ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. აზერბაიჯანი AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელების შესატანად ემზადება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, კრემლი დუმს.
სასამართლოში შევხვდებით
„ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ბუნებრივია: აღიარეთ დანაშაული ამ ინციდენტში, დაისაჯონ ისინი, რომლებმაც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, გადაუხადონ კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ბაქო ამზადებს დოკუმენტებს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შესატანად, რათა რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს 25 დეკემბერს, აქტაუს მახლობლად, Embraer E190-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ რას იზამს მოსკოვი საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა:
„ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ განაჩენებს ყველა მიმდინარე გამოძიებიდან და პროცესიდან“.
აღსანიშნავია, რომ ტრაგედიისთანავე, რუსულმა მედიამ ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჰიპოთეზა გამოაქვეყნა: თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახებიდან დაწყებული, გაზის ბალონის აფეთქებით დამთავრებული. მხოლოდ მეორე დღეს აღიარა რუსეთის ფედერაციამ, რომ კატასტროფის დროს, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ „თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა“. თუმცა, დანაშაულის აღიარებაზე ან დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ ყოფილა. კრემლი ამტკიცებს, რომ დამნაშავეები უკრაინაში უნდა ეძებონ და აცხადებს, რომ ეს უკრაინული დრონები იყო. ამაზე პუტინს ილჰამ ალიევმა უპასუხა და უპილოტო საფრენი აპარატის იდეას „აბსოლუტურად სასაცილო“ უწოდა.
„თვითმფრინავზე ორი თავდასხმა განხორციელდა. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინული დრონი დაფრინავს, უმიზნებს აზერბაიჯანულ თვითმფრინავს, ეჯახება მას, ვარდება და შემდეგ კვლავ ესხმის თავს“, - ამბობს ალიევი.
ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, ქვეყნებს შორის ურთიერთობები შესამჩნევად გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობდა ტრაგედიისგან მაქსიმალურად დისტანცირებას, აზერბაიჯანის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ითხოვდა მათ პასუხისგებაში მიცემას.
ბაქომ თავისი მხარე აირჩია
მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დაძაბულობის კულმინაცია აზერბაიჯანის უპრეცედენტო განცხადება იყო უკრაინის მხარდასაჭერად. 20 ივლისს, ხანკენდიში, შუშას გლობალურ მედია-ფორუმზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ქმედებებს პირდაპირ ოკუპაცია უწოდა. „არასოდეს დაეთანხმოთ ოკუპაციას“, - უთხრა მან უკრაინელებს, - „ეს არის მთავარი რჩევა. ჩვენც ასე მოვიქეცით“.
შესაძლოა, ეს სიტყვები კრემლისთვის ყველაზე მტკივნეული იყოს. მათ შეეძლოთ, თვალი დაეხუჭათ „რუსული სახლის“ დახურვასა და რუსეთის ათი მოქალაქის დაკავებაზე, მაგრამ უკრაინის საკითხზე საჯარო განცხადება, მოსკოვის თვალსაზრისით, „წითელი ხაზის“ გადაკვეთას წარმოადგენს.
თუმცა, აზერბაიჯანთან ღია დაპირისპირება ამჟამად რუსეთისთვის სასარგებლო არ არის. ორმხრივი ეკონომიკური კავშირები კვლავ ძლიერია: ვაჭრობიდან და ინვესტიციებიდან დაწყებული, ლოგისტიკით დამთავრებული. 2024 წელს, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10.1%-იან ზრდას აჩვენებს. მოსკოვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც გააფართოვებს მის წვდომას სამხრეთ აზიისა და სპარსეთის ყურის ბაზრებზე.
სწორედ ამიტომ, ექსპერტების აზრით, კრემლი ბაქოს პოზიციაზე რეაგირებას არ ამჯობინებს. „მოსკოვი ცდილობს, არ გაამწვავოს ისედაც დაძაბული ურთიერთობები და განზრახ უგულებელჰყოფს განცხადებებს, რომლებიც ფორმალურად, ორმხრივ დღის წესრიგს არ ეხება“, - განმარტავს პოლიტოლოგი, ილგარ ველიზადე TRT-თან საუბრისას.
„თუ საქმე სასამართლომდე მივა, ურთიერთობები ახალ, უფრო მკაცრ დონეს მიაღწევს. ეს სერიოზული დარტყმა იქნება ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის თანამშრომლობაზე - ეს აქამდე არასდროს მომხდარა“, - ამბობს ექსპერტი.
ამავდროულად, რუსეთს თითქმის არ გააჩნია რეაგირების ეფექტიანი ბერკეტები. აზერბაიჯანული საქონლის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არანაირ სარგებელს არ მოიტანს. თუ კონფლიქტი ეკონომიკურ სფეროში გადავა, მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტები, მათ შორის, ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტი, ასევე ენერგეტიკული ინიციატივები დაზარალდება. ეს ორმხრივი თანამშრომლობის ლოგიკას შეარყევს.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ მოსკოვს საკმარისი პრაგმატულობა და საღი აზრი ექნება, რათა მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აიცილოს: „ ასეთი ესკალაციის გავლენა არა მხოლოდ რუსეთის რეგიონებზე, არამედ კასპიის რეგიონის საერთო სტაბილურობაზეც იმოქმედებს. ვინ გაიმარჯვებს ასეთ სიტუაციაში, რიტორიკული კითხვაა“.
წყარო: https://trt.global/russian/article/4ce1d93fd88b