„ჩვენ ბრმად ვაშენებთ სახლებს, გზებს, ამას შენებას ვეძახით და, სინამდვილეში, ეს ყველაფერი ნგრევის მომტანია“,- აცხადებს For.ge-სთან საუბარში არქიტექტორი ირაკლი ჟვანია.
13 ივნისის ტრაგედიამდე თანმიმდევრულად არასწორად მივდიოდით. საბჭოთა პერიოდში მდინარე ვერეს ხეობა არაერთგზის დაიტბორა. გასული წლის ტრაგედიამდე კი მდინარე ვერემ წლების განმავლობაში გვაცალა და შემდეგ თავისი ტერიტორიები უკან დაიბრუნა. ამის მიუხედავად, შეცდომები გრძელდება, ხდება მთებისა და კლდეების ჩამოჭრა და იქ კორპუსების განთავსება. დანაშაულებრივ წრეზე რატომ ვტრიალებთ?
- რაც საქართველოში მოხდა, არც ერთ შემოსეულ მტერს არ უქნია. დაუფიქრებელი და დაუგეგმავი მშენებლობის ბრალი იყო ადამიანთა მსხვერპლი. რაც ხდება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა უბნებში, საოცრებაა და, ჩემი აზრით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ახლანდელ სიტუაციას რაც შეეხება, როგორც ვიცი, მერიამ ცენტრალურ უბნებში შეაჩერა მაღლივი კორპუსების მშენებლობა, მაგრამ რაც უკვე გაკეთებულია, იმას რა ეშველება?! რა ეშველება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას? ვერის, მთაწმინდის უბნებს? ამის აღდგენა შეუძლებელია. ის, რაც თბილისში მოხდა, ეს არ არის ერთი და ორი კაცის ბრალი, ეს იყო საერთო საზოგადოებრივი შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობდა, ერთი მხრივ, მერიისა და არქიტექტურის სამსახურში მოკალათებული ჩინოვნიკების მთელი არმია და ეს დაიწყო ნაციონალებამდელ პერიოდში (90-იან წლებიდან), მეორე მხრივ, ეს იყო კერძო სექტორი, რომელიც ფულს იხდიდა და ძალიან ბევრი ფული ტრიალებდა ამაში. ახლა იმ ხალხს ახალი კორპუსებიდან ვერავინ გამოასახლებს, ეს გამორიცხულია.
ვერ გამოასახლებენ რომელი უბნის კორპუსებიდან?
- სადაც გნებავთ, იმავე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. არადა, სპორტის სასახლე გენიალური შენობაა, ლადო მესხიშვილის აშენებული, ყველაზე მაღალი იყო მაშინ იმ მიდამოში. ძველი ფოტოები რომ ნახოთ, სპორტის სასახლე ყველაზე მაღალი შენობა იყო. ახლა კი ეს შენობა ჩაკარგულია. იგივე ხდება ფალიაშვილის ქუჩაზე, ამ ქუჩამ მთლიანად შეიცვალა იერი. ასევეა, ბარნოვის ქუჩა. ვაკეს ხომ მთლიანად გადაუარეს. რამაც მე სრულიად გამაოგნა და ასეთი რამ არ წარმომედგინა, ეს არის „დაბი ჯგუფის“ მიერ აშენებული შუშის შენობა იმელის უკან.
ნაციონალებისდროინდელი ეს მშენებლობა ამ ხელისუფლების დროსაც გაგრძელდა. რამდენადაც ვიცი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობისას სწორედ აღნიშნულ შუშის ნაგებობობას იცავდა დიმიტრი ქუმსიშვილი და ამბობდა, მართალია, ეს ხელშეკრულება წინა ხელისუფლებამ გააფორმა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, რადგან დიდი ფული შემოდის ხაზინაში ამ მშენებლობიდანო.
- სხვათა შორის, მე სპეციალურად ამ შენობის საბუთები წამოვიღე და ვიპოვე ასეთი რამ, როცა ეს საკითხი გადიოდა ე.წ. არქიტექტურის საბჭოზე, ამ საბჭოში ყოფილა შვიდი წევრი. სამწუხაროდ, იქ გვარები არ ჩანს, მაგრამ ორმა კატეგორიული უარი თქვა მის მშენებლობაზე, ხუთმა კი მხარი დაუჭირა. ეს არის საინტერესო, ვინ არის ის ორი ადამიანი, რომ მათ მადლობა ვუთხრათ და უნდა ვიცოდეთ იმ ხუთი ნაძირალის ვინაობა, ვინც ამ შუშის სიმახინჯეს მხარი დაუჭირა. ეს იმიტომ გვჭირდება, რომ მომავალში ყველამ იცოდეს, ასეთი რამის ჩუმად გაკეთება არ შეიძლება. ამას წინათ მე თვითონ ვიყავი კულტურის მინისტრთან, ვუთხარი, სულ ხუთად-ხუთი მოქანდაკე დარჩა თბილისში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მოქანდაკე, რადგან დანარჩენმა ყველამ თავი დაანება ამ პროფესიას. მათ ოჯახები ჰყავთ სარჩენი. ამიტომ ვთხოვე, რაღაც საშუალება მოგვეცით, რომ ჩვენი პროფესიები არ დავკარგოთ, რადგან ხვალ რომ დავჭირდეთ ქვეყანას, არ გვქონდეს პროფესია დავიწყებული-თქო. მიპასუხა, ვერაფერს მოგცემთო. ამასობაში მილიონებს იხდიან კონცერტებსა და ტაშ-ფანდურაში.
ურბანისტებისთვის მტკივნეულია, რომ თბილისში მთების, კლდეების ჩამოჭრა და იქ კორპუსების ჩადგმა ხდება. ამდენად, მეწყერის დროს რომელი კლდე ან მთა მოწყდება, არავინ იცის.
- ახალი გზა რომ გაჰყავდა უგულავას, კარგად გაიყვანა თუ ცუდად, ეგ მეორე თემაა, მაშინაც ატყდა ერთი ამბავი, რას აკეთებსო. თურმე ძალიანაც საჭირო ყოფილა, დღეში ორჯერ მაინც ვსარგებლობ იმ გზით. მართალია, ეს მოხდა კლდეების ჩაჭრის ხარჯზე, მაგრამ არა უშავს, კლდეები ყველგან იჭრება. 13 ივნისს პირველი ჩემი ოჯახი იყო, რომელიც დაზარალდა. როდესაც მდინარე ადიდდა, პირველად დაარტყა ჩვენს სახლს მდინარე ვერეს ხეობაში. მოგეხსენებათ, იმ ავბედით დღეს მამა გიორგი ჯიბუტის ქალიშვილი დაიღუპა, ისინი ჩვენი მეზობლები იყვნენ. ამის შესახებ სულ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ტრაგედია მოხდებოდა, კაციშვილს არ აინტერესებდა. რაც იქ მოხდა, იმ ხალხის დაღუპვა, რასაკვირველია, ხელისუფლების ბრალია, რადგან ხელისუფლება სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა. როდესაც წყალი მოვარდა და სვანიძის ქუჩა დაიტბორა, სანამ წყალი აქეთ გადმოვიდოდა, ისიც კი ვერ მოიფიქრეს, ახალი გზა დაეკეტათ მოძრაობისთვის. ელემენტარულად, პოლიცია დამდგარიყო და გზა დაეკეტათ. ამით გადარჩებოდა უამრავი ადამიანი. ხალხი პირდაპირ წყალში შედიოდა მანქანებით. ვერტმფრენების გამოყვანაზე კი საუბარი ზედმეტია.
როგორც ვიცი, თქვენ არაერთი ინიციატივა შესთავაზეთ ხელისუფლებას. მათ შორის, კომპანია „თბილისის შადრევნების“ დამფუძნებლის რანგში, ითხოვდით, თბილისის ქუჩები დასუფთავებულიყო შადრევნებიდან გადაღვრილი წყლით და ამით ზედმეტი წყლის ხარჯვა გამორიცხულიყო.
- ბევრი ინიციატივა მაქვს. რამდენი ხანია, თბილისის უბნები არ ირწყვება და რამდენი ხანია, თბილის ქუჩები არ გარეცხილა. არადა, იმდენი წყალი გვაქვს, სად წავიღოთ ეს წყალი, არ ვიცით. შადრევნებს როდესაც ვუვლიდით, სადღაც 10-15 ათას კუბ წყალს ვაქცევდით ყოველ წელიწადში. ახლა შემცირდა ეს მაჩვენებელი, რადგან შადრევნებისა და გადასასვლელების თემა ძალიან რთულადაა. ამ შემთხვევაში, მერია ცუდად მოიქცა, ტენდერები გააუქმა და თავისივე სამსახურს გადასცა შადრევნებისა და გადასასვლელების მოვლა-პატრონობა. ქალაქის კომუნალურ მეურნეობას შეეხება თბილისის მორწყვა. ამან გამოიწვია ის, რომ ვეღარ უვლიან ისე კარგად, როგორც ჩვენ ვუვლიდით. ყოველ წელს თბილისის მერიას სასმელი წყლის სოკოებისთვის 550 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. წყალს რომ სვამს ხალხი, ამ თანხიდან 450 ათასს იხდიდნენ წყალში, რადგან 24 საათი ჩართული იყო. მივედი და ვუთხარი, გაუკეთეთ ჩამკეტები-თქო, მოიცა, გვეზარებაო და წყალში ამხელა ფული იხარჯებოდა. ფაქტობრივად, ამხელა ფულს ყრიდნენ. ამიტომაც მთლიანად ჩამოვშორდი ამ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელიწადი ჩვენი კომპანია თბილისს ემსახურებოდა. წაგვართვეს ყველა კონტრაქტი, მოგონილი საბაბით შეგვიყვანეს შავ სიაში. სანამ თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსად მორალიშვილებისნაირები მუშაობენ, ეს ქვეყანა შორს ვერ წავა. ახლა სოფელში ვიყიდე სახლი და ღვინოს ვწურავ. 20 წლის ისტორიის კომპანია კი დაშლილია, ბიჭები წავიდნენ და ზოგი ტაქსზე მუშაობს, ზოგი-სად.