მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვის წესი დაამტკიცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრში უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს. სამაგიეროდ, მაღლივი კორპუსების ბუმი უკვე ქალაქის პერიფერიებში გადაინაცვლებს და „ახლა პერიფერიებს დაამახინჯებენ ყოვლად უსახური და კონტექსტიდან ამოვარდნილი ცათამბჯენებით“.
მართალია, პერიფერიებსა და თბილისის ცენტრალურ უბნებს შორის დიდი სხვაობაა და პერიფერიებში ისტორიული უბნების პრობლემა არ დგას, მაგრამ სპეციალისტები თანხმდებიან, რომ არათუ პერიფერიების, არამედ ნებისმიერი ადგილის დამახინჯებაც არ შეიძლება.
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტება და სიმაღლის გადაჭარბება არსად არ შეიძლება. ამიტომ კარგი იქნება, თუკი საკრებულოს მხრიდან ეს აკრძალვა იმუშავებს. თუმცა, თუკი განაშენიანების გეგმების კეთება ისევ კერძო პირთა ხელში დარჩა, ცხადია, კერძო ინვესტიციები, კერძო პირები განაშენიანების რეგულირების გეგმაში ინიცირებას მოახდნენ და ეს გამოვა ახალი ხვრელი კანონში. საუბარია იმაზე, რომ თავიანთი ანტისაზოგადოებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე, კერძო პირები ისევ გადააჭარბებენ K2-ე კოეფიციენტს და ეს მოსალოდნელიცაა.
„როგორ შეიძლება, კერძო პირმა შეიტანოს განაცხადი და ამ განცხადებისა და ფულის გადახდის საფუძველზე მიიღოს შენობებზე დასაშვები ნორმის გადაჭარბების უფლება?! ახლა ეს გადაჭარბება პერიფერიებს დააწვება ტვირთად და უკვე იქ დაიწყება მაღლივი სართულების ბუმი. ამას ემატება ამ დაშენებებით გამოწვეული მდგრადობაც. ეს კონსტრუქციული ანგარიშის საქმეა, მაგრამ, თუ წინასწარ შეუკვეთეს კონსტუქტორს, რომ გადაჭარბებულ დატვირთვას უნდა უძლებდეს მისი კონსტრუქცია იმიტომ, რომ წინასწარ აქვთ განსაზღვრული მასზე დაშენება, ცხადია, შენობა ამ დატვირთვას გაუძლებს, ხოლო, თუკი ეს იმპროვიზირებულად მოხდა და კონსტრუქციები არ იყო გათვლილი ნაგებობის სიმაღლეზე, მაშინ საშიშია. ამიტომ ეს ფაქტები კონკრეტულად განსახილველია. სახლი თუ დაინგრევა, პასუხს აგებს კონსტრუქტორი.
ვერეს ხეობაში გზის გაყვანის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, არავითარი პასუხი მისმა დამპროექტებელმა არ აგო, ხელი დააფარა ხელისუფლებამ. ყველა მშრალად გამოვიდა, მათ შორის, პირველ რიგში, მისი დამპროექტებელი შილაკაძე. ასე რომ, იმის იმედი კაცს ვერ ექნება, რომ ამ დაშენებების შედეგად სწორად მიდის საქმე. კითხვები ლეგიტიმურია, სწორად ხდება კი შენობის დაპროექტება, რომ მან ნებისმიერ სართულს გაუძლოს?“ - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვის წესის დამტკიცება დაგვიანებული რეგულაციაა, რომელმაც ადამიანებს თბილისის არქიტექტურასა და ქალაქზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარი კუჭის კეთილდღეობაზე ზრუნვის დიდი გასაქანი მისცა. ეს ადამიანები კოეფიციენტების ლავირებას საკუთარი მიზნის განსახორციელებლად იყენებდნენ, რაც მსოფლიოში არსად ხდებოდა.
„ქალაქგეგმარების პრობლემებს არეგულირებენ K1, K2,K3 კოეფიციენტებით. თუმცა მათი დარღვევა გარკვეული პერიოდის, გარკვეული ხელისუფალის მიერ იყო დაწესებული და მის ინტერესებს მორგებული. უკვე მეოთხე წელიწადია, ის ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ დიდად სამწუხაროა, რომ ეს დარღვევები დღემდე მაინც ხდებოდა. ქალაქი უნდა განვითარდეს გენერალური გეგმის მიხედვით. ასეა მთელ მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი ერთადერთი მხოლოდ საქართველოა, რომელიც სტიქიურად ვითარდება. რაც შეეხება პერიფერიების დამახინჯებას, ამასაც მართვა სჭირდება, პერიფერიებში მშენებლობაც სტრატეგიულ მიდგომას, გენერალურ გეგმას და კონცეფტუალურად არქიტექტურული პროექტების გაკეთებას მოითხოვს. პერიფერიებიც არ უნდა დავამახინჯოთ ისევე, როგორც თბილისი.
სხვათა შორის, პერიფერიებში გადავიდა ყველა დიდი ევროპული დედაქალაქი, ააშენეს ახალი სატელიტი ქალაქები და მშვენივრად ცხოვრობენ და არსებობენ ეს ქალაქები. გარდა ამისა, განიტვირთა ისტორიული ზონა. მართალია, ამით ქალაქის ცენტრში უძრავ ქონებაზე ფასები, ალბათ, მოიმატებს, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა ვიყოთ. მოიმატებს ფასები და მოიმატოს, რაღაც ხომ უნდა გადარჩეს?“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია და შეკითხვის საპასუხოდ, კოეფიციენტების გაზრდის გამო მაღლივი სართულების დაშენება რამდენად სახიფათოა, განმარტავს, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი და უნამუსო მშენებლები, როგორც ეს ჩვეულებრივ ყოფაშია.
„შესაბამისად, შეიძლება, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მშენებელი წესების დარღვევით მოქმედებდა, მაგრამ მაინც მინდა დავიჯერო, რომ შენობათა უმრავლესობა უსაფრთხოა. ყოველ შემთხვევაში, ამ ნაგებობების შემოწმება სასურველია. ასე რომ, ახალი მშენებლობების რეცენზირება უნდა მოხდეს თუნდაც იმ დონეზე და იმ წესებით, რომლებიც ჰქონდა საბჭოთა კავშირს, სადაც ვერანაირი დარღვევა ვერ გაეპარებოდათ და მშენებლობაზე მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული“.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ახალი გადაწყვეტილებით, K2 კოეფიციენტის შეზღუდვის შემდეგ მშენებლებს დასაშვებზე მეტი მიშენების განხორციელება აეკრძალათ. აღნიშნული რეგულაციით, დედაქალაქის ცენტრალური უბნები (მთაწმინდა, ვაკე-საბურთალო, დიდუბე-ჩუღურეთი, კრწანისის რაიონი) მაღლივი შენობებით აღარ გადაიტვირთება, რადგან K2 კოეფიცენტი შენობის საერთო მოცულობას განსაზღვრავს.