„მეორე პირის კვალი არ არის, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია“

„მეორე პირის კვალი არ არის, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია“

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გამოძიების მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს.

გამოძიების მასალების თანახმად, ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები. გამოძიების პროცესში დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა.

დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში.

გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია „დიანა“-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა „ჩზ-75“ სისტემის პისტოლეტი და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად.

მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან. 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა - გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში აღმოაჩინეს, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას.

ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ანაბეჭდი ე.წ. „შტანცმარკა“ და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად. პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა, გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში.

გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან - კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.

გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი - მეუღლე, ძმა და შვილები. მათი დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა. გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება ამბობს, რომ ვალის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. გარდა ამისა, ძიებას ხელთ აქვს კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი საუბრის ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ფინანსური პრობლემების არსებობა, ჩანაწერში ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება. აქიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მონაწილეობით კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებიც.

ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მოკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით, გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება.

დამოუკიდებელი ექსპეტრი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვალი, რომლის დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გასროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამასვე მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც.

„ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ ეს იყო ჰერმენტიული მიბჯენა, ანუ უმანძილო დისტანციით. იშვიათად, რომ ასე აღბეჭდილიყო სრულად. გარდა ამისა, ჩემი ინიციატივით გავაკეთეთ ექსპერიმენტი, რაც შედეგიანი იყო და ეს ეყრდნობოდა მანქანის სალონში არსებულ სისხლის კვალს. სისხლი იმდენად განფენილი იყო, რომ თითოეული სავარძელი ცალ-ცალკე გამოვიკვლიეთ, შეიძლებოდა თუ არა შიგნით ვინმე მჯდარიყო.

სალონში მეორე პირის ყოფნა გამოირიცხა. ასევე, გამოირიცხა სალონში გარედან ამ დაზიანების მიყენება, ანუ კარების გარეთ მდგარი პირისგან. ხელი უბრალოდ გადაფარვდა იმ სისხლის კვალს, რომელიც მანქანაში იყო. აქიდან გამომდინარე, ჩემთვის მაშინვე ყველაფერი ნათელი იყო, რაც ოჯახისთვის არ დამიმალია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, მან უთხრა ოჯახს, რომ მეორე პირის კვალი არ არის, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია. მისივე თქმით, გარდაცვლილის ძმას ზურას თავისი ვერსიები ჰქონდა.

„ვუთხარი, რომ ვეღარ გავყვებოდი, რადგან თუ კვალი არ არის, იქ ექსპერტიც საჭირო არ არის. შემდეგ ჩატარდა სხვადსხვა ექსპერტიზები, რომელსაც გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ეს დასკვნები წინააღმდეგობაში არ მოდის პირველად დასკვნასთან, ანუ იქ მეორე პირი არ არის და არც მანქანის გარეთ არ იყო მეორე პირი. მკვლელობაა, თვითმკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა, ეს გამოძიების საქმეა და მე ამ შეფასებაში არ შევდივარ, რადგან სამედიცინო ექსპერტიზის საქმე ეს არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.

პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატს გაგი მოსიაშვილს, რომლიც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. როგორც for.ge-ს მოსიაშვილმა განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებების პერიოდში გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროვდა, როგორც ადვოკატი არ ეთანხმება.

სამედიცინო ექსერტიზა ამბობს, რომ სალონში მეორე პირი არ ყოფილა, მეტიც, დაზიანება არც სალონიც გარედან არ არის მიყენებული, გასროლა განხორციელებულია მიბჯენით. თუმცა, თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება ზურაბ კიწმარიშვილი, ამავე პოზიციაზეა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეც.

„პროკურატურის არგუმენტებს ოჯახი არ იზიარებს. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ეროსი კიწმარიშვილმა დასახელებული თანხის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა. შევხვდით ქალაქის მთავარ პროკურორს, რომელმაც გვამცნო იმის შესახებ, რომ დასრულდა ძიების ეს ეტაპი და გვამცნო ასევე მათი ოფიციალური ვერსია, რომლის შესახებ ჩვენ ადრეც ვიცოდით და ამის საწინააღმდეგოდაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი. ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ მასალაზე, თუმცა ამაზე, ამ დეტალებზე, ამ ეტაპზე ვერ გესაუბრებით. ვფიქრობ, შესაძლებელია ჩვენი მცდელობებით კიდევ რამე საინტერესო გამოვნახოთ“, - ამბობს ზურა კიწმარიშვილი.

მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილი სავარაუდოდ პოლიტიკური აქტიურობის გამო მოკლეს.

„ვალი ჰქონდა აღებული, სესხი, რომლითაც ის გარკვეულ ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, რომელიც ახალი დაწყებული ჰქონდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არ იყო ის არგუმენტი, ის პრობლემა და დილემა, რომელსაც ეროსი ვერ გადაწყვეტდა და ამის გამო თვითმკვლელობას ჩაიდენდა. რა თქმა უდნა, გეგმები ჰქონდა, ბიზნესით ერთობოდა.

დაახლოებით ერთი წლის დაწყებული ჰქონდა ეს ყველაფერი, გახსნა რესტორნები, კაფე, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს. სხვა მიმართულებით მას ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური გეგმები და ამის გამო, მან, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური ქმედებები განახორციელა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ შეიძლება ვისაუბროთ ვერსიებზე და ფაქტორებზე, არის მისი პოლიტიკური მიმართულებით გააქტიურება“, - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

ბადრი ნანეტაშვილი, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილთან სატელეფონო საუბარი გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ჰქონდა, აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს კიწმარიშვილისთვის რაიმე უცნაური არ შეუნიშნავს. ნანეტაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ დასახელებული თანხა, რომელიც კიწმარიშვილს ვალად ჰქონდა, გარდაცვლილის შემოსავლების მეათედი იყო, რომლის გადახდის პრობლემა მას არ ჰქონია.

„ეროსიმ მართლაც შეიძინა ირაღი, რომელიც ძმისთვის უნდა ეჩუქებინა. ვფიქრობ, რომ დამაჯერებელი არ იყო პროკურატურის ბრიფინგი. საქმე არ არის გამოძიებული, რადგან არგუმენტი, რომ ეროსიმ თავი მოიკლა ვალების გამო, არ არის დამაჯერებელი. ეროსის მანჰეტენზე ჰქონდა ბინა, რომელიც 3 მილიონ დოლარადაა შეფასებული და რომელიც მას გაქირავებული ჰქონდა. ის თანხა კი რომელიც პროკურატურამ გამოაცხადა, ეროსის შემოსავლების მეთედიც არ იყო. მეც და მთელ საქართველოსაც ვალი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თავს იკლავს. ეროსის ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება. მას ჰქონდა სხვადასხვა გეგმები, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებდა“, - ამბობს ბადრი ნანეტაშვილი.