ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და აქტიური მუშაობაა საჭირო, რათა შემცირდეს დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი და ქვეყანაში ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გრძელვადიანი სესხები ლარში.
როგორ უნდა მოხდეს ლარიზაციის წახალისება? ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი ესაუბრა.
ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებას დღემდე შემორჩა 2008 წელს ლარის 16%-იანი დაცემა დოლართან მიმართებით, როცა მისმა მაჩვენებელმა 1.42-დან 1.65-ს მიაღწია. ასეთივე დევალვაცია გრძელდებოდა მომდევნო წლებშიც. ამდენი სირთულის გადამტანი ლარის ფონზე როგორ უნდა დაიძლიოს დოლარის ბატონობა ქართულ ეკონომიკაზე?
- ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი ნდობა გვქონდეს დოლარის მიმართ, ჩვენი მოსახლეობა ჩვენი ეროვნული ვალუტისგან პირს იბრუნებს. ჩვეულებრივ, ლარი სრულფასოვნად უნდა ასრულებდეს სამ ფუნქციას. ეს არის გაცვლითი საშუალება, საზომის საშუალება და მესამე, ყველაზე მთავარი, რაც ლარს არ აქვს ამჟამად, ეს არის დაგროვებითი ფუნქცია. დოლარის, ევროსა და სხვა უცხოური ვალუტის ნდობის ფაქტორზე როცა ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ამ ვალუტებს დაგროვებითი ფუნქცია აქვთ.
მართლაც, საქართველოში ლარში მიმდინარეობს გადასახადის აკრეფა, ეროვნულ ვალუტაში გაიცემა ხელფასები, ლარში ხდება ოფიციალური ანგარიშსწორება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ლარში დანაზოგის გაკეთებას ერიდება. რა ანგრევს ლარის მესამე მთავარ კომპონენტს, ანუ დაგროვებით ფუნქციას საქართველოში?
- პირველი-ორი კომპონენტი, ასე თუ ისე, დასტაბილურდა. საქართველოში შეგვიძლია საქონელი ლარში შევიძინოთ, გადავცვალოთ. თუმცა აქაც არის პრობლემა, რადგან მანქანების, შენობა-ნაგებობის ყიდვას მაინც დოლარში ვახორციელებთ, აქაც არ ვენდობით ლარს, არ გვაქვს მასშტაბური დანაზოგები ლარში. ამას განაპირობებს ის, რომ 25 წლის მანძილზე საქართველოს ყველა მთავრობის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო მიმართული რეალურად ქვეყნის შიგნით მყარი საიმედო ფულად-საკრედიტო ვითარების შესაცვლელად. ვგულისხმობ იმას, რომ ლარის მიმართ მომხდარი პროვოცირებული მოვლენები დაიწყო კუპონიზაციით, როდესაც თვითონ სახელმწიფომ, ეროვნულმა ბანკმა, მაშინდელმა მთავრობამ ბოლომდე შეურყია ნდობა კუპონის, ამ პირველი გარდამავალი ვალუტის შემოღებას.
გვახსოვს, ალბათ, რომ კუპონის შემოღებისას ათასი კუპონი შეადგენდა ერთ დოლარს. ხოლო კატასტროფულად გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად, როდესაც ხდებოდა უკონტროლო ემისია, ფულის ბეჭდვა, ერთი დოლარი გახდა ხუთი მილიონი კუპონი. ამის შემდეგ შემოვიდა ლარი.
ლარის შემოღებისას პირველ ორ წელიწადს ყველაფერი რიგზე იყო და ლარი საიმედო საშუალებად ითვლებოდა 1996-97 წლებში მანამ, სანამ ის იყო მიბმული დოლარის გაცვლით კურსზე. ანუ მაშინაც 40-50 მილიონი დოლარის ჯამური თანხა იყო ინვესტიციების სახით დადებული ლარში, მაგრამ 1998-99 წლის მიჯნაზე მოხდა პირველი სავალუტო კრიზისი ინდონეზიაში. იმ დროს ჩვენთან რუსული საქონელი შემოვიდა იაფად და ამ ფორსმაჟორს ლარმა ვერ გაუძლო. საქართველოს მთავრობა არ მოიქცა სათანადოდ და დაიწყო ლარის მასობრივი გადაყრა, მოშორება მოსახლეობის მხრიდან. ლარის კურსი დაეცა 1.3-დან 2.5-მდე ოფიციალურად, ხოლო გადაცვლით ჯიხურებში თითქმის სამამდეც კი ავიდა დოლარის მიმართ ლარის კურსი.
დოლარიზაციის მაღალი დონე ძირითადად გარდამავალი ეკონომიკების სენია, საქართველოც ამ კონტექსტში განიხილება?
- ვერ დავარქმევთ ამას სენს, რადგან მთელი რიგ განვითარებად ეკონომიკებში, თუნდაც მცირე აზიის ქვეყნებში, ასევე, ჩეხეთში, პოლონეთში საკმაოდ ენდობიან თავის ეროვნულ ვალუტას. ჩვენთან ბოლო კრიზისი პროვოცირებული იყო, რადგან ლარის მასის უცაბედი გაზრდა მოხდა 4 მილიარდიდან 6 მილიარდ ლარამდე 2014-15 წლების განმავლობაში. ეს იყო ქადაგიძის პერიოდში, როდესაც მოხდა ლარის მასობრივი გამოტანა მიმოქცევაში. დღეს კარგი იქნება, საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას მისცეს საშუალება, საკუთარ სახელმწიფოს ფული ასესხოს, რათა არ მოხდეს ისე, როცა კომერციულმა ბანკებმა აიღეს მილიარდნახევარი ეროვნულ ბანკში ქადაგიძესთან, ჩააგირავეს სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად და უკან გამოიტანეს ლარის მასა. თუნდაც პირველადი ნაბიჯები გადაიდგას ამ მხრივ. დღემდე არ არის ასეთ ნაბიჯები გადადგმული.
ოფიციალური დოლარიზაცია გამოცხადებულია რამდენიმე ქვეყანაში და არის ნახევრად ოფიციალური დოლარიზაციებიც, როცა უცხოური ვალუტა ქვეყანაში გამოიყენება მეორე ვალუტად. ხომ არ ფიქრობთ, რომ დოლარიზაციის პროცესი მავანთ აწყობთ საქართველოში?
- გეთანხმებით, რადგან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა, ჩვენ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს. ადგილობრივი წარმოება რომ გვქონდეს, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ვალუტაზე მოთხოვნა გაჩნდებოდა. იმპორტზეა მიბმული საქართველოში ყველაფერი, მათ შორის, საბანკო სფეროც. ასე აქ უფრო იოლია, ვიდრე გრძელვადიანი ინვესტიციების ჩადება. თავის მხრივ, სახელმწიფოც უშლის ხელს ამ პროცესს და სახელმწიფოს მხრიდან რეალური პოლიტიკა, რომ ლარმა შეიძინოს მთავარი დაგროვებითი ფუნქცია, არ ტარდება - იქნება ეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები თუ სხვა რამ. მაგალითად, 2013-14 წლებში იყო დეპოზიტები ლარში, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. ღარიბაშვილის პერიოდში კი ეს საერთოდ განულდა. ეს ღარიბაშვილის ბრალი არ არის, უბრალოდ, ეს გამოიწვია არასწორად გატარებულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ. 2014-15 წლებში ამას შედეგად მოჰყვა ლარის ნგრევა, ამ პროცესის ხელოვნური სიმულაცია, ლარის კურსის 2.5-მდე დაცემა (რაც არც საგარეო ფაქტორით აიხსნება, არც სხვა რამით და ეს იყო ხელოვნურად მიღებული პროცესი). ერთი ხელის მოსმით ეროვნულმა ბანკმა წვეთოვანის პრინციპით 700 მილიონ დოლარამდე გამოიტანა და გაყიდა ვალუტა, მაგრამ ამას რა აზრი ჰქონდა, როცა მეორე ხელით ორჯერ უფრო მეტ ლარს ამატებდა მიმოქცევაში?! შესაბამისად, ამ პოლიტიკამ ბოლომდე შეარყია ლარის მიმართ ნდობა, ანუ დაგროვებითი ფუნქცია. მოსახლეობის მხრიდან თითქმის არავინ დარჩა, ვინც ლარს დადებს დეპოზიტზე. ასე რომ, სიტყვით ერთს ამბობენ, მაგრამ ლაპარაკის მიღმა რა კეთდება?!
თუმცა ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლარიზაცია უფრო ხანგრძლივი პროცესია და ასე მალე ვერ განხორციელდება.
- 15 წელიწადია ეროვნული ბანკი ლარიზაციაზე ლაპარაკობს, კიდევ მეტად უნდა გაგრძელდეს დროში? ლაპარაკის გარდა არაფერი კეთდება და, პირიქით, უარესად მიდის საქმე.
მაინც უარესად მიდის საქმე, როცა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ლარი ძალიან კარგად იქცევა, იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში“?!
- ეს განცხადება სწორად გაკეთებულად არ მიმაჩნია. რას ნიშნავს, ლარი კარგად იქცევა? მოდით, გავმიჯნოთ, არის ბუნებრივი ქცევა და არის არაბუნებრივი ქცევა. თუ ლარი ბუნებრივად დაეცა 2.5-მდე, მაშინ ბოლო თვეებიის მანძილზე რატომ უშლის ხელს სახელმწიფო ლარის გამყარებას? ნუ ერევა სახელმწიფო და გვექნებოდა კურსი 1.7. მეორეც, სახელმწიფო ბიუჯეტში პარამეტრი არის დაახლოებით 2 ლარი და 40 თეთრი. შესაბამისად, თუ გიწერია ბიუჯეტში 2 ლარი და 40 თეთრი, სახელმწიფოს თვითონ არ აქვს გადაწყვეტილი ლარის კურსის გამყარება. ლარის კურსის გამყარება დაკავშირებულია ლარზე მოთხოვნის ზრდასთან. ეს კი არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად ამოცანაში. ასე რომ, კობა გვენეტაძის პოზიცია გასაგებია, საკმაოდ ჯანსაღია, ქადაგიძეც ამავეს ამბობდა, მაგრამ არ აკეთებდა საქმეს ადეკვატურად. თქვენ თუ ნახავთ ეროვნული ბანკის გამოცემებს 2004-დან 2016 წლის ჩათვლით, ყველგან წერია ლარიზაცია, ლარიზაცია და ისევ ლარიზაცია. ამიტომ სახელმწიფომ გახსნას ბაზარი. 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი რატომ უდევს ჯიბეში კომერციულ ბანკებს? რატომ არ აქვს ჩვენს მოსახლეობას უფლება, პირდაპირ ასესხოს სახელმწიფოს ფული?
აქ კომერციული ბანკების ინტერესების ლობირება ჩანს სახელმწიფოს მხრიდან?
- ეს ორმხრივი თამაში გამოდის, ანუ სახელმწიფოს ასე აწყობს. უბრალოდ, კომერციული ბანკები თავში წამოსაკრავი ელემენტები არიან, რეალურად თავი და თავი მაინც სახელმწიფოა და მერე ხდება ბანკებზე ხელის შეწმენდა. სანამ სახელმწიფო რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, არ შეცვლის კანონებს თუნდაც საფონდო ბაზრის მხრივ, არაფერი გამოვა. საფონდო ბაზარი მოკლულია. ვინ მოკლა? სახელმწიფომ? თავისი კანონებით. რეალურად, არავის აწყობს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სათავეში, ეს არავის არ აწყობს, უბრალოდ, სიტყვებით თამაშობენ.