დღეს მეცნიერებათა აკადემიაში დავით უსუფაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და გია ვოლსკის სახელზე გასაგზავნი ღია წერილი წაიკითხეს, რაც პარლამენტის მიერ აკადემიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. ორიოდე დღის წინ For.ge წერდა, რომ მეცნიერებათა აკადემიის მესვეურებს აკადემიკოსებისთვის ღია წერილის გაცნობის სურვილი 31 მაისსაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ კვორუმისთვის საჭირო მეცნიერების შეკრება ვერ მოახერხეს.
დღეს კი ვითარება უფრო მაჟორული იყო, რადგან კრებას 56 მეცნიერი ესწრებოდა და, როგორც მეცნიერებათა აკადემიის კრების დაწყებისას გამოაცხადეს, აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობა განისაზღვრებოდა 82 აკადემიკოსით, დღეს კი იმყოფებოდა 56 კაცი და ეს კვორუმისთვის მოთხოვნილ ნორმას აჭარბებდა. ასევე, მეციერებათა აკადემიას უერთდებოდა სოფლის მეურნეობის აკადემიაც, რომლის 35 მეცნიერიდან კვორუმით გათვალისწინებული 23 მეცნიერი დარბაზში იმყოფებოდა. ასე რომ, აკადემიკოსებმა ჩათვალეს, რომ კრება უფლებამოსილად ითვლებოდა.
წინა შეკრებებისგან განსხვავებით, დღევანდელ შეკრებას ხმაურით არ ჩაუვლია, რადგან აქ არ იყო არანაირი დისკუსია და მხოლოდ მიმართვის ტექსტი გააცნეს დარბაზში მყოფ აკადემიკოსებს. მათაც ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი პრეზიდიუმში მსხდომ აკადემიკოსებს. გამონაკლისი იყო მხოლოდ აკადემიკოსი გოგი ჩაგელიშვილი, მას მხარი ღია წერილისთვის არ დაუჭერია და, როცა For.ge დაინტერესდა მისი პროტესტის მიზეზით, გოგი ჩაგელიშვილმა აღნიშნა, რომ ნაძალადევად მიყვანილი, მორჩილი აკადემიკოსებისგან შემდგარ კრებას მიმართვის შემუშავების არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა. გოგი ჩაგელიშვილი აცხადებს, რომ ურეკავდნენ ყველას, მათ შორის, განყოფილებების სწავლულ მდივნებს და ეუბნებოდნენ, გვითხარით, ვინც არ მოვა კრებაზე, მათ ჩვენ დავურეკავთ და მოვიყვანთო. ზოგს კი ეუბნებოდნენ, თუ საჭირო იქნება, კრების ოქმს მოგიტანთ და ხელი სახლში მოაწერეთო.
გოგი ჩაგელიშვილი თვლის, რომ აკადემიკოსების ასეთი საქციელი თავისთავად უხერხული და არაჯანმრთელია, ეს არ არის აკადემიური სტილი.
მისივე თქმით, უმთავრესი დარღვევა ის იყო, რომ დღეს გამოაცხადეს, თითქოს აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობა 82-ით განისაზღვრებოდა, აქედან დათვალეს კვოტა 50 კაცის შემადგენლობით და განაცხადეს, ამაზე მეტი მოვიდაო, მაგრამ, სინამდვილეში, აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობა 96-ია (და არა -82). ამიტომაც არავითარი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდათ, გამოეცხადებინათ კვორუმი.
„ეს უბრალო გადაცდომა კი არა, კანონის დარღვევაა, რადგან ოფიციალურ ორგანოდ ითვლება აკადემიის საერთო კრება. ამ დროს კი აკადემიის ხელმძღვანელობამ საერთო კრების კვორუმის დადგენისას ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მათ აწყობდათ. ცხადია, როდესაც ადამიანებისთვის სანუკვარი ხდება აკადემიის პრეზიდენტობა, ყველაფერს კადრულობენ. მათი საქმიანობა ემსახურება თანამდებობის შენარჩუნებას და არა სისტემაზე ფიქრს. რასაკვირველია, ვინც ძალით მიიყვანეს, ყველანი დაუჭერდნენ მხარს, ისინი სწორედ მხარდასაჭერად მიიყვანეს და აქ არ იყვნენ თავისუფალი ადამიანები. თორემ ვინც თავისუფალი იყო, ის არ მივიდა. ამდენად, ასეთნაირად ჩატარებული კრება თავისთავად უკანონოა“,-აღნიშნა გოგი ჩაგელიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ კანონი უკვე მიღებულია და ხვალ გაიმართება პარლამენტში კენჭისყრა. თუმცა გოგი ჩაგელიშვილისთვის ერთი რამ არის გაურკვეველი, რატომ ახსენებს აკადემიის ხელმძღვანელობა ასე ხშირად გია ვოლსკის სახელს?! ამ რამდენიმე დღის წინ დენიზ დავითაშვილმაც ახსენა ვოლსკი, დღესაც სწორედ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს - გია ვოლსკის მიმართა აკადემიის ხელმძღვანელობამ ღია წერილით.
„რა შუაშია აქ ვოლსკი?! მე მგონი, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ ამ ადამიანს. რატომ არის მათი წერილის ადრესატი გიორგი კვირიკაშვილი, დავით უსუფაშვილი და მაინცდამაინც გია ვოლსკი?! ეს გასაკვირია. სხვათა შორის, აპირებდნენ ღია წერილი პრეზიდენტისთვისაც მიეწერათ, მაგრამ რატომღაც პრეზიდენტი ამოიღეს მიმართვის ადრესატთა შორის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ესენი თვლიან, თუკი აკადემიის რაღაც ნაწილი წინააღმდეგია, ამიტომ კანონი არ უნდა მიიღონ. არადა, თვითონ ხომ მეცნიერები არიან?! საერთოდ, ასეა მოწყობილი სოციუმი, რომ თავად სისტემა თავის თავს არასდროს ასწორებს, სისტემა ყოველთვის კონსერვატიულია, ყოველთვის ცდილობს ძველის შენარჩუნებას. ამიტომ, თუკი იტყვი, რომ ძველი სისტემის შენარჩუნება გსურს, ამით კარგს არ ამბობ. ასე რომ, დღეს არასწორად გამოაცხადეს სიითი შემადგენლობა, შემდეგ წაიკითხეს დასკვნები და არავითარი დისკუსია არ გაუმართავთ, იქ აზრის გამოთქმა არ ყოფილა. გარდა ამისა, ერთობლივი განცხადების შედგენას რა აზრი აქვს, როცა საერთოდ არ ეხება ეს საკითხი სოფლის მეურნეობის აკადემიას, ესენი სხვადასხვა ისტორიისა და ფუნქციების აკადემიებია. უბრალოდ, სოფლის მეურნეობის აკადემიასთან გაერთიანება იმისთვის დასჭირდათ, რომ შექმნან შეხედულება, თითქოს ბევრნი არიან და მათ უნდა გაუწიონ ანგარიში. ვიმეორებ, ამ ერთობლივ შეკრებას კანონიერი საფუძველი არ აქვს“.
For.ge-ს ინფორმაციით, აკადემიაში გამართულ კრებას არ ესწრებოდნენ რეზო გამყრელიძე, ერეკლე გამყრელიძე, მესტვირიშვილი, მეძმარიაშვილი, ნიკა ყიფშიძე, რომან შაქარიშვილი, გოჩა ჩოგოვაძე, ზურაბ წერეთელი, ბეჟან ჭანკვეტაძე, ჯუსოითი (რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო არასდროს ესწრება მსგავს შეკრებებს), თეიმურაზ კოპალეიშვილი და აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე და სხვები, კრებას არ ესწრებოდა სულ, აკადემიის 40 წევრი.
რაც შეეხება უშუალოდ მიმართვის ტექსტს, თავისი სამი ადრესატით, ის შემდეგნაირად ჟღერდა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული კრების მონაწილეების ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილის, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბატონ გია ვოლსკის.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტი განიხილა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებულმა კრებამ, კრებაზე გამომსვლელთა მოსაზრებების და შენიშვნების საფუძველზე გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ერთი ნაწილი სავსებით მისაღებია, მეორე ნაწილი კი მოითხოვს დახვეწასა და დამუშავებას. კრება მხარს უჭერს წინადადებას, რომ აკადემიის აკადემიურ საბჭოს, როგორც ადრე, ეწოდოს აკადემიის პრეზიდიუმი; მოსაწონია და აკადემიის მომავალი განვითარების თვალსაზრისით მიზანშეწონილია, რომ აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებდეს საქართველოს მთავრობა, როგორც ამას ითვალისწინებს შემოთავაზებული ცვლილებების პროექტი;
კრება იზიარებს კანონპროექტის სულისკვეთებას, რაც ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერთა ხელშეწყობასა და ქვეყნიდან ტვინების გადინების პროცესის რამდენამდე შემცირებაში აკადემიის როლის გაზრდას გულისხმობს; ამასთან ერთად, კრება თავს იკავებს, მხარი დაუჭიროს წინადადებას, რომელიც გვთავაზობს აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ეტაპობრივ ჩანაცვლებას ხუთი წლის ვადით არჩეული სტიპენდიატებით. ჩვენი აზრით, უფრო მისაღები იქნებოდა არა ჩანაცვლება, არამედ წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტის აღდგენა, რაც სრულებით არ გულისხმობს ახალგაზრდა, იმედის მომცემი მეცნიერებისთვის ზრუნვაზე ხელის აღებას და ამისთვის არავითარი ფინანსური რესურსი არ არის საჭირო; საქმე ისაა, რომ წევრ-კორესპონდენტის ჩანაცვლება მოკლევადიანი სტიპენდიატით საგრძნობლად ვერც ტვინების გადინების პროცესს შეაჩერებს, ვერც იმ პროცესს, რომელსაც ორივე აკადემია მილევად ვითარებამდე მიჰყავს. თუ ეროვნული აკადემიის მოქმედი კანონის მიღებამდე 110 წევრისგან შედგებოდა აკადემია, წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტის აღდგენის გარეშე 70-მდე შემცირდება, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია შემცირდება 55-დან 30-მდე, გარდა ამისა, წევრ-კორესპონდენტის სტატუსი ძირეულად განსხვავდება სტიპენდიატის შემოთავაზებული სტატუსისგან.
წესდების მიხედვით, წევრ-კორესპონდენტად შეიძლება გახდეს ის მკვლევარი, რომელმაც მეცნიერებას დიდმნიშვნელოვანი შრომები შესძინა, რეალურად ასეც არის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს თავიანთი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში. ის, როგორც აკადემიის სტაბილური წევრი, მონაწილეობს ყველა ძირეული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. წევრ-კორესპონდენტთა კორპუსი აკადემიკოსთა რიგების შევსებისა და გაახალგაზრდავების მთავარი რეზერვია. ჩვენ, ამავე დროს, მხარს ვუჭერთ სტიპენდიატის ინსტიტუტის შემოღებას 35 წლამდე ასაკის მკვლევართათვის და აკადემიასთან სათანადო ფონდის ჩამოყალიბებით. ჩვენი აზრით, შემდგომ დამუშვებას მოითხოვს კანონპროექტის მოთხოვნა „აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომლის ასაკი აღემატება 70 წელს“.
უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს ანალოგიური დაწესებულებების არჩევით თანამდებობებზე, მათ შორის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატების ასაკობრივ ზღვარს. აკადემია თავისი სპეციფიკით ძირეულად განსხვავდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, სადაც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ასაკობრივი ბარიერია დაწესებული. თავისებურება ის არის, რომ უნივერსიტეტის რექტორს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პროფესორს და, ამდენად, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რაოდენობა საკმაოდ დიდია და არჩევანიც ფართოა, მაგრამ მოქმედი კანონით, აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ აკადემიკოსმა. ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ ამ თანამდებობაზე არჩევით პირთა წრე შეზღუდულია.
ავტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კიდევ უფრო, ამჯერად უკვე ხელოვნურად ავიწროებს აღნიშნულ წრეს, თუ ამ კანონპროექტით ვიხელმძღვანელებთ, 63 წევრიდან არჩევანი უნდა გაკეთდეს 9 წევრთა შორის, დანარჩენი 54 აკადემიკოსი რჩება პასიურ ამომრჩევლად. დახვეწას საჭიროებს, ასევე, კანონპროექტის ნორმა, რომლის მიხედვით, აკადემიას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ მოქმედი კანონის იმ მუხლში, რომლის მიხედვით, აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც განსაზღვრავს თავის სტრუქტურას“...