„სალომე ზურაბიშვილთან მიბრუნება მარცხისთვის განწირული, მორიგი წამგებიანი ნაბიჯი იქნება“

„სალომე ზურაბიშვილთან მიბრუნება მარცხისთვის განწირული, მორიგი წამგებიანი ნაბიჯი იქნება“

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი ციხიდან წერილს აგზავნის. გიორგი ვაშაძე ოპოზიციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით,წინააღმდეგობის პლატფორმის და თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილე რვა პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით გაერთიანებას სთავაზობს. რადიკალურ ოპოზიციაში სიტუაცია აიჭრა - ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ნაწილი - მონაწილეობს. საინტერესოა ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გიორგი გახარიას პარტიისა და „ლელოს“ მონაწილეობით, შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი მესამე პოლიტიკური ძალის კონტურებიც კი გამოიკვეთოს. ამ საკითხებზე, For.ge ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა. 

- ბატონო ზაალ, რამდენად სწორი და პერსპექტიული იქნება გიორგი ვაშაძის შეთავაზება სალომე ზურაბიშვილთან გაერთიანების შესახებ?

- ზურაბიშვილთან ხელახლა მიბრუნება, როგორც ლიდერთან, ერთ რამეზე მეტყველებს, რომ თავად ოპოზიციას აშკარად უჭირს იმ ადამიანურ რესურსში, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებისთვის სანდო და მისაღები ახალი ლიდერი. სხვაგვარად ვერაფრით ავხსნი იმას, რომ ოპოზიცია მერამდენეჯერ უბრუნდება გაჭრილ კარტს - სალომე ზურაბიშვილს. რამდენიმე პარტიამ ეს გააკეთა, მაგრამ ვნახეთ, რომ აქედან არაფერი გამოვიდა. ამიტომ, საზოგადოებაში მისი პოპულარობა, მისდამი სანდოობა არასდროს ყოფილა მაღალი, მიუხედავად მცდელობისა, მისგან გამოეძერწათ ახალი პოლიტიკური ლიდერი. სალომე ზურაბიშვილთან მიბრუნება მარცხისთვის განწირული, მორიგი წამგებიანი ნაბიჯი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ოპოზიციას სხვა გზა აღარ დარჩენია. ეტყობა, ვერ პოულობენ სხვა კანდიდატურას, ან ის კანდიდატები, რომლები შეგულებული ჰყავდათ, უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ თბილისის მერის არჩევნებში.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, მეორე ნაწილი უარს ამბობს და არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. თქვენი აზრით, ეს პროცესი როგორ იმოქმედებს ოპოზიციურ სპექტრსა და მის ამომრჩეველზე?

- ამას, გარკვეულწილად, დადებითი ეფექტი ექნება. დავეთანხმები ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებას, ამით საბოლოოდ გაიმიჯნებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აღმოცენდნენ ნაციონალური მოძრაობიდან, ანუ მისი განშტოებები და გამიჯვნა იმ პარტიების, რომელთაც არ აქვთ ნაცმოძრაობის წარსული - არც ლელოს და არც გახარიას პარტიას ასეთი წარსული არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ეტაპებზე, მჭიდროდ თანამშრომლობდნენნაციონალურ მოძრაობასთან.

აქვე გამოვთქვამ საპირისპირო მოსაზრებას - ხომ არ არის ეს ერთგვარი, შეთანხმებული თამაში, რომ ამ ოპოზიციური ოთხეულიდან, ვინც ბარიერი გადალახა, ორმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, შეუქმნას დისკომფორტი ქართულ ოცნებას, შემდეგ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აყვირდეს და ამის შემდეგ კი დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეაშველონ თავიანთი რესურსი და ქვეყანაში ააგორონ ახალი მოძრაობა ხელისუფლების გადაყენების მიზნით იმ მოტივით, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ გაყალბდა. არჩევნების გაყალბება არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოტივატორი და არგუმენტი იმისათვის, რომ ხალხმა გამოთქვას პროტესტი და მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა. ასე რომ, არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავ.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ არჩევნებში გახარიას პარტიის და ლელოსმონაწილეობით, შესაძლოა, გამოიკვეთოს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალობების კონტურები - ძალის, რომელიც შუაშისტური იქნება - არც ნაცი და არც ქოცი. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? აქვთ თუ არა ამ პარტიებს პერსპექტივა იმისა, რომ მართლაც ჩამოყალობდნენ მესამე ალტერნატიულ ძალად?!

- რაღაც დაშვებებით, შეიძლება ამას არსებობ საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ თუკი ამდენი ხნის განმავლობაში, „ლელომ“ ვერ შეძლო ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება და ვერ შემოიკრიბა მის ირგვლივ მხარდამჭერთა კრიტიკული მასა, რა საფუძველი არსებობს იმისა, ვიფიქროთ, რომ ლელო ახლა ჩამოყალიბდება ასეთ ალტერნატიულ ძალად?! იგივე შეიძლება ითქვას გახარიას პარტიაზეც. თუმცა, თუ ეს პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და გარკვეულ შედეგს დადებენ, ეს შეიძლება გახდეს ამ პროცესის დასაწყისი, მაგრამ შემდეგში ეს როგორ განვითარდება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თავად პოლიტიკური პარტიები რა გეზს აირჩევენ და ჩამოყალიბდებიან თუ არა თვითკმარ პოლიტიკურ ძალებად.

- და ბოლოს, ში პოლიტიკური პროცესების ფონზე, რამდენად, ან როდის უნდა ველოდოთ, ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, რისი შანსიც დღეს კიდევ უფრო მაღალი და რეალურია?!

- ევროკავშირის მიერ მოწერილი წერილის შემდეგ, ამის შანსი შედარებით გაიზარდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირშიც არ არის ერთსულოვნება. შესაბამისად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა კომუნიკაციაში შევა ქართული ოცნება ევროკავშირთან, დარჩენილი ერთი თვის მანძილზე, რა კომპრომისებზე იქნება მზად და თავად ევროკავშირშიც, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ: ყვებიან იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მკაცრი სანქციების მომხრენი არიან და არ საზღვრავენ, რა შეძლება მოჰყვეს ამას, იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ, ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში და ქართული ოცნების ხელისუფლებას გაისტუმრებს, თუ პირიქით: ქვეყანაში ევროსკეპტიკური ნიჰილიზმი დამკვიდრება და საქართველო იოლი საკბილო გახდება რუსეთისთვის - იქაც მიდის ერთგვარი ჭიდილი.

ვფიქრობ, ევროკავშირის ეს წერილი იყო ერთგვარი საცდელი ლაკმუსის ქაღალდი, მათ შეამოწმეს ქართული ოცნების რეაქცია ამ წერილზე. იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებს დარჩენილ პერიოდში ქართული ოცნება, ამაზე იქნება დამოკიდებული, რა განწყობები იმძლვრებს ევროკავშირში: უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეთა აზრი გადასწონის, თუ მისი მოწინააღმდეგეების. ამ შემთხვევაში, ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Gami რატომ ლაპარაკობენ არაფერზე ამდენს?! რაის ვაშაძის წერილი, რაის სალომესთან მიბრუნება! როდის დაშორდნენ? ამათ შიგ აქვთ არაფერს+არაფერი= ზურაბიშვილს, ვაშაძეს, ხაზარაძეს, ბოკუჩავას, ანიტას, მანჯგალაძეს, სამადაშვილს, შარვლჩახდილს, ლაკა... სახელი მათი ლეგიონია!
6 საათის უკან