„თბილისის სასწრაფო“ და, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროც, ანზორ მელიას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

„თბილისის სასწრაფო“ და, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროც, ანზორ მელიას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

იმ შემთხვევაში, თუკი 24 საათის განმავლობაში „ბიზნეს კურიერი“ დოკუმენტალურად არ დაადასტურებს კორუფციისა და ფულის გათეთრების ფაქტებს, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი ბუთხუზი, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით სასამართლოს მიმართავს. რაც შეეხება კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელს, ანზორ მელიას, მის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში დღეს, ან ხვალ შევა.

რატომ გახდა თავდასხმისა და მძიმე ბრალდების ობიექტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და რა კავშირი აქვს ამ ბრალდებებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს გიორგი ბუთხუზს ესაუბრა.

გიორგი ბუთხუზი: გადაცემა „ბიზნეს კურიერში“ გასული რეპორტაჟი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების საქმიანობას შეეხებოდა, აგებული იყო ტყუილზე და ცრუ ბრალდებებზე. ჩვენ ამოვიღეთ კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, პუნქტობრივად შემიძლია ჩამოვყვე და ტყუილში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ვამხილო როგორც ამ სიუჟეტის შემქმნელები, ასევე მოწვეული სტუმრები. კერძოდ, „ბიზნეს კურიერი“ აცხადებს, რომ არამიანცის ე.წ. კლასტერის კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური ტყუილია.

შეგიძლიათ ეს ციფრებით დაამტკიცოთ?

– ამოღებულია კლინიკა „გულის“ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, შარშან აპრილში მას ჰყავდა სასწრაფოს მიერ შეყვანილი 94 პაციენტი, წელს კი ეს ციფრი შეადგენს 143-ს. შარშან მაისში შეყვანილი იყო 129 პაციენტი, ხოლო წელს - 151. თვალნათლივ ჩანს, რომ შარშანდელთან შედარებით, ეს ციფრი მზარდია და შესაბამისად,  90%–ზე აპელირება არის. კლინიკა „გულის“ ერთ–ერთი ექიმი, ბატონი ჯაბა წივილაშვილი ამბობს, რომ დღეში საშუალოდ 15–16 პაციენტი ჰყავდათ. ზემოთმოყვანილი სტატისტიკის საფუძველზე შეგიძლიათ თავად დაინახოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი ციფრი არ ყოფილა. შესაბამისად, გაურკვეველია, რომელ კლებაზე საუბრობს. ამასთან დავძენ, რომ კლინიკა „გული“ არის მონოპროფილური კლინიკა.

საუბარი იყო იმაზე, რომ შპს „პირველ საავადმყოფოში“ დღე–ღამეში 64 პაციენტი შეჰყავთ...

– ისინი აპელირებენ შპს „პირველი საავადმყოფოს“ სტატისტიკით, რომ დღე–ღამეში შედის 64–46 პაციენტი, რაც აბსოლუტური ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება, ეს არის მეორე ტყუილი, რაც გავიდა „რუსთავი 2“–ის ეთერში. ჩამოვყვები ძალიან ბევრ ტყუილებს და  კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს ეხება კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელს, ბატონ ანზორ მელიას, რომელიც აცხადებდა, რომ ორი წლის წინ თებერვალში მას არ ჰყოლია პაციენტი. ჩვენს არქივში მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ მის კლინიკაში  2014 წლის თებერვალში შეყვანილია 171 პაციენტი. ასევე, იგი აცხადებდა, რომ 1 მაისიდან 18 ივნისამდე მწვავე ინფაქტით, მხოლოდ ორი პაციენტი იყო შეყვანილი.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება არ არჩევს პაციენტებს და ვერ განახორციელებს მის დიფერენციას, რომ მწვავე ინფარქტია, თუ როგორი მდგომარებაა. როდესაც გულის მოტივით ხდება გამოძიება, შემდეგ უკვე კლინიკა არის ვალდებული, გაარკვიოს კონკრეტული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ 1 მაისიდან 18 ივნისამდე კლინიკა „გულში“ მწვავე ინფაქტით 13 პაციენტია შეყვანილი.

ასევე, ბატონი ანზორი აცხადებს, რომ შპს „პირველ საავადმყოფოს, რომელსაც ასე ემტერებიან, კარდიოლოგიურ სფეროში არ აქვს ლიცენზია. არავის ადვოკატირება არ მინდა, მაგრამ მელია ცრუობს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სალიცენზიო პირობების თანახმად შპს „პირველ საავადმყოფოს“ გააჩნია ემერჯენსის საქმიანიობის ლიცენზია, 24-საათიან რეჟიმში ჰყავს კარდიოლოგი, ასევე გააჩნია კათეთტრიზაციის ლაბორატორია, რაც სრულიად საკმარისია ჩვენთვის, რომ იქ შევიყვანოთ პაციენტი. რაც შეეხება ლიცენზიას და სალიცენზიო პირობებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვართ ლიცენზიის გამცემი, ჩვენ ვექვემდებარებით არსებულ წესსა და კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ პაციენტის მიღების უფლება და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პაციენტების შეყვანის უფლება.

რაც შეეხება კატასტროფის სამსახურს... ანზორ მელიას განცხადებით, ამ სამსახურს მთელი საქართველოდან პაციენტები კონკრეტულ კლინიკებში მიჰყავთ, ასეა რეალურად?

– მინდა ავღნიშნო, რომ კატასტროფის სამსახური არ ექვემდებარება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და ამასთან დაკავშირებით, მას შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.

თუკი ასეთი ვითარებაა, მაშინ რას ეფუძნება მისი ბრალდება? რა დგას ამ ბრალდების უკან - პიროვნული მტრობა თუ პოლიტიკური მოტივი? მით უმეტეს, რომ დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია?

– როგორც ჩანს, ბატონი ანზორი და ასევე, „ბიზნეს კურიერი“ პაციენტების შემოდინების ნაკადს უყურებენ როგორც ფულის გაკეთების საშუალებას. ანუ, აბიჯებენ ყველაფერს ადამიანურს და ამას როგორც შემოსავლის წყაროს ისე განიხილავენ. ჩემი აზრით და, მათი საუბრიდანაც ასე ჩანს, რომ ბატონი ანზორი კარგად ერკვევა კორუფციულ სქემებში, იცის ფულის გათეთრების ხერხები და საშუალებები, რასაც შესაძლოა ძალიან ხშირად ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების დროს. რატომღაც ბატონი ანზორი ზედმიწევნით არის გარკვეული ამ საკითხში და ეს დაფიქრების საფუძველს იძლევა.

მოგეხსენებათ, იხსნება ძალიან ბევრი საავადმყოფო, ვითარდება ჰოსპიტალური სექტორი, შესაბამისად, გაჩნდა ჯანსაღი კონკურენცია, რასაც, გასაგები მიზეზების გამო, ანზორ მელია არ არის მიჩვეული. როგორც იცით, მისი შვილი, ნიკანორ მელია სააკაშვილის მომხრეთა ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დიდი ხანია არ მალავს, რომ ყველაფერს იკადრებს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დასაბრუნებლად. ამ „ყველაფრის კადრების“ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანზორ მელიასა და „ბიზნეს კურიერის“ ეს სპეცოპერაცია. მათი მთელი ძალისხმევა მიმართულია წარმატებული დარგებისა და სახელმწიფო სტურქტურების  დისკრედიტაციისკენ.

ამ ბრალდების უკან პოლიტიკა დგას?

– ჩვენთან ამ პრობლემებზე სასაუბროდ მოსული იყო ბატონო მელია, რომელსაც გავაცანით რეალური სტატისტიკური მონაცემები და ჩვენგან იგი საკმაოდ კმაყოფილი წავიდა, თუმცა იმუქრებოდა, რომ წავიდოდა ჯანდაცვის სამინისტროში და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ალიაქოთს აუტეხდა. ანუ, ცდილობდა, რომ ცარიელ ადგილზე სკანდალი მაინც მოეწყო. ყოველივე ამის შემდეგ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში ასეთი განცხადების გაკეთება, პირდაპირ ნაციონალების დაკვეთას უკავშირდება.

ბოლო დროს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოვლენათა ჯაჭვი. ახლახანს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასწრაფო მკვდარია და უმოქმედოა, რასაც მოყვა ბატონი მელიას ყოვლად უსირცხვილო და უპასუხისმგებლო ბრალდება. ვთვლი, რომ ეს დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

რეაგირების გარეშე დატოვებთ ისეთ ბრალდებას, როგორიც არის კორუფცია და ფულის გათეთრება, რაც „ბიზნეს კურიერის“ ეთერით გაჟღერდა?

– დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც არ იყო წინა ხელისუფლების დროს. ძალიან საინტერესო პროცესები გვაქვს დაწყებული, იგივე ჰოსპიტალიზაციასთან და სამედიცინო პროტოკოლების შემოტანასთან დაკავშირებით, შემოვიტანეთ ახალი სპეცტექნიკა და სამედიცინო ტექნიკა, მოკლედ, პროგრესი სახეზეა, რაზეც მეტყველებს ყოველდღიურად მზარდი რეიტინგი, პაციენტთა გამოხმაურებები და ა.შ.  ლოგიკურია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალები და „რუსთავი 2“ წარმატებულ დარგებს და წარმატებულ სტრუქტურებს უტევენ.

ამ წარმატებულ სამსახურზე ასეთი თავხედური სიცრუის გავრცელებას არავის ვაპატიებთ.  ვაცხადებ, რომ „ბიზნეს კურიერს“ ვაძლევ 24-საათიან ვადას, რომ დოკუმენტებით დაამტკიცონ მათ მიერ ჩვენს წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, წარმოადგინონ კორუფციის ფაქტები და ფულის გათეთრების დამადასტურებელი საბუთები. წარადგინონ ეს მასალები სამართალდამცავ ორგანოებში, ან გამოააშკარაონ პირდაპირ ეთერში. ვპირდები, რომ იქნება მყისიერი რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივისა და ღირსების შელახვის გამო მათ წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ სასამართლოში.

რაც შეეხება ბატონო მელიას, ჩემი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც დღეს ან ხვალ შეტანილი იქნება სასამართლოში. მელიასგან მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიშის მოხდას მის მიერ გამოთქმული იმ ბრალდებების გამო, რომელიც შეეხებოდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.