რა არის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - სიტყვები თუ საქმე? სწორედ ამ კითხვას სვამს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი თავის სტატიაში, რომელიც ევროკავშირის „მკაცრ საუბარსა“ და „რბილ მოქმედებას“ ეხება საქართველოსთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიღებულა, ევროკომისიამ თბილისს გაფრთხილება გაუგზავნა: თუ აგვისტოს ბოლომდე რიგი პირობები არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა მოსალოდნელი.
ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა
რამდენად სერიოზულია ეს ვადა, როცა პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, მხოლოდ 20 ოქტომბერს გაიმართება? იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თბილისზე ზეწოლის მექანიზმად რჩება, რაც კვალიფიციურ უმრავლესობას საჭიროებს. ამ იდეის წინააღმდეგ კი რვა წევრი სახელმწიფო, იტალიის ხელმძღვანელობით, გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და არაპროპორციული ზომა იქნება. მმართველი გუნდი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შეაფერხებს, ან ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ დააყენებს, მხოლოდ დააზარალებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს პარტნიორებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას და მზად არის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამ დაპირისპირების ფონზე, ჩნდება კითხვა, რამდენად შეუძლია ევროკავშირის მაღალჩინოსნების, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მიერ გაგზავნილ წერილებს, გაამართლოს მოლოდინები და ხელი შეუწყოს არსებული კრიზისის მოგვარებას.
„მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და არ დაუშვან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც რუსეთის ინტერესებში იქნება.
საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას და მზად არის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა ჩვენი ქვეყანა სრულფასოვნად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. გვჯერა, რომ კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთგაგების გზით, შევძლებთ ყველა არსებული გამოწვევის დაძლევას“, - აცხადებენ მმართველ გუნდში. „ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ საქართველო ომში ჩართვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ხელისუფლების ცვლილება.
„დღეს ეს თითქოს დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ თუკი ვინმეს, ვინც საქართველოში თავის ქვეყანაზე არ ფიქრობს და მათ გარე დამკვეთებს სჭირდებათ საციცოცხლოდ მნიშვნელოვნად და მაშველ რგოლად რამე, ეს არის ჩვენს ქვეყანაში იმ თემის გააქტიურება, რასაც ომში ჩართვა ჰქვია და გეტყვით რატომ. გარშემო სიტუაციას ვხედავთ, სირიის, ირანის, უკრაინის თემებზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ გარშემო ჩვენი ქვეყანა არის ცეცხლის რკალში.
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. დღეს, კულისებშიც რაც ხდებოდა მაშინ, აღარ ხდება, არავინ აღარ გვეუბნება ომი დაიწყეთო, განსხვავებით რამდენიმე წლის წინა პერიოდისგან, მაგრამ იმაში არიან დარწმუნებულები, რომ რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ გვადგება ამ „გლობალურ ინტერესებში“, რომ მაშველ რგოლად მოგვევლინოს საქართველო, იყოს ომის რიტორიკა და შემდეგ ომში ჩართვა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ხელისუფლება გამოიცლება და იქნებიან ის ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც ერთი თითის დაწკაპუნებაზე, იმას გააკეთებენ, რასაც ეტყვიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა, რაც წინა კვირასაც გამოჩნდა. ახვლედიანის თქმით, უნგრეთი და სლოვაკეთი არ არიან ერთადერთი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერად გვევლინებიან. მათი რიცხვი გაცილებით მეტია, რისი ნათელი მაგალითიც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოჩნდა.
„ევროკავშირის მრავალი ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციას ძალიან პრაგმატულად უყურებს. მათ კარგად ესმით, რომ თუ საქართველოს ყოველგვარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებენ, ეს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას გამოიწვევს. ევროკავშირის ბევრ ქვეყანას არ სჯერა, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ოპოზიციამ ამის ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარადგინა. მათ ასევე მშვენივრად დაინახეს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკუთარი ნებით წავიდნენ ციხეში და არანაირი პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. დიდმა ნაწილმა მკაფიოდ დაინახა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, შანტაჟი და მუქარა არასამართლიანია. მათ გააცნობიერეს, რომ არ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ასეთი არაადეკვატური ურთიერთობა. ისინი ხედავენ ქვეყანაში ხალხის რეაქციას - მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში არ გამოდის და ხალხში არ არის განცდა, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ამიტომაც რვა ქვეყანა, რომელმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, ჩვენს დასჯას არ ემხრობა“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ბევრმა უკვე გააცნობიერა, რომ საქართველოს თავად კრავენ ხელს და ევროკავშირის პერსპექტივას ამ შანტაჟით თავადვე უკარგავენ შესაძლებლობას.
საქართველო - რეგიონის მთავარი პარტნიორი და სატრანზიტო ჰაბი
„მთელი რეგიონის მასშტაბით საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც, როგორც ევროპის, ასევე ამერიკის მთავარი პარტნიორია. კავკასიაში კარგად იციან, რომ საქართველოს გარეშე, ვერაფერს გახდებიან. საქართველოს დაკარგვით, მთელ კავკასიას დაკარგავენ. ჩვენ ვართ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მთავარი კვანძი. ამას ბევრი ქვეყანა ევროკავშირში მშვენივრად აცნობიერებს. ამიტომაც, ჩვენ ვართ ევროპაში ტვირთების გადაზიდვის მთავარი ხიდი და დერეფანი. თუ ჩვენს შანტაჟს გააგრძელებენ და ქართველ ხალხს იმ მონაპოვარს წაართმევენ, რაც წლების განმავლობაში, საკუთარი ბრძოლით მოიპოვეს, რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენი ხალხის მხარდაჭერას დაკარგავს. იმედგაცრუება დიდი იქნება და ეს იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსების გასაკეთებელ საქმეს თავად აკეთებენ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ახირება, რომ თუკი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინ რუსეთი მათ მიადგება და ამიტომ, რეზერვში სხვა ქვეყანა, ანუ საქართველო უნდა იყოს, ძალიან ნათლად ჩანს. მათი მცდელობების მოტივაციაც საქართველოს წინააღმდეგ, სწორედ ეს არის.
„ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის, რა არის ამ ხალხის მცდელობების ლოგიკა. ახლა კავკასიაში სომხეთს გადაეკიდნენ და ვხედავთ, ფაშინიანი რას აკეთებს, როგორ არიგებენ მას და რა არეულობის წინაშეც დგას სომხეთი. რაც საქართველოში არ გამოუვიდათ, ახლა იქ ცდილობენ. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ჭკვიანურმა მოქმედებებმა კაია კალასი და მისი ამფსონები მდგომარეობიდან გამოიყვანა და შანტაჟის წერილების წერაზე არიან გადასულები, თუმცა აგვისტოც გავა და ეს მუქარა ვერ შესრულდება. სხვა ევროპული ქვეყნები მათ ამის საშუალებას არ მისცემენ და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს ახვლედიანი.