მუსლიმანურ თემსა და ოსებს შორის დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში მეჩეთის აშენების გამო მატულობს

მუსლიმანურ თემსა და ოსებს შორის დაძაბულობა ცხინვალის რეგიონში მეჩეთის აშენების გამო მატულობს

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობა გარბის, უპატრონო ტერიტორია ტყით იფარება, რუსეთისგან გამოყოფილი ფული კი იფლანგება.

ცხინვალში ვიზიტად მყოფი რუსი ჟურნალისტი ირინა გორდიენკო წერს, რომ 2008-დან 2013 წლების განმავლობაში ცხინვალის რეგიონისთვის მოსკოვმა 45 მილიარდზე მეტი რუბლი გამოყო და ამ ფულით აქ ახალი ლას-ვეგასის აშენება შეიძლებოდა. მართალია, ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკიდან მოსახლეობა გარბის, მაგრამ ჟურნალისტი ასკვნის, რომ აშკარად ცხინვალის ქუჩები ცარიელია. იგივე მდგომარეობაა აქაურ სოფლებშიც და მოუვლელი ტერიტორია ტყით იფარება.

გასულ წელს ჩატარებული აღწერით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 53 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ოსების რაოდენობა თურმე წლიდან წლამდე იზრდება, „თუმცა მონაცემები გაყალბებულია“,- აღნიშნულია სტატიაში, სახელწოდებით „ჰიბრიდული თავისუფლება“.

ქართველებისგან დაცარიელებულ ტერიტორიებზე პრობლემები ამით არ ამოწურულა. ცხინვალში მოსალოდნელია ტერორისტული ჯგუფების გააქტიურება. ახლად ჩასახლებული მუსლიმანური თემის ოსებთან დაპირისპირების ალბათობა კი მატულობს, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში მასობრივად ჩასახლებულმა მუსლიმანებმა იქ მეჩეთის აშენება მოისურვეს.

სულ ახლახანს თამარაშენის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ დგვრისის ტერიტორიაზე დაღესტნელმა ახალმოსახლეებმა მეჩეთის აშენება მოითხოვეს, რასაც ოსების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილას, სოფელ დგვრისში აგვისტოს ომამდე ძველი ქართული ეკლესია არსებობდა, რომელიც ომის შემდეგ ადგილობრივმა ოსებმა დაანგრიეს.

ქართულ-ოსური ურთიერთობის განხრით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სივილ ფორუმის“ ხელმძღვანელი თემურ არბოლიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აგვისტოს ომამდე ცხინვალის რეგიონში მუსლიმანების რაოდენობა მცირე იყო, დაახლოებით, 1%-საც არ შეადგენდა. მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ამ რეგიონში მუსლიმანური თემი ძალიან გაიზარდა, ისინი ადგილობრივებისთვის არატრადიციული მუსლიმანური რელიგიური ობიექტის - მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ. მართალია, საეჭვოა, ახლად ჩასულმა მუსლიმანებმა საპროტესტო აქციები მოაწყონ და საქმე ოსებთან ხელჩართულ დაპირისპირემდე მივიდეს, მაგრამ უსიამოვნების ფაქტები უკვე არსებობს.

თემურ არბოლიშვილის თქმით, მუსლიმანები ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ 2008 წლამდე ჩასახლდნენ. ესენი წარმოადგენდნენ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ქვემო ქართლიდან ჯერ სავაჭროდ მიდიოდნენ ამ რეგიონში, შემდეგ- საცხოვრებლად და უკვე იქ საკუთარი მეურნეობებიც მოაწყვეს. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქ ჩასვლა დაიწყეს ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანურმა თემებმა. ძირითადად საუბარია დაღესტნელ მუშახელზე, რომლებიც ცხინვალის რეგიონში რუსული ფულით დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდნენ.

ასევე, ომის შემდეგ ჩავიდნენ ცხინვალის რეგიონში ჩეჩნები და ტაჯიკები. მათ ხარჯზე ისტორიულ ქართულ რეგიონში 2008 წლის მერე მუსლიმანური თემის რაოდენობა გაიზარდა და მუსლიმანების რიცხვმა დაახლოებით 1000 ადამიანს მიაღწია.

„საამისო ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, რადგან მუსლიმანები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად არ ითვლებიან, მაგრამ 1000 კაცი ჩვენთვისაა ცოტა, ცხინვალისთვის კი ძალზე ბევრია, რადგან იქ ისედაც 15 ათასი მოსახლე ცხოვრობს. დღეს მუსლიმანებმა ცხინვალის ხელისუფლებაში ოფიციალური განცხადებაც შეიტანეს მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ. იქაური მოსახლეობა აღშფოთებულია. ისინი უფრო შეეგუებიან იქ ქართული ეკლესიის აშენებას, ვიდრე მუსლიმანურის. ზოგადად, ოსები ქრისტიანები არიან და თავის დროზე საქართველომ შეიტანა ქრისტიანობა ჩრდილოეთ ოსეთში. თუმცა ოსები მორწმუნე ერი არ არის, როგორც ეს საქართველოსა და რუსეთშია. მათი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი კომპონენტი არ არის რელიგია. საინტერესო მომენტია, რომ მუსლიმანებს შორის იქ მაინც ჩასული დაღესტნელები სჭარბობენ, რომლებიც შობადობის მაღალი დონით გამოირჩევიან. ესენი არიან ვაჰაბიტური მიმართულების მუსლიმანები და მათი წესია, რომ ცხინვალის რეგიონში ჩასული ერთი ოჯახი შემდეგ თავის ნათესავებსაც ეპატიჟება. დაღესტნელებს იქ კარგი პირობები ექმნებათ. ფაქტობრივად, ეს არის მოუვლელი ტერიტორია, ქართველებისგან მიტოვებული ლიახვის ხეობა, იქ გაშენებული ბაღებით. ოსები ახლად ჩასულებს პრობლემებს ვერ უქმნიან, რადგან რუსეთთან ურთიერთობა დაეძაბებათ. დაღესტნელები კი რუსეთის მოქალაქეები არიან. თავის მხრივ, ამ ეტაპზე რუსეთისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა მეჩეთების მშენებლობას“, - აღნიშნა თემურ არბოლიშვილმა და განმარტა, თუკი ასეთი ტემპით გაგრძელდა მუსლიმანი მოსახლეობის დამკვიდრება ცხინვალის რეგიონში, პერსპექტივაში, შეიძლება ამხელა მიტოვებულ ტერიტორიაზე გაჩნდეს ვაჰაბიტური კერა.

კერძოდ, თუ გავითვალისწინებთ, როგორ მუშაობს ISIS-ი კავკასიაში მოსახლეობის გადაბირება-დავერბოვკებაზე, გამორიცხული არ არის, უახლოეს 2-3 წლიან პერპექტივაში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია მათთვის გახდეს მეორე პანკისი.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეჭვოა, დღეს რუსეთს აწყობდეს ცხინვალის რეგიონში მეჩეთების მშენებლობა და მუსლიმანების რაოდენობის გაზრდა, ისევე, როგორც არ აწყობს ეს ჩრდილოეთ ოსეთს, მაგრამ იქ, ასე თუ ისე, სიტუაცია ამ მხრივ დარეგულირებულია.

„მინდა პარალელი გავავლო აფხაზეთთან. აფხაზეთშიც არიან მუსლიმანები, რომლებიც უკვე მრავალი ათწლეულია ითხოვენ მეჩეთის აშენებას. ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ მაშინ, როდესაც ახლოვდება არჩევნები. შესაბამისად, არჩევნების წინ ყოველ ჯერზე იღებენ დაპირებებს, რომ მეჩეთის აშენების საკითხი განიხილება და ამ საკითხს საბოლოოდ მოევლება, მაგრამ ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელი რჩება.

პირველ რიგში, რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთში მუსლიმანური თემის გავრცელებისთვის საფუძვლის შექმნით და ეს საფუძველი არის სწორედ მეჩეთი. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მეჩეთის მშენებლობის თემა ცხინვალის რეგიონში სერიოზული დაპირისპირების საფუძველი გახდება, ისევე, როგორც ეს თემა არ გადაიზარდა დაძაბულობაში აფხაზეთში. მით უმეტეს, ცხინვალის რეგიონში ძირითად მოსახლეობას მაინც არამუსლიმანები შეადგენენ. მიჭირს იმის თქმა, რომ ოსები არიან ქრისტიანები, მართლმადიდელები, რადგან საერთოდ გაურკვეველია მათი სტატუსი საეკლესიო თვალსაზრისით. ცხინვალის რეგიონში დღეისთვის მოქმედი ეკლესია საბერძნეთის დაქვემდებარებაშია და ისიც არ არის მართლმადიდებლური. ამიტომ ძნელია თქმა, როგორი აღმსარებლობის მოსახლეობაა იქ დარჩენილი. თვითონ ოსები თავიანთ თავს ქრისტიანებად თვლიან, მაგრამ ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. არა მგონია, რუსეთი იქ გამწვავებაზე წავიდეს ამ მიმართულებით“,-აღნიშნა ირაკლი ცქიტიშვილმა.