ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება - ალიევმა დასავლეთს ყველა გზა ჩაუჭრა

ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება - ალიევმა დასავლეთს ყველა გზა ჩაუჭრა

ილჰამ ალიევმა დასავლეთს უთხრა, რომ ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით, თურქეთამდე და შემდეგ - ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე. შუშის გლობალური მედია-ფორუმზე, ალიევმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე და ღიად გააკრიტიკა დასავლეთი.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც დააკავშირებს მრავალ ქვეყანას და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო, თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის - ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე.

აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები უფრო პრობლემური ხდება.

ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე, 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. პრაქტიკულად, ჩვენ ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან, ჩვენს საზღვრამდე, ალბათ, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი შენდეს კიდეც“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით სომხურ მხარეს არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია. ალიევი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ერევანი გააგრძელებს ამ პროცესის დაბლოკვას, ალიევი სომხეთს ემუქრება, რომ აღმოჩნდებიან არა მხოლოდ სატრანსპორტო იზოლაციაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც.

„რაც შეეხება დასავლეთს, მათი რჩევებისთვის რომ მოგვესმინა, დღეს ჩვენი ქვეყანა, სულ მცირე, ორ მეზობელთან ომის მდგომარეობაში იქნებოდა. ვერასდროს დავიბრუნებდით ყარაბახს და დღეს ვიქნებოდით დამოკიდებულები მსოფლიოს სავალუტო ფონდსა და მის სტრატეგიაზე, დაჰყონ და მართონ. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, არ ვკარნახობთ ევროპელებს, როგორ მოიქცნენ, ვისზე დაქორწინდნენ, რა ჭამონ. ჩვენც იგივე გვსურს. გვინდა პატივისცემა, იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი მიწაა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც აზერბაიჯანელი ხალხი გვეუბნება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ ხმაურიან განცხადებას, ჯერჯერობით, ლიბერალური დასავლეთი დუმილით ხვდება, თუმცა, ალბათ, გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ არ ჰქონდა მცდელობა ემართა აზერბაიჯანის ხელისუფლება. ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ალიევმა დაადასტურა, რომ დასავლეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობით და ზანგეზურის დერეფანი იყო ერთ-ერთი ბერკეტი.

„სავარაუდოა, რომ იყო. მართალია, ცოტა სულელურად, მაგრამ სისულელე და მავნებლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. კაია კალასმა რომ გამოაცხადა სომხეთი შავი ზღვისპირა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არისო, ეს მაშინ, როცა ზღვა არ უნახავთ სომხებს, ეს უკვე ნიშნავდა, რომ ევროპელებს ჩახვეული აქვთ რაღაც იდეა, ახლა არა, ოღონდ.

თუ გახსოვთ, ადრე ალიევმა კბილი გაჰკრა მაკრონს და თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში მაკრონის ყური მოჩანსო. კბილის გაკვრამდე, აზერბაიჯანიდან განდევნა საფრანგეთის მოქალაქეები იმ მოტივით, რომ გადატრიალებას აპირებდნენო. ასე, რომ ეს ბრძოლა დიდი ხანია დაწყებული აქვს ალიევს და ალიევის მიმართაც არის ეს ბრძოლა გაჩაღებული, ასევე დიდი ხანია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ალიევს საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს და თუნდაც იმ მხრივ, რომ თავისი გადამრჩენი რგოლი, ნავთობისა და გაზის სახით, უკვე ხელში უჭირავს. მეორე გადამრჩენი რგოლი გვერდით აქვს, თურქეთის სახით. ამ ორი გადამრჩენი რგოლით - ბუნებრივი რესურსებით და მეზობელი თურქეთით, როგორც მფარველით - პოლიტოლოგის შეფასებით, ბევრის შემძლეა, ვიდრე საქართველო, რომელსაც არც ერთი აქვს და არც მეორე.

„საქართველოს ერთი კარიბჭე აქვს შავ ზღვაზე და იმაზეც თავი გვაქვს წაჭმული. სხვა მხრივ, ერთნაირი მდგომარეობაა. პირიქით, ჩვენი აფეთქება სწორედ იმიტომ უნდათ ლიბერალებს, რომ ტრანზიტის ხაზი გაფუჭდეს, ქმედითი აღარ იყოს, ომიც ამიტომ უნდოდათ, მაგრამ ეს მარტო ერთი ქვეყანა, საქართველო არ არის. სწორედ საქართველო და აზერბაიჯანია ერთად. ამდენად, ორივეს ერთდ გაფუჭება იყო და არის ამოცანა. ახლა რას ახერხებენ და რას არა, ეს სხვა საკითხია. ამ ორომტრიალში სასიამოვნო მოსასმენია, როგორი სიმშვიდითა და სიმტკიცით დგას აზერბაიჯანი ჩვენი ინტერესების სადარაჯოზე და იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები ახერხებენ, რომ თქვან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.

პროფესორი თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ ზანგეზურის დერეფანი ის საკითხია, რომელიც აზერბაიჯანის ჩართულობის გარეშე, გამორიცხულია, განიხილებოდეს. მაისურაძის განცხადებით, ვიდრე სომხეთში მოხვდება ტვირთი, აუცილებლად უნდა გაიაროს სწორედ აზერბაიჯანი.

„მე, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს პროექტი არის ლოგიკას მოკლებული. თუ შეიძლება, ყურზე ხელი მოვიკიდო პირდაპირ, ხელი რატომ უნდა გადავიტანო მეორე მხარეს, არ მესმის. აქ ხომ არ არის ორი, ან სამი სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. აქ უზარმაზარი მოთამაშეები არიან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად უფრო მომგებიანი და ლოგიკურია გავიდეს ესა თუ ის მარშუტი და ა.შ. ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გადადის ეკონომიკაში და ითვლება ფულში. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა მონეტის ორი მხარეა - რამხელაც არის პოლიტიკა, ზუსტად იმხელაა ეკონომიკაც “, - აცხადებს მაისურაძე.

მისი თქით, გავლენები დამოკიდებულია იმაზე, რა ეკონომიკური პოტენციალი გაქვს და პირიქით. სწორედ ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას რეგიონში.

„ძალიან კარგად იცის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომ თავისი როლი და ადგილი აქვს, მაგრამ საქართველოს როლი და ადგილიც კარგად იცის რეგიონში. შესაბამისად, უკვე სომხეთის გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა მცდელობას, რომ ზანგეზურის საკითხი გამხდარიყო სავაჭრო თემა, ალიევმა ამ გაცხადებით მოუჭრა გზები.

ყველა სახელმწიფო იბრძვის თავისი გავლენებისთვის, მით უმეტეს, იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური დუღილის პროცესი იწყება. დღეს, საქართველო გადის რეალურ ფონს. ჩვენ რეალურად ვხდებით სუვერენული სახელმწიფო და ახლა გვაქვს შესაძლებლობა, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ფუნქცია და გავხდეთ იმ ფუნქციის მატარებლები, რომელიც საქართველოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დახურული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, თემურ მაისურაძე.