასიათი, რადგან ხეების იმ ჯიშებს, რომლებიც ქალაქშია განლაგებული, ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვის უნარი გააჩნიათ. ამ ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალაქებში ნაკლებია, ვიდრე ველურ ბუნებაში, რადგან უამრავ დატვირთვას იღებენ თავის თავზე“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, შეამსუბუქებს თუ არა მდგომარეობას ტექდათვალიერების შემოღება, განმარტა: „ტექდათვალიერება რომ დაიწყოს ახლა, დამიჯერეთ, მხოლოდ ასი გამართული მანქანა თუ ივლის დედაქალაქში“.
მანვე გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს „მწვანეები“ იბრძოდნენ, რათა ტყვიის შემცველი ბენზინის რეალიზაცია არ მომხდარიყო საქართველოში, თუმცა ვერაფრით მოხერხდა ამის აღსრულება, რადგან, ელემენტარულად, აზერბაიჯანმა განაცხადა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მოგაწვდით ბენზინს, რადგან ჩვენი წარმოება არ არის ევროსტანდარტებზე გადაყვანილიო. ამიტომ ეს პროცესი 2001 წლამდე გადაიდო. საბოლოოდ აზერბაიჯანმა განაცხადა, ჩვენ უკვე გადაიარაღება მოვახდინეთ და მხოლოდ ამის მერე მოხერხდა ნაკლებად ეთილირებული ბენზინის შემოტანა. მოგვიანებით ამას დაემატა ევროპული ბენზინიც, თუმცა უკეთესი ხარისხის ბენზინი ყველაფერს აჯობებდა.
„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელს ნინო ჩხობაძეს კვლევის შედეგები არ აოცებს, რადგან საქართველოში საწვავის ხარისხი და მომატებული ტრანსპორტის რაოდენობა უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ ექსპერტი ტექდათვალიერების აღდგენისა და საწვავის კონტროლის სურვილს გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჰაერის დაბინძურების კვლევა საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, რამაც რიგ შემთხვევებში საგანგაშო შედეგები აჩვენა. კერძოდ, აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს იყო მიახლოებული რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ვაკის პარკისა და მზიურის ცენტრალურ შესასვლელებთან, ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც განთავსებულ სკვერსაც მოსახლეობა დასასვენებლად იყენებდა.