ხომ არ ცვლიან აფხაზები პოლიტიკურ ვექტორს და მათ ორბიტაზე (რუსეთის გარდა) ხომ არ ჩნდება საქართველოსთან რაიმე ფორმით დაახლოების შანსი?
ბოლო პერიოდში აფხაზეთში მოვლენები უცნაურად განვითარდა. თავდაპირველად დე ფაქტო აფხაზეთმა რუსეთთან მიერთების საკითხი შეაჩერა და ამ საკითხს რეფერენდუმზე აღარ გაიტანენ. ამას მოჰყვა სოხუმის დე ფაქტო მერის ადგურ ხარაზიას უკმაყოფილება, რომ რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს კაპიკებს უხდის, არადა, პირველ რიგში, რუსებს სჭირდებათ ეს სამხედრო ბაზები ნატოსგან თავის დასაცავად. ამდენად, რატომ უნდა იყოს განსაკუთრებული წესები რუსებისთვის მაშინ, როცა ასეთი ბაზების ერთი ჰექტრის იჯარისთვის მსოფლიოში ერთ მილიონ აშშ დოლარს იხდიან?!
სოხუმის დე ფაქტო მერის წყენანარევი განცხადება დასრულებული არ იყო, რომ აფხაზეთიდან ახალი მესიჯი წამოვიდა - აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პირობებში.
მართალია, მკვეთრი ანტირუსული გამოსვლები აფხაზეთში ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე წლებია, რუსებისა და აფხაზების ნაძალადევი ურთიერთობა სირთულეებითაა აღბეჭდილი. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია 2013 წლის 27 სექტემბერი, დე ფაქტო აფხაზეთის „გამარჯვების“ დღე, როცა ანქვაბმა მისასალმებელ სიტყვაში საერთოდ არ ახსენა ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები და აფხაზების პრესტიჟსაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა, განაცხადა რა, რომ აფხაზებს მხოლოდ რუსები დაეხმარნენ. ამას მოჰყვა უცნაური საზეიმო აღლუმიც, სადაც ჩაატარეს რუსული „შავი ასეულის“ მებრძოლები ისე, რომ ისინი არანაირ კავშირში არ ყოფილან 90-იან წლებში ქართული მხარის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან. ცხადია, ეს აფხაზებმა რუსეთის მხრიდან დაცინვად და მუქარად აღიქვეს, თუ რუსეთს არ დაემორჩილებით, თქვენთვისაც მოვიცლითო.
აფხაზების ეროვნული სიამაყე არც უფრო ადრე, ანუ ბაღაფშის დროს არ იყო დაკმაყოფილებული. კერძოდ, აფხაზური ოპოზიცია ბაღაფშს ეროვნულ ინტერესთა იგნორირებასა და უძრავი ქონების რუსებზე გასხვისებისთვის ამხელდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქართველოდან გამოსვლა სულაც არ ნიშნავდა რუსეთის მხრიდან მათ გადაყლაპვას. ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის „აღიარების“ შემდეგ რუსებმა გადაწყვიტეს ენგურზე გამავალი საზღვრის გაკონტროლება, პროტესტის ნიშნად აფხაზური მილიცია ტყეში გაიჭრა, თუმცა შემდეგ ბედს შეეგუვნენ და რუსებთან ერთად დაიწყეს საზღვრის კონტროლი.
როგორი იქნება ამ დაძაბულობის პიკი და რა მოხდება დღევანდელ პირობებში, როცა დე ფაქტო აფხაზეთს აქამდე არსებულ ხელისუფლებებთან შედარებით ყველაზე მეტად პრორუსული ხელისუფლება შერჩა ხაჯიმბას სახით?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სოხუმის დე ფაქტო მერის ადგურ ხარაზიას განცხადება უფრო ეკონომიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ნოტას. სამწუხაროდ, აფხაზეთში რუსეთის გავლენა იმდენად ძლიერი და ფუნდამენტურია, რომ მსგავსი განცხადებებით იმედის ქონა ცოტა ნაადრევია. თუმცა დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ დე ფაქტო აფხაზეთმა უარი თქვა, განეხილა რუსეთთან შეერთების საკითხი. ამის მიუხედავად, რუსეთის მდგომარეობა დღეს ისეთია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აფხაზეთის ტერიტორიას ხელიდან არ გაუშვებს, პარალელურად, უფრო მეტად შეეცდება, დანარჩენი საქართველოს შეყვანას თავისი გავლენის ორბიტაში.
„აფხაზებს აქვთ უსაფრთხოების დილემა, ანუ მათ აქვთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. თავის დროზე იქაურმა პოლიტიკურმა ელიტამ სხვა მიმართულება არჩია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არსებული ნეგატიური მომენტი საკმაოდ ღრმა ჭრილობის სახით არის აფხაზეთში განვითარებული. ის, რომ საქართველოში იმედი აქვთ, ეკონომიკური აღმავლობის შემდეგ აფხაზები თვითონვე დაგვიძახებენო, ილუზორულია. 2008 წლის უაზრო ომმა, სააკაშვილისეულმა მილიტარისტულმა კამპანიამ, ფაქტობრივად, შეიწირა ცხინვალისა და აფხაზეთის დაბრუნების იმედი. ხელიდან გავუშვით უნიკალური შანსი, ჩვენსკენ მოგვებრუნებინა აფხაზები და ოსები. 2003-05 წლებში საქართველოში წესიერი მმართველი რომ ყოფილიყო და, ჟვანიასა და ბურჯანაძისგან განსხვავებით, სამხედრო-მილიტარისტული ჯგუფის ლიდერ სააკაშვილს, არ ჩაეგდო ძალაუფლება ხელში, პროცესები სხვაგვარი იქნებოდა. რომ არა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, შეიძლება უფრო მეტი ბერკეტი და გავლენა გვქონოდა აფხაზეთსა და ცხინვალში. გავიხსენოთ თუნდაც იმ პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის-ბაღაფშის საინტერესო პოლიტიკა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სერგეი ბაღაფშის სიკვდილს წმინდა პოლიტიკურ მკვლელობად განიხილავს, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა სწორედ იმიტომ განახორციელეს, რომ ბაღაფში ქართული კარტის გათამაშებას ლამობდა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთიდან წამოსული გარკვეული სიგნალების მიხედვით ზედმეტი იმედის გამოხატვა არ ღირს, რადგან ეს ყველაფერი შემდეგ იმედგაცრუებით მთავრდება. სიგნალი მხოლოდ სიგნალია და მეტი არაფერი. ამ მხრივ არჩილ გამზარდიას ახსენდება ბაღაფში, რომელიც შედარებით პროქართულ ტიპს ჰგავდა (თუნდაც ქართველი მეუღლიდან გამომდინარე), მაგრამ როგორც კი ბაღაფში ხელისუფლებაში მოვიდა, საკმაოდ აგრესიული კამპანია წამოიწყო ქართველებთან მიმართებით.
„აფხაზეთის შიგნით ანტირუსული განწყობა სრულიად გასაგებია. უბრალოდ, ანტირუსულსა და ანტიქართულ განწყობებს შორის განსხვავება მაინც ის არის, რომ აფხაზეთში ანტიქართული განწყობები მთელი რიგი პროპაგანდის შედეგია, რაც ჯერჯერობით ანტირუსულ განწყობას ვერ ჩაანაცვლებს. დღეს ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ ფრთხილად და დელიკატურად იქცევა, რადგან აქცენტები კეთდება საქართველოს სახელმწიფოს მიმზიდველობაზე აფხაზებისთვის და არა სხვა მახასიათებლებზე. ამ მხრივ აფხაზეთს სულ სამი არჩევანი გააჩნია - თურქული (თურქეთში გადასახლებული აფხაზების სახით), რუსული და ქართული. თუმცა პირველი და მეორე არჩევანის შემთხვევაში, ყველაზე მეტად მაინც აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები აფხაზები დაიჩაგრებიან. სხვა ვარანტი მათ არ აქვთ.
საქართველოსთან მიმართებით აფხაზეთში ორი ძირითადი აქცენტი შეიმჩნევა - ერთი, ეს არის ომი, რომლის გამოც ქართველებს აბრალებენ ყველაფერს და მეორე, ეს არის დღემდე მიმდინარე აქტიური საინფორმაციო კამპანია. 2003-2012 წლებში არსებულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა აფხაზურ-ქართული თეორიული პერსპექტივების დასანგრევად. 2000 წლამდე გარკვეული დინამიკა მაინც იყო, დევნილების რაღაც ნაწილი დაბრუნდა ძირძველ მიწაზე, შიდა ქართლსა და აფხაზეთში ქართველებს გადაადგილებისა და უსაფრთხოების პრობლემა იმდენად მძიმედ არ ჰქონიათ და სწორედ წინა ხელისუფლების დროს მოხდა დაძაბულობის მატება საქართველოსთან მიმართებით.
რუსულმა საინფორმაციო პროპაგანდამ და აფხაზების პრორუსულმა პროპაგანდამ მძიმე დამოკიდებულებები შექმნა ქართველების მიმართ. ამ თემებზე ბევრს ვმუშაობ და ვიცი, რომ თანამედროვე აფხაზს სჭირდება რეალიზაცია, კრასნოდარის იქით კი მათ პერსპექტივა არ აქვთ. ასევე, არ აქვთ პერსპექტივა შიგნით, თავიანთ ფსევდო სახელმწიფოში. ამიტომ თეორიულად შესაძლებელია რაღაც დონეზე მათში მომწიფდეს ნეგატივი რუსეთის მიმართ და საქართველოს უფრო პრაგმატულად დაუწყონ ყურება“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და განმარტა, რომ, ცხადია, აფხაზების შინაგანი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ შეიცვლება, მაგრამ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოსთან ურთიერთობით, თუნდაც ფართო უფლების სახით, შეიძლება მოიგონ.
ანალიტიკოსის თქმით, ამ პროცესის წარმატებისთვის საჭიროა, აფხაზებს საქართველოსგან საფრხის შეგრძნება ნაკლებად ჰქონდეთ. მეორე მხრივ, დანარჩენი საქართველოც უნდა განვითარდეს. გარკვეული ჩანასახები უკვე იქმნება, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე და არაკონფლიქტური ხელისუფლება.