პრემიერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს. საქმე ისაა, რომ ევროპასთან ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მინიმალურ დონეზეა. ამ მხრივ, რამე ხელშესახები პრობლემები გამორიცხულია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მასთან ვიზალიბერალიზაციას კავშირი არ აქვს და გადმორიცხვები მომავალშიც შეუფერხებლად განხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს და ეს ცარიელი სპეკულაციაა.
„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები. დიდ ბრიტანეთში, ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ეს ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. აშშ-შიც ანალოგიურად, დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად, წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში. ეს ეკონომიკაზე არ აისახება.
ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა იგივე ლიტვისა და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად, მოიხსნა სავიზო რეჟიმი, ასევე, ლატვია. ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში - 400 000-ით. რატომ?! იმიტომ, რომ სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია.
ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რამე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში. ეს სპეკულაციები, ეკონომიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ., ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის მოსაზრებას ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრები. მათი შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არც ახლაა და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში იქნება.
„ყველაფერი გათვლილია, არ გაჩერდება ინვესტიციები. ნუ შფოთავთ ტყუილად. ეკონომიკა იზომება ციფრებით, შეგიძლიათ, ნახოთ. ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
„თქვენ ვინ გითხრათ, რომ ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება? ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ეს, უნდა გახვიდეთ და ქართველ ხალხს ჰკითხოთ და ჩემთნ ეს კითხვა აღარ დაგჭირდებათ“, - განუცხადა ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა.
მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდებიან ეკონომისტებიც. ანალიტიკოს ნოდარ კაპანაძის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საფასურად გაჟღერებული მოთხოვნები ქართველი ხალხის ინტერესს არ ასახავს.
„გააჩნია, რას ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საფასურად. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის მიღებული კანონების გაუქმება, რაც პირდაპირი და უხეში ჩარევაა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ჩემი აზრით, უვიზო მიმოსვლას თუ გააუქმებენ, არც ეს არის ტრაგედია. არანაირი გგანსაკუთრებული გავლენა ევროკავშირს საქართველოზე, ეკონომიკური კუთხით, არ აქვს. საერთაშორისო ვაჭრობა არ არის ისეთი, რომ საქართველოსთვის საზიანო იყოს. ექსპორტი ევროკავშირში მინიმალურია. გაცილებით მეტია ჩვენი საექსპორტო ბაზარი დსთ-სა და, ზოგადად, რეგიონის ქვეყნებში.
უარყოფითი გავლენა არც გზავნილების კუთხით იკვეთება, რადგან ეს მხოლოდ საბანკო ტრანზაქციებია და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ამ მხრივ გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
ანალიტიკოსების აზრით, წარმოუდგენელია ვიზალიბერალიზაციის თემის გამოყენება შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს პროპაგანდის ნაწილია, რასაც ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალები მიმართავენ.