ვალერიან გორგილაძე: „ნაკლებად მაინტერესებს დასავლეთის რეაქცია“

ვალერიან გორგილაძე: „ნაკლებად მაინტერესებს დასავლეთის რეაქცია“

სოციოლოგი ვალერიან გიორგაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი,  ორჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, თუმცა, ეს უკანასკნელი კვლავ ინარჩუნებს მეორე პოზიციას. მისივე ინფორმაციით, მესამე პოზიციას იკავებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა. ეს არის სამი გამოკვეთილი ძალა და შესაბამისად, როგორც გორგილაძე ამბობს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მაღალი კონკურენციის ნიშნით ჩაივლის.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

კორცხელის ინციდენტის შემდეგ, პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად სწორია კახა კალაძისათვის საარჩევნო შტაბის ჩაბარება, მით უმეტეს, როდესაც ამ ინციდენტზე აპელირებს დასავლეთი?

ვალერიან გორგილაძე: ნაკლებად მაინტერესებს დასავლეთის რეაქცია და ვფიქრობ,  „ქართულ ოცნებასაც“ ნაკლებად უნდა აინტერესებდეს, რადგან დასავლეთის რეაქცია ხშირად არაადეკვატურია. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაირკვა, რომ თურმე გერმანიას და საფრანგეთს ქართული ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფებები აწუხებს და ამის გამო არ გვაძლევენ ვიზალიბერალიზაციას. როდესაც 80-მდე დავალებას გვაძლევენ, ვერც უარყოფს ვერავინ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ყველა დავალება შეასრულა.

მოულოდნელად ჩნდება აბსოლუტურად არარელევანტური პრეტენზიები რაღაც კრიმინალურ დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არ არის წესიერი საქციელი. რადგან, თუ კრიმინალში იყო პრობლემა, მანამდე უნდა ეთქვათ ევროპელებს ჩვენთვის, რომ თქვენ შეასრულებთ თუ არა დავალებას, მაინც ვერ მოგანიჭებთ ვიზაიბერალიზაციას იმიტომ, რომ თქვენ ხართ კრიმინალური ერი. ამდენად, არ მგონია, რომ დასავლეთს ყველამ ყველაფერში თავი უნდა უქნიოს. „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მენეჯერული  თვისებებიდან გამომდინარე კახა კალაძე უნდა იყოს შტაბის უფროსი. 

ფიქრობთ, რომ პოლიტექნოლოგიურად ეს სწორი სავლაა?

- თუკი გავითვალისწინებთ საარჩევნო შტაბის მართვის გამოცდილებას,  ასევე იმასაც, რომ კალაძემ გარკვეული მენეჯერული თვისებები გამოავლინა, არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კალაძის დანიშვნა კითხვის ნიშნებს იწვევდეს.

რაც შეეხება არჩევნებს, პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, მაგრამ არის ეს შესაძლებელი? 2012 წელს ხალხის მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, დღეს კი სხვა ვითარებაა...

- საარჩევნო კამპანიის მსვლელობამ უნდა მოახდინოს დამატებითი მხარდამჭერების მოზიდვა, რაც  „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად შეუძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს „ოცნებას“ დაუჭერს. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება ლოკალურად წინააღმდეგობების გაწევა, თუმცა შეტაკებები იქნება.

ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას  დესტაბილიზაცია და ძალადობა, რადგან ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს ეს არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაანახოს ყველას, რომ ის თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური ორგანიზაციაა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და ბევრად უფრო პოზიტიურად ატარებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ 95 მანდატის მიღება შეუძლია, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის რეიტინგი ეცემა. რამდენად უშვებთ შესაძლებლობას, რომ მმართველმა გუნდმა 95 მანდატი მიიღოს?

- ყველანაირი მონაცემებია საიმისოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლებელია  ხმების 35-40% აიღოს პარტიულ სიებთან მიმართებაში. მაჟორიტარული ფორმატიც უპირატესობას „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს, ვინაიდან აქ მნიშვნელოვანია აქტივისტების და ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც მიუხედავად ელექტორალური კრიზისისა, მაინც ბევრად უფრო დამაჯერებელი და მაღალია, ვიდრე სხვა პარტიების. ამ თვალსაზრისით თუ ვივარაუდებთ, მაჟორიტარების უმრავლესობას ასევე  „ქართული ოცნება“ დაეუფლება.

ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაცემები და არაფერს ამბობს შემთხვევით. ყველფერი, რასაც ამბობს, რაღაცას ეფუძნება, მათ შორის - მის მიერ დეკლარირებული სტრატეგიაც. ამ სტრატეგიის მიზანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდეს ძირითად მტრად, რომელსაც რევანშისტული სურვილი აქვს. ეს სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ უმრავლესობამ კოალიციის გარეშე მართოს ქვეყანა. ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მესამე სივრცეს განეკუთვნებიან და რომლებიც გასვლის შემთხვევაში შეიძლება „ნაციონალირი მოძრაობის“ მოკავშირეები გახდენ  უკვე შიგნით პარლამენტში.

არსებობს ის მესმე ძალა, რომელიც შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე გახდეს პარლამენტში?

- როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამას არ გამორიცხავს და შესაძლებელია, ჰქონდეს საფუძველი. ავიღოთ ბურჭულაძის განცხადება, რომელიც ამბობს - „ჩვენ თუკი მოვხვდებით პარლამეტში, არ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, ვითანამშრომლებთ ოპოზიციასთან“, - ალბათ იგულისხმება ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და „ლეიბორისტული პარტია“.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა რამდენად არის პრობლემა იგივე ხმების მობილიზაციის თვალსაზრისით „ქართული ოცნებისთვის“ ?

- ოცნებისთვის არის პრობლემა, ვინაიდან ბუჭულაძე ხმებს არ ართმევს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის ხმებს ართმევს „ქართულ ოცნებას“ და ამ თვალსაზრისით ბურჭულაძე არის გარკვეული რისკი. იგივე ივანიშვილის საარჩევნო პროცესში შემოსვლის მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ, ბურჭულაძეს ხედავს საკმაოდ საინტერესო მონაცემებით.

თქვენ ამბობდით, რომ რეიტინგის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებიდან ვის აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა?

- ბუნებრივია, „რესპუბლიკულ პარტიასაც“ აქვს შესაძლებლობა, ასევეა „ეროვნული ფორუმი“, „პატრიოტთა ალიანსსაც“ აქვს ეს შესაძლებლობა. ასევე, შანსებს ინარჩუნებს ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“. შალვა ნათელაშვილსაც აღმოაჩნდა გარკვეული შანსი, რომ გადალახოს ბარიერი. „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაშიც შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში მათმა რეიტინგმა შეიძლება კლება დაიწყოს. ამასთან, შეიძლება სხვა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებმა დაიწყოს ზრდა.

შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ რთული წინასაარჩევნო პროცესი გველის. დაპირისპირების კვალდაკვალ თუ იქნება კომპრომატების ომი, როგორც 2012 წელს?

-  ყველა ინტრუმენტი იქნება გამოყენებული. ალბათ, იქნება მძაფრი, ნეგატიური კამპანია, კომპრომატების ომი, სენსაციური კომპრომატების გავრცელება, მხატვრული ხრიკი, მათ შორის - ხაინდრავას ფილმების ციკლი... შესაძლებელია, ვიხილოთ სხვა მუსიკალური კლიპები. ამდენად, ამ დაპირისპრებას ვერავინ გამორიცხავს. სასურველია, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ცალკეულ ინციდენტებს, მაგრამ ძირითადი დაძაბულობა წარმართული იქნება ელექტრონულ მედიასივრცეში.

თქვენ ამბობთ, რომ რეიტინგის თვალსაზრისით რესპუბლიკელები მძიმე მდგომარეობაში არიან. იგივე მდგომარეობაში არიან ნაციონალებიც. ამ ვითარებაში, რამდენად შეძლებს მეორე ოპზიციური ძალის დაკავებას პაატა ბურჭულაძე?

- ამის შანსი აქვს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებას და სასურველიც იქნებოდა ეს კონფიგურაცია, მაგრამ რამდენად აწყობს ძალთა ასე გადანაწილება „ქართულ ოცნებას“ - ეს სხვა საკითხია. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდიც მძაფრი კონკურენციის პირობებში წარიმართება. დღესდღეობით, რა მონაცემებიც გამაჩნია, რეალური გასვლის შანსები ხუთ პოლიტიკურ პარტიას აქვს.

კიდევ, პოტენციური რესურსი გააჩნია ოთხ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელთა რეიტინგიც ამჟამად დაბალია, მაგრამ იმ რესურსის გათვალისწინებით, რა რესურსსაც ფლობენ, ვგულისხმობ წევრობას ცესკო-ში, დამკვირვებლებს, დაფინასნებას, უფასო სატელევიზიო სარეკლამო დროს, რაიონულ და რეგიონალურ ორგანიზაციებს, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობები, გადალახონ 5%-იანი ბარიერი.