ექსპრემიერი თვლის, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის პრობლემა იქნება. რამდენად ეფექტური იყო კოალიციური მთავრობა, როგორც სახელმწიფო მართვის მოდელი, შეფასებისგან თავს იკავებს უმრავლესობა. მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხდებით, კოალიციური მთავრობა ვინმესთვის შეიძლება მიზანშეწონილი არ იყო, მაგრამ ქვეყანა კოალიციურ მთავრობას ვერ აცდება.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ როგორც წესი, კოალიცია ძალიან ხშირად, სუსტ და არასტაბილურ მთავრობებში გამოიხატება, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ქვეყანა ძალიან ბევრ პრობლემას მიიღებს. მისი თქმით, ასეთი ეკონომიკისა და მცირე დაფინანსების პირობებში როგორშიც საქართველოა, ძალიან რთული იქნება და ხელს შეუშლის საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას.
„კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დემოკრატიისთვის კარგია და ამას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, მაგრამ ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს „ქართული ოცნება“ ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ.
ასეთი მთავრობები ძირითადად რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ. მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასეთი ეკონომიკის და მცირე დაფინანსების პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას. თუ შედგა სუფთა კოალიციური მთავრობა, რისი ალბათბაც ამ არჩევნებზე არის 1-2%, რაც ძალიან ცოტაა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ ახალ პრობლემებს მივიღებთ. მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“. არავის ეჭვი არ აქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, თუ გინდათ, რომ კარგი მთავრობა გყავდეთ, პრემიერს ყავდეს კარგი ზურგი. „ქართული ოცნება“ ისედაც გაიმარჯვებს, ისედაც ეყოლება უმრავლესობა პარლამენტში - ეს ასე არ არის. აუცილებლად, ერთ პარტიას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე იზიარებს ექს-პრემიერის მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს, რადგან, მისივე თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ის სცენარი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.
„ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაცემები და არაფერს არ ამბობს შემთხვევით, ყველფერი რასაც ამბობს, რაღაცას ეფუძნება და მათ შორის მის მიერ დეკლარირებული სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის მიზანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდეს ძირითად მტრად, რომელსაც რევანშისტული სურვილი აქვს.
ეს სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ უმრავლესობამ კოალიციის გარეშე მართოს ქვეყანა. ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მესამე სივრცეს განეკუთვნებიან და რომლებიც, გასვლის შემთხვევაში, შეიძლება, „ნაციონალირი მოძრაობის“ მოკავშირეები გახდნენ უკვე, შიგნით, პარლამენტში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.
კოალიციური მთავრობის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, მსგავსი სისტემა ჩვეულებრივი მოვლენაა დასაველთის ქვეყნებში. მისივე თქმით, სწორედ კოალიციური მთავრობის დამსახურებაა ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ პროგრესის მიღწევა.
„ერთპარტიულმა მთავრობებმა და უმარვლესობებმა რაც მოგვიტანა, წინ გვიდევს მაგალითის სახით 25 წელია. პროგრესი, რომელიც დღეს მიღწეულია, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, გარკვეული წინსვლა დემოკრატიისკენ, ეს, სწორედ რომ, კოალიციური მთავრობის დამსახურებაა.
თუ ვინმეს ეს არ სჯერა, აუცილებელი არ არის დასავლეთში წასვლა, გადახედოს საქართველოს უახლეს ისტორიას და ნახავს, ერთპარტიულმა ხელისუფლებამ და მორჩილმა უმრავლესობამ რა ზიანი მოუტანა ქვეყანას, როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის მმართველოს დროს. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, როგორც ჩანს, სასინჯი ქვა გაუშვა მოსახლეობაში, თუ რა რეაქცია ექნება მოსახლეობას იმაზე, რომ რაღაც-რაღაცეები რომ ვერ გაკეთდა, თურემ ეს კოალიციური მთავრობის ბრალი ყოფილა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა, ძაბირაძის განცხადებით, ეს დამოკიდებულია არა ივანიშვილის სურვილზე, არამედ იმაზე, რა შემადგენლობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში შეცვლილია პოლიტიკური ვითარება და იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები კანონიერების ფარგლებში ჩატარდება, მმართველ გუნდს გაუჭირება უმრავლესობის მიღება.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უმრავლესობას ვერ მიიღებს „ქართული ოცნება“. ვნახოთ, როგორ განვითარდება ოქტომბრამდე პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს უმრავესლობის მოპოვება.
კეთილი ინებოს ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგი ანალიზის უნარი აქვს, გააკეთოს ანალიზი და გვითხრას რაში შეუშალა ხელი არსებულმა კოალიციურმა მთავრობამ, რომ უკეთესი შედეგი ყოფილიყო. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ თუ მომავალში კოალიციური მთავრობა იქნება, რეფორმები შეჩერდება, სწორი არ არის. ერთპარტიულ მთავრობას დიქტატურისკენ თუ არა, ავტორიტარიზმისკენ მაინც მივყავართ. ამის მაგალითია ჩვენი მძიმე წარსული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ყოფილი პრემიერის განცხადების პათოსს, რომ კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ქვეყნისთვის, იზიარებს მისივე ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, მოქმედი მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვით, რაც მთავრობას ერთიანობას აკარგვინებდა.
„კოალიციით მოსული და კოალიციის მმართველი ლიდერი, როდესაც ამას ლაპარაკობს, ეს ნაკლებად დამაჯერებელია და მისი მხრიდან ირიბი აღიარება იმისა, რომ კოალიცია არაეფექტურად მართავდა ქვეყანას. რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდში ფორმულირებულ კოალიცებს, ეს არ არის ხიფათი. ხიფათია მაშინ, როდესაც პარტიებს შორის არის მსოფლმხედველობითი სხვაობა. გარკვეულწილად, ამან შეიძლება ირიბი და არაპირდაპირი პრობლემები შექმნას ეკონომიკაში და ამ პათოსს გავიზიარებდი.
მაგრამ კონტრშეკითხვა მაქვს - რა რეფორმას ატარებს ხელისუფლება ეკონომიკაში? - ერთი რეფორმა დამისახელოს ივანიშვილმა რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაატარა. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ არანაირი რეფორმა არ ჩატარებულა და არც აპირებენ ჩატარებას. საუბრობენ მოდელებზე, მაგრამ თავად რომ შექმნან ის მოდელი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას და ჩაატარონ სისტემური ცვლილებები, ამაზე არავინ არ ფიქრობს. ინერციით მიდიან, დინებას მიყვებიან და ვერ პასუხობენ გამოწვევებს, ეს არის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.