„ნატოს წინააღმდეგ პლაცდარმად აფხაზეთისა და ცხინვალის გამოყენება საეჭვოა, რადგან მთავარი პლაცდარმი ბელორუსია და კალინინგრადია“

„ნატოს წინააღმდეგ პლაცდარმად აფხაზეთისა და ცხინვალის გამოყენება საეჭვოა, რადგან მთავარი პლაცდარმი ბელორუსია და კალინინგრადია“

„რუსეთი გიუმრის (სომხეთი), ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემებს ათავსებს, რათა ნატო-ს გაფართოება შეაფერხოს და შავ ზღვაზე კონტროლი მოიპოვოს“, - აცხადებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა ლაგაზიძე და რუსული საფრთხის წინაშე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას არაეფექტურად მიიჩნევს.

მისი თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი სამი ლოკაციიდან ორი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად, ნატო-ს წინააღმდეგ პლაცდარმად და შავი ზღვის კონტროლისთვის რუსეთი იყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, ისევე როგორც უკრაინას - ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში.

ექსპერტი შიშობს, რომ ნატო-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, თუკი საქართველოს აქამდე ბუფერული ზონის სტატუსი ეკავა, ხვალ ორივე მხრიდან კონფლიქტის ასპარეზი შეიძლება გახდეს და ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის ძალზე სერიოზული გამოწვევა.

„საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს საქართველოს მთავრობა? რას აკეთებს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები და დიპლომატიური კორპუსი?“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და დასავლეთის პარტნიორ ქვეყნებთან თუ ლობისტურ წრეებთან აქტიური თანამშრომლობა მოითხოვა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში ეჭვს გამოთქვამს ამ ინფორმაციის სისწორეში და ამას უფრო წინარსაარჩევნო კამპანიად აფასებს, რადგან საქართველოში ნებისმიერი პარტია ცდილობს რუსული საფრთხის თემა წამოსწიოს, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს, მერე ჩაივლის არჩევნები და ყველას ავიწყდება ასეთი საკითხები.

პოლიტოლოგის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილ სამ ლოკაციაზე რუსეთის მხრიდან ანტისაჰაერო სისტემების განთავსება არადამაჯერებელია თუნდაც იმ მხრივ, რომ საეჭვოა აფხაზები სიხარულით შეეგებონ ამ ცნობას.

„ჩემი აზრით, აფხაზეთში ამას ენთუზიაზმით და ტაშით არავინ მიიღებს. სოხუმში ამას მოწინააღმდეგეები ეყოლება. ნატოს წინააღმდეგ პლაცდარმად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყენება ცოტა ძნელი სავარაუდოა, რადგან მთავარი პლაცდარმი ნატოს წინააღმდეგ არის ბელორუსია და კალინინგრადი. რატომ არის, რომ პუტინი კბილის ჭრაჭუნით მაინც ითმენს ლუკაშენკოს, ანუ „ბატკას“ ფოკუსებს, რადგან ბელორუსია არის წინა ხაზის ბაზირების ქვეყანა. ასევეა, კალინინგრადი. რა, იგივე ისკანდერები რუსეთმა ცხინვალში განათავსა? მართალია, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალი სიხარულით მიიღებდა ამ ისკანდერებს, მაგრამ რუსეთმა ისინი კალინინგრადში განათავსა. განა რუსული სამი დივიზია სოხუმსა და ცხინვალში უნდა განთავსდეს? ეს უნდა განთავსდეს დასავლეთის ფრონტზე, დასავლეთის მიმართულებით. ადრე თუ გვიან ანკარა და მოსკოვი საერთო ენას გამონახავენ, იმდენად მძლავრია თურქეთ-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და იმდენად ზარალდება ეს სფერო, რომ ასე დიდხანს ვერ გასტანს, ეს უკვე მოვლენათა განვითარების დიალექტიკური კანონია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ ქართულმა დიპლომატიამ ის კი არ უნდა იყვიროს, ცხინვალსა და სოხუმში რაღაც ხდებაო, არამედ თუ ქართულ დიპლომატიას ამის რესურსი და პოლიტიკური ნება გააჩნია, ისეთ დონემდე მაინც უნდა აიყვანოს ნატოსთან თანამშრომლობა, როგორც ფინეთის შემთხვევაშია.

„მართალია, ფინეთი არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ასჯერ უფრო მაღალ დონეზეა სამხედრო თვალსაზრისით მათი თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, ვიდრე საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ კი არანაირ სამხედრო დახმარებას არ ველით ნატოსგან და, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, არანაირი ვალდებულება ნატოს არ გააჩნია ჩვენთან მიმართებით“, - ამბობს ცინცაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან გიუმრის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემების განთავსების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მან გაავრცელა, თუმცა რატომღაც ზოგიერთებმა დამახინჯებულად გაიგეს ეს ინფორმაცია. უბრალოდ, აქ საუბარია ერთიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემაზე, ასევე, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნაზე, რომელიც პასიური ელემენტების კომპონენტების გაძლიერებაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი ხორციელდება კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატში და შემაშფოთებელია, რომ სწორედ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მოიაზრება კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორმატად.

„ეს ახალი მიდგომაა და ამის საპასუხოდ ქართულმა მხარემ უნდა გააძლიეროს ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც რამდენად ეფექტურია, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. ეს სისტემა მთლიანად მოშლილია და არა მარტო სახმელეთო ჯარებზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი, არამედ საჭიროა მოხდეს საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სარდლობის აღდგენა. დასავლელ პარტნიორებთან, ნატოსთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯთა გადადგმისკენ. ამით შეიძლება ვუპასუხოთ რუსეთის გადაწყვეტილებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას არა მხოლოდ საკუთარი სამხედრო პოლიტიკური სივრცის კომპონენტად, არამედ ერთიანი კოლექტიური თავდაცვითი სისტემის კომპონენტად მოიაზრებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.