„ჩვენი ეკონომიკისთვის მინუსებს უფრო მეტს ვხედავ ვიდრე პლუსებს“

„ჩვენი ეკონომიკისთვის მინუსებს უფრო მეტს ვხედავ ვიდრე პლუსებს“

რუსეთსა და თურქეთს შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბული რჩება და როგორც ექსპერეტები ვარაუდობენ, ქვეყნები კომპრომისზეც რომ წავიდნენ, ნაკლებად სავარაუდოა მათი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ძველი ფორმით შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, საუბარია წელიწადში 30 მლრდ-დოლარიან სავაჭრო ბრუნვასა და დაახლოებით 2 მლრდ-დოლარიან ინვესტიციაზე. ექსპერტების ვარაუდით, ეკონომიკური პრობლემები ორივე ქვეყანაზე მნიშვნელოვნად აისახება.

არანაკლებ საინტერესოა რა მდგომარეობა შეექმნება ქართულ ეკონომიკას, რომელიც ამ ორ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაზეა მიბმული.

„თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და თუ ამ ქვეყნებში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ეს ბუნებრივად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. სამწუხაროდ, რუსეთსა და თურქეთს შორის მოვლენების შემდგომ ესკალაციას არ ექნება დადებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - დიდი ალბათობით, შემცირდება ეკონომიკური ზრდა, გაიზრდება სიღარიბის დონე და საფრთხის წინაშე დადგება მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელს გახდის ამ უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას“, - წერს ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და იქვე მოჰყავს მიმდინარე წლის სტატისტიკა:

„მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა 962.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 17%-ს შეადგენს, ხოლო, რუსეთიდან განხორციელდა 413.1 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი, რაც მთელი იმპორტის 7.1%-ია. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, თურქეთი არის პირველ ადგილზე, ხოლო, რუსეთი კი, მეოთხეზე თურქეთის, ჩინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოდან ექსპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში რუსეთში განხორციელდა 110 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი, ხოლო, თურქეთში კი, 146 მილიონი დოლარის ღირებულების. ამ სფეროში თურქეთი მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის შემდეგ, ხოლო რუსეთი, მეხუთეზე და მასზე წინ არიან ასევე ბულგარეთი და სომხეთი“.

როგორც ბასილია აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე დიდ გავლენას ახდენს უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, რომლებსაც ძირითადად ქართველი ემიგრანტები ურიცხავენ საქართველოში მცხოვრებ თავიანთი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 359 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების დაახლოებით 40%-ია, ხოლო, თურქეთიდან - 58 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, საკმაოდ დიდია ამ ქვეყნების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე და შესაბამისად, მოსალოდნელია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები.

ექსპერტ, ემზარ ჯგერენაიას მოსაზრებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ რა ზომებს მივიღებთ.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითადი მიმწოდებელია, მით უმეტეს ციტრუსის, მისი შეზღუდვის შემთხვევაში საქართველოს, რომელსაც აქვს ცირტუსი, შეუძლია ეს პროდუქტი რუსეთში უფრო მეტი რაოდენობით გაიტანოს. ასეთი პოლიტიკის გატარების პირობებში საქართველომ შეიძლება იხეიროს კიდეც. როგორც ითქვა, თურქ გადამზიდავებს რუსეთის საზღვარზე არ უშვებენ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ისინი ქართველმა გადამზიდავებმა ჩაანაცვლონ. ასე თუ ვიმუშავებთ, შესაძლებელია რაღაც მოგების მიღება. რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, უმჯობესია, ჩუმად ვიყოთ და თვალი ვადევნოთ როგორ აგვარებენ ეს ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობებს“,- მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია.

ექსპერტ გია ხუხაშვილის ვარაუდით, გარკვეულწილად შეიძლება გაიზარდოს ქართული ექსპორტიც, მაგრამ რა კომენტარებიც ისმის რუსეთის მხრიდან, როდესაც იმპორტის ჩანაცვლებაზე საუბრობენ, ისინი განიხილავენ სხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველო არ სახელდება.

„საუბარია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთთან არ გვაქვს ისეთი დალაგებული ურთიერთობა, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ველოდეთ. ამის გარდა, ფიზიკურად არ გაგვაჩნია ის პოტენციალი, რომ რუსეთში ექსპორტი გავზარდოთ“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით, თუ დაძაბულობის ხარისხი მოიმატებს, სიტუაცია გართულდება, რადგან ჩვენ მიბმული ვართ როგორც თურქეთზე, საიდანაც იმპორტი უზარმაზარია, ასევე რუსეთზე, რომელზეც ექსპორტის დიდი წილი მოდის, ჩვენი მწირი ექსპორტის მიუხედავად.

„ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება ქართულ ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვაქვს უსუსტესი ეკონომიკა, ამიტომ მას დამატებითი რყევები აღარ სჭირდება, ამიტომ არასასურველია დაძაბულობის ესკალაცია.

თუ დაძაბულობა სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება, ჩვენ ბაზრის დივესიფიცირება დაგვჭირდება, იმიტომ, რომ კვების პროდუქტებზეც კი, უზარმაზარი იმპორტის გამო დამოკიდებული ვართ განსაკუთრებით თურქეთზე. რაკი საქართველოს შესაბამისი მარაგები არ გააჩნია, ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს გეგმა, დაძაბულობის შემთხვევაში რა რესურსებით შევავსებთ იმპორტის დეფიციტს და რას მოვიმოქმედებთ ექსპორტთან დაკავშირებით“, - მიიჩნევს გიორხელიძე.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველოს ეროვნულ ვალუტას ეს პროცესები მყისიერ პრობლემებს არ შეუქმნის, თუმცა, მთლიანობაში, შეეხება. როგორც გიორხელიძე აღნიშნავს, უამრავი ფაქტორია, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უამრავი მოქალაქე თურქეთსა და რუსეთშია დასაქმებული, ამ ქვეყნებში სიტუაციის ესკალაცია ბუნებრივია, ფულად გზავნილებზეც აისახება. რაკი სტაბილური სავალუტო შემოსავლები პრობლემაა ქვეყანაში, ესეც მოახდენს ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე“,- აცხადებს გიორხელიძე.

გია ხუხაშვილი თვლის, რომ ქართულ ეკონომიკასთან დაკავშირებით რეგიონში შექმნილ ვითარებას გარკვეული პოზიტიური განვითარებაც შეიძლება ჰქონდეს და ნეგატიურიც.

„გამიჭირდება მთლიანობაში შევაფასო, მაგრამ თუ ესკალაცია გაგრძელდა და შეიქმნა გარკვეული პრობლემა, საქართველომ რაღაც მიმართულებით პოზიტივიც მიიღოს. მოგეხსენებათ, ბუნებრივი გაზის 50%-ზე მეტს რუსეთიდან იღებს თურქეთი. თუ სიტუაცია ცივი ომის ფაზაში გადავიდა და ეკონომიკური პროცესები შეჩერდა, შესაძლებელი იქნება ამ დეფიციტის „შაჰ დენიზის“ მაგისტრალიდან შევსება; „შაჰ დენიზი 2“-ის მშენებლობის დაჩქარება“,- აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზა საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ მეტი გაზის გატარებას ითვალისწინებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პროექტი საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: საქართველო გააძლიერებს საკუთარ, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, როლს; დამატებითი გაზის გატარების შემთხვევაში, საქართველოში შესაძლებელი გახდება გაზზე არსებული მოთხოვნის 75%-ის დაკმაყოფილება მსოფლიოში არსებულ საბაზრო ფასებთან შედარებით თითქმის სამჯერ უფრო იაფად.

პროექტის მიხედვით, შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის ფარგლებში პირველი გაზის მიწოდება თურქეთის და საქართველოს მომხმარებლებისთვის სავარაუდოდ, 2018 წლისთვის დაიწყება, ხოლო ერთი წლის შემდეგ დამატებითი გაზის მიწოდება განხორციელდება საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.

გია ხუხაშვილი მიჩნევს, რომ ასეთი პოზიტივის მიუხედავად, ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს.

„თუ გავითვალისწინებთ თურქეთის საკმაოდ აგრესიულ მარკეტინგულ პოლიტიკას, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ შეიძლება განსაზღვროს თურქეთის ახალი პოლიტიკა, რაც ახალ ბაზრებზე საკმაოდ აგრესიულ შესვლას გულისხმობს. შესაძლოა, საქართველო მისთვის დიდი ბაზარი არ არის, მაგრამ აქ უკვე არჩევანის გაკეთების საშუალება არ იქნება და რაც არ უნდა სასაცილო იყოს, შესაძლოა, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, მათ შორის ცირტუსზეც კი, მოხდეს თურქული პროდუქციის დაწოლა, რამაც შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას ადგილობრივ პროდუქციას“,- მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ამ ყველაფერმა შესაძლოა არაპირდაპირი, მაგრამ ირიბი პრობლემები შეუქმნას ქართულ ექსპორტსაც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, რადგან თურქეთი დაიწყებს ჩვენი საექსპორტო ბაზრების აგრესიულ ათვისებას და შესაძლოა, ჩვენმა ექსპორტიორებმა ამ კონკურენციას ვერ გაუძლონ. ხუხაშვილის აზრით, ასეთი ტიპის რისკები თურქეთის ბუნებიდან გამომდინარე, არსებობს.

კიდევ ერთი სფერო, რომელსაც რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მოშლა დარტყმის ქვეშ აყენებს - ტურიზმია. რუსეთის ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ ტუროპერატორებს თურქეთში ტურები უკვე აუკრძალა. აკრძალვის მიზეზად ტერორიზმის საფრთხე დასახელდა. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, გამოთავისუფლებული სეგმენტი საქართველომ აითვისოს, თუმცა ქართველი ექსპერტები ამ პერსპექტივასაც ეჭვქვეშ აყენებენ.

„ტურიზმთან დაკავშირებით ისმის, მათ შორის, რუსი ექსპერტების მოსაზრებებიც, რომ თუკი თურქეთი ჩაიკეტება, რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ, რასაც არ ვიზიარებ, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც არ არის დალაგებული. ამ მიმართულებით უფრო დიდ პრობლემებს ველოდები, რადგან შესაძლოა, აზერბაიჯანელი ტურისტები და არა მხოლოდ ისინი, საქართველოდან წაიყვანონ - ისეთი პირობები შესთავაზონ, რომ ფინანსურად უღირდეთ თურქეთში დასასვენებლად განგზავრება. ანუ შესაძლოა, ტურიზმმაც დიდი დარტყმა მიიღოს“,- ვარაუდობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი უკვე უნდა ითვლიდეს, რა შედეგები ექნება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ამ პროცესებს, რადგან რუსეთიც და თურქეთიც საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედიან და ეს ქართულ ეკონომიკაზე რომ აისახება, ცხადია.

„ჩვენი ეკონომიკისთვის მინუსებს უფრო მეტს ვხედავ ვიდრე პლუსებს. ვფიქრობ, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვის გაძლიერება გახდება აუცილებელი, რათა ეს პრობლემები დავძლიოთ, რომელიც იმედია, მოკლევადიანი იქნება“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.