ნაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე შესაძლოა გაიზარდოს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულად შეიძლება შეირჩეს გამომძიებელი, პოლიციელი, იურისტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრიც კი.
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პროფესიის მიუხედავად, ამ ადამიანებსაც უნდა მიეცეთ ნაფიც მსაჯულად ყოფნის უფლება.
„არ უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის პროფესიის მიხედვით იმ უფლებების შეჩერება, რაც ზოგადად მისაღებია ყველასთვის,“ – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
ცვლილებებს მხარს არ უჭერენ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, ასევე - ნაციონალები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია წრის გაფართოება და პროფესიების დამატება, რადგან ამ ადამიანებმა, თავიანთი თანამდებობრივი სტატუსითა და ცოდნით შესაძლოა გავლენა მოახდინონ სხვა მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე, რაც საბოლოოდ, ვერდიქტზეც აისახება.
დეპუტატ პავლე კუბლაშვილის აზრით კი, ამგვარი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, სრულად მოხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის დისკრედიტაცია.
აღნიშნულს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებიც აკრიტიკებენ. დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ინტერესდება, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში მსაჯულად მთავარი პროკურორი აღმოჩნდება ან ყველა მსაჯული პროფესიით პროკურორი იქნება?!
თავის მხრივ, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ პირადად უნახავს მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც აშშ-ში ნაფიცი მსაჯულის ვალდებულებას ასრულებენ. ისინი შესარჩევ ტურშიც იღებენ მონაწილეობას და, თუკი პროკურორს (ან მოსამართლეს) კონკრეტულ საქმესთან შეხება არ აქვს, მათ შესაბამისი ცოდნა და მორალური თვისებები გააჩნიათ, აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა მიიღონ, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები და იყვნენ მიუკერძოებლები, მათ შეუძლით თავისი ცოდნა ამ მიმართულებით გამოიყენონ.
მართალია, უკვე გაცხადდა, რომ სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იქნება, მაგრამ For.ge გასულ წელსაც წერდა ამ ინსტიტუტის ცალკეული ნაკლოვანების შესახებ. იმხანად პრემიერი ღარიბაშვილიც მიიჩნევდა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა „სრული კრახი და კოლაფსი განიცადა“. ამიტომ საჭირო იყო ამ ინსტიტუტის გადახედვა და ხარვეზების გამოსწორება.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. პარალელურად, მოკლული ლაშა მახარაძის ბიძა - ზაალ ჟვანია სკანდალურ განცხადებას აკეთებდა, რომ ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა მათ აცნობა, თუ როგორ ხდებოდა ნაფიც მსაჯულებს შორის გადაბირება ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასარგებლოდ.
როგორც წესი, ნაფიც მსაჯულებზე ძირითადად ორი დამოკიდებულება მუშაობს - ან ეშინიათ, ან ეცოდებათ დამნაშავე და მძიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. ასე ხდება უცხოეთშიც.
ისტორიას ახსოვს ფაქტები, როცა მსაჯულთა არაპროფესიონალიზმი ძვირად დაუჯდა სახელმწიფოს. ერთ-ერთი ასეთი იყო ნაფიც მსაჯულთა მიერ სოკრატესთვის გამოტანილი სასიკვდილო ვერდიქტი, სოკრატეს მიერ გაქცევის უარყოფა და შხამიანი ფიალით სოკრატეს სასიკვდილო განაჩენის აღსრულება.
ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელისა და მსახიობის - ოჯეი სიმპსონის შემთხვევა იყო, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელი სიმპსონი გაამართლეს და ტრაგიკული ისტორია „ჰეფი ენდით“ დააგვირგვინეს. ეს მაშინ, როცა 1994 წელს 13 ივნისს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს ოჯეი სიმპსონის ყოფილი მეუღლე ნიკოლი და მისი საყვარელი, რონალდ გოლდმენი. მკვლელობის ბრალდებით მალე ოჯეი სიმპსონი დააკავეს. საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს ჩაბარდა. უპრეცედენტოდ დაძაბული სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. გაჩნდა საფრთხე, რომ შავკანიანი სიმპსონის დასჯა ლოს ანჯელესის შავკანიანი მოსახლეობის რასობრივ პროტესტს გამოიწვევდა. იმის მიუხედავად, ყველა ეჭვობდა, რომ სწორედ ოჯეი სიმპსონმა მოკლა ყოფილი მეუღლე საყვარლითურთ, ნაფიცმა მსაჯულებმა სიმპსონი მაინც გაამართლეს და ის სიკვდილით დასჯას გადაარჩინეს. როგორც ჩანს, ამ ემოციურ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება (რომელთა უმრავლესობაც მუქკანიანი იყო) ემოციითაც იყო ნაკარნახევი. მოგვიანებით მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით „მე რომ ეს ჩამედინა“, რაც ხალხის აზრით, ცინიკური იყო და სიმპსონის მიერ ორმაგი მკვლელობის ჩადენის აღიარებას ნიშნავდა. მოგვიანებით საქმე სამოქალაქო სასამართლომ განიხილა და ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ სიმპსონი დამნაშავედ ცნო.
რას შეცვლის ნაფიც მსაჯულთა პროფესიული წრის გაფართოება და ნაფიც მსაჯულებად გამომძიებლის, პოლიციელის, იურისტის, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ჩართვა?
For.ge-სთან საუბარში ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე არ მალავს, რომ სავსებით ემხრობა, თუკი მთლიანად ფსიქოლოგებით დაკომპლექტდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ნაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე ერთი-ორი წესიერი ფსიქოლოგითა და ფსიქიატრით უნდა გაიზარდოს.
რაც შეეხება ზოგიერთების შიშს, რომ ზემოთ ნახსენები პროფესიების წარმომადგენლებმა თავიანთი თანამდებობრივი სტატუსითა და ცოდნით გავლენა არ მოახდინონ სხვა მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე, რუსუდან ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ეს ხალხი განაჩენის შინაარსზე უნდა მუშაობდეს და არა - ზეგავლენაზე. თორემ ასეთ ზეგავლენას ყველა ის ადამიანი ახდენს ერთმანეთზე, ვისაც ქარიზმა გააჩნია, ვისაც კარგი ლოგიკური აპარატი აქვს და ზეგავლენა მარტო პროფესიით არ არის განპირობებული.
„აქამდეც აუცილებელი იყო ამ წრის გაფართოება. რატომღაც ფსიქოლოგებთან მიმართებით ასეთი მითია შექმნილი, თითქოს ფსიქოლოგები ყველაფერს გაამართლებენ და ისინი ვერ იქნებიან მკაცრები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელია. ფსიქოლოგი უფრო სხვანაირად ხედავს მოვლენას და მისი თვალსაზრისის გათვალისწინება შეიძლება. ჩვენთან განაჩენების გამოტანა და საქმეების შესწავლაც ერთ სიბრტყეზეა, ანუ ყველას ესმის ერთმანეთის ენა, ვგულისხმობ იურისტებსა და ადვოკატებს. ფსიქოლოგი და ფსიქიატრი კი არის ის კადრი, რომლის ენაც არ ესმით. ამიტომ ზედმეტი თავის ტკივილი რომ არ იყოს, ნაფიც მსაჯულთა წრეს მათ გარეშე აკომპლექტებენ“, - აცხადებს რუსუდან ფხაკაძე.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ჩვენმა კანონმდებლებმა უფრო დამაჯერებლად უნდა წარადგინონ ის არგუმენტები, რითაც განპირობებულია ნაფიც მსაჯულთა წრის გაზრდა, მით უმეტეს, როცა ეს წრე ისედაც ფართოა და არცთუ მრავალრიცხოვანია საქმეები, რომლებიც განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ.
იურისტის თქმით, ამ წრის გაფართოება ნიშნავს, რომ იქ ინსტიტუციურად დაინტერესებული მხარე შეგყავს და ინტერესთა კონფლიქტი ბუნებრივად შეიძლება წარმოიშვას. ამიტომ ეს საწყის ეტაპზევე გამოიწვევს ამ პროცესის დისკრედიტაციას.
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სწორედაც რომ განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოსგან და, თუ ეს ცვლილება განხორციელდება, ჩნდება შესაძლებლობა, ნაფიც მსაჯულებზე არათუ გავლენა მოახდინონ, არამედ თვითონ ნაფიცი მსაჯულები დამოკიდებულნი გახდნენ ამა თუ იმ პროფესიის ან ინსტიტუტის წარმომადგენლებზე. ნაფიც მსაჯულთა წრეში პროკურატურის გამომძიებლის თუ მოსამართლის შეყვანა (ზოგადად, იურისტის პროფესიის მქონე ადამიანის შეყვანაც კი) უფრო მეტ დამაჯერებლობას მოითხოვს იმის გამო, რათა ნაფიც მსაჯულებში ბუნებრივად არ გაიზარდოს დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ასე რომ, კანონმდებლების სუსტი არგუმენტები ჩემთვის სერიოზული არ არის. ორი მილიონი ადამიანიდან ვერ აირჩიეს ნაფიცი მსაჯულები და ამ წრეს კიდევ აფართოებენ?!“ - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე საუბრისას უნივერსალური სისტემა არ არსებობს და ყველა სახელმწიფო სხვადასხვა არჩევანს აკეთებს. ქვეყნების ნაწილმა შეზღუდა იმ საქმეთა კატეგორია, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ, ნაწილმა კი გააფართოვა. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე, კულტურაზე, საზოგადოების მართლშეგნებაზე.