თუ გამოცემა Wall Street Journal-ს დავეყრდნობით, ყველაზე ადრე ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეიძლება სექტემბერში მიიღონ. საქართველოს მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმს ზაფხულისთვის მიიღებდა, გაქრა იმ ახალი პრობლემების ფონზე, რომელიც ევროკავშირის ბლოკის უმსხვილესმა წევრებმა წამოჭრეს.
ბერლინის შეშფოთებას იწვევს გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, საფრანგეთში კი მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე, უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველომ უვიზო მიმოსვლა ვერ მიიღო.
გამოცემა Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ 8 ივნისს მიმართა ევროკომისიას თხოვნით, წარადგინოს ანგარიში ქართველი კრიმინალების დანაშაულზე ევროკავშირის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, საფრანგეთი და იტალია ითხოვენ, რომ ვიზალიბერალიზაციამდე უნდა დამტკიცდეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს. ამ მექანიზმის შემოღება კი სექტემბრამდე მოსალოდნელი არ არის.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციტივას სექტემბრის პირველ ნახევარში უყრის კენჭს. ეს განცხადება ბროკმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილებოდა.
ელმარ ბროკი ვარაუდობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრაზე გატანა ზაფხულში ვერ მოესწრება. ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ანდრეს მამკინსი, რომელიც ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბრის პირველ ან მეორე კვირაში უყრიან კენჭს.
ამასთან, როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპარლამენტის წევრებს კანონპროექტში შესწორებების წარსადგენად ბოლო ვადა 21 ივნისამდე აქვთ. ევროაპრლამენტის კომიტეტები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას ივლისში დაასრულებენ. საკანონმდებლო ინიციატივას 7 ივლისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უყრის კენჭს, 13-14 ივლისს კი სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი დაამტკიცებს.
შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის საქართველო საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა. როგორც იოჰანსონი აცხადებს, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კრიტერიუმებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კრიტერიუმები ყველაზე მეტად დააკმაყოფილა და მე ვაპირებ ამის თქმას დღევანდელ შეხვედრაზე. მე არ მსურს სხვა ქვეყნების შეფასებებზე საუბარი, თუმცა რაც შეეხება შვედეთის პოზიციას, მიგვაჩნია, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა“, - განაცხადა მორგან იოჰანსონმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყურადღებით აკვირდება ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რომლის განცხადებით, დასავლეთი გარანტიას გვაძლევს, რომ ვიზალიბერალიზაციას წლის ბოლომდე მივიღებთ.
„მთელ ამ პროცესებში, ყველა პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა პირობები. იმედია, ვიზალიბერალიზაციის საკითხი სექტემბრამდე გადაწყდება. თუ არა და, გარანტიას გვაძლევენ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროებით გადადება ევროპაში მიგრანტთა კრიზისს უკავშირდება და საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა. აღმასრულებელი ხელისუფლება არ იზარებს მოსაზრებას, რომ ვიზალიბერალიზაციის გადადებამ შესაძლოა, ქვეყანაში პროდასავლური ძალები შეასუსტოს და ამის ფონზე პრორუსული ძალების გავლენა გაიზაროს.
დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჰქონდა აღებული ევროკავშირის წინაშე.
„თუმცა აქ მოხდა მეორე ფაქტი, ეს ეხება არა საქართველოს, არამედ იმ საერთაშორისო ვითარებას, რომელიც შეიქმნა ზოგადად, ლტოლვილებთან დაკავშირებით. აი, ამ პროცესებთან არის დაკავშირებული, რომ დროებით გადაიდო, თუმცა აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ, რომ არის სრული თანხმობა იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არ იზიარებს ბრალდებებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღებაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უშლის ხელს. ვოლსკის თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და რომ არა ხელისუფლება, შესაძლოა, ამაზე მუშაობა კიდევ უფრო გვიან დაწყებულიყო.
„შიდა პროცესები აქ არაფერ შუაშია. პრეზიდენტიც ამ პოზიციაზეა. არასწორი იქნება, დავივიწყოთ, რომ საქართველოს პრაქტიკულად, ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს. პასუხი უნდა გაეცეს ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი სპიკერი მიმართავს. გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ჩვენ თითქოსდა გვიან დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა.
ჩვენ დავიწყეთ მოლდოვაზე გვიან, მაგრამ ჩვენ არა - საქართველომ. საერთოდ არ მიმდინარეობდა ამ თემაზე მუშაობა და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო სერიოზულად მუშაობა ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების რეალიზაციაზე. პრაქტიკულად, სამუშაო გეგმის განხორციელება გვიან დაიწყო და ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, შეიძლება, კიდევ უფრო გვიან დაწყებულიყო“, -აცხადებს გია ვოლსკი.
ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე თვლის, რომ საქართველოს ძალიან მცირე შანსი რჩება საკითხი მის სასარგებლოდ 20 ივნისის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდეს. მისივე თქმით, ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს სწორედ ამ დროისთვის მოახდინოს სრული მობილიზაცია.
„მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთოხების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინი, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას და რომელმაც წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება საბჭოში. მოგერინი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კონსენსუსზე და შეეცდება თავის პოზიციის გამოყენებას, რომ შეკრას გადაწყვეტილება ვიდრე - ჰოლანდია, რომელმაც შეიძლება ანგარიში გაუწიოს გერმანიის პოზიციას.
ეს იქნება მოგერინის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის კონკრეტული წარმატება და ამიტომ, მის ინტერესშიცაა საკითხის გადაწყვეტა. მოგერინიმ თბილისში ვიზიტისას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ არჩევნებამდე მიიღოს უვიზი მიმოსვლა“, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმ პარტნიორებთან რომლებიც ჯერჯერობით არ შეერთებიან ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის ინიციატივას. განსაკუთრებით კი, ეს ეხება პოლონეთს, შვედეთს, ასევე უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს.
„ჩვენს საელჩოებს ამ ქვეყნებში ძალიან ცხელი დღე და ღამე უნდა ჰქონდეთ წესით. უნდა გამოფხიზლდეს პარლამენტის მეგობარი ქვეყნების ჯგუფიც. რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრმა ან თავად მოგერინიმ უნდა გაუბედოს გერმანიას და კონსენსუსის ვერმიღწევის შემთხვევაში საკითხი გამოიტანოს კენჭისყრაზე. იშვიათად ხდება, მაგრამ იქნებ მოხდეს. აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ გერმანიამ ვერ შეკრას blocking minority საბჭოში, რაც სამწუხაროდ მარტივია“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
საქართველოს ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, რომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საქართველომ პრაქტიკულად ყველა საშინაო დავალება შეასრულა, ვიდრე ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არ მიიღებს, საქართველოს ლოდინი მოუწევს და სავარაუდოდ, 3 თვეში გაირკვევა კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს საქართველო უვიზო მიმოსვლას.