„შუა საუკუნეებში ისლამურ სამყაროში ქრისტიანები და ებრაელები მეტად იყვნენ დაცულნი, ვიდრე ქრისტიანულ სამყაროში“

„შუა საუკუნეებში ისლამურ სამყაროში ქრისტიანები და ებრაელები მეტად იყვნენ დაცულნი, ვიდრე ქრისტიანულ სამყაროში“

ქრისტიანებსა და იუდეველებს ყურანში ჰქვიათ „აჰლალ-ქითაბ“, ანუ „ხალხი წიგნისა“ - საღვთო წერილის ხალხები. შესაბამისად, საღვთო წერილის ხალხები არ შეიძლება, ისლამისტების დევნის საგნად იქცნენ, რადგან მუსლიმანები, როგორც წესი, პატივს სცემენ საღვთო წერილის მქონე ხალხებს.

მეორე მხრივ, როდესაც ყურანის ცალკეული აიების (მუხლების) წინააღმდეგობრიობაზე საუბრობენ, საინტერესოა მუსლიმანების დამოკიდებულება ქრისტიანებისადმი. ერთგან ყურანში წერია, მოერიდეთ ქრისტიანებს, რადგან თქვენი რჯულისანი არ არიან და მათ ჰყავთ ბერ-მონაზვნები. თუმცა, ამ აიათის პათოსს სრულიად აქარწყლებს ყურანის მეორე აიათი, სადაც შექებულნი არიან ქრისტიანები, რადგან ისინი არ არიან ამპარტავანნი და მათ ჰყავთ ბერ-მონაზვნები. უფრო მეტიც, ისლამი აღიარებს ქრისტიანთა და იუდეველთა საღვთო წიგნებს და მათ წმინდანებს თუ წინასწარმეტყველებს: ნოეს, აბრაამს, იაკობს, ისააკს, მოსეს, დავით და სოლომონ მეფეებს, მიქაელსა და გაბრიელ მთავარანგელოზებს, წმინდა მარიამსა და იესო ქრისტეს, თუმცა იესო ქრისტეს არ თვლიან ღვთის ძედ. მუჰამედის მტკიცებით, უსჯულო იუდეველებმა ქრისტეს ჯვარცმა რომ მოისურვეს, მხოლოდ მისი აჩრდილი აცვეს ჯვარს, თვით ქრისტე კი ღმერთმა თავისთან, ზეცად წაიყვანა, რადგან ძლიერ უყვარდა, როგორც თავისი წინასწარმეტყველი.

სწორედ ასეთი წინააღმდეგობრიობის ასაცილებლად, თვითონ ისლამში მთელი მეცნიერება არსებობს, სახელწოდებით, „გაუქმებული და გამაუქმებელი აიების მეცნიერება“, რომელიც ქრონოლოგიურად სწავლობს აიების ზეგარდმოვლენას და ალაგებს ყურანის შინაარსის მიხედვით. ამ დალაგების დროს ირკვევა, პირვანდელ ყურანს შემდგომ პერიოდში რომელი აიათი დაემატა. თუმცა, სანამ პირვანდელი ყურანის ტექსტს დაუბრუნდებიან, პრობლემა ის არის, რომ რადიკალმა ისლამისტებმა მოგვიანებით ჩამატებული ცალკეული აიათი პირდაპირ არ გაიგონ და აგრესიის იარაღად არ გამოიყენონ.

ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

გიორგი სანიკიძე ესაუბრა.

გიორგი სანიკიძე: ყურანში არ არის აგრესია და მკვლელობისკენ მოწოდება, ოღონდ არის ისეთი მომენტი, როცა ადამიანს ნებისმიერი რელიგიის, ნებისმიერი საღვთო წიგნის ინტერპრეტირება ისე შეუძლია, რომ მიუსადაგოს თავის განწყობებს, ამ შემთხვევაში, ყველაზე აგრესიულ განწყობებს. მეტსაც ვიტყვი, შუა საუკუნეებში ისლამურ სამყაროში რელიგიური უმცირესობები - ქრისტიანები და ებრაელები გაცილებით უფრო მეტად იყვნენ დაცულნი, ვიდრე ქრისტიანულ სამყაროში. ისლამის იდეოლოგია, რომელიც უკვე ნაწილობრივ გადაზრდილია ტერორისტულ მოღვაწეობაში, დღეს არ ჩასახულა და, მეტიც, ტერორიზმი არ არის მუსლიმანების გამოგონება. თანამედროვე მსოფლიო, მეოცე საუკუნის მსოფლიო, მე-19 საუკუნის მიწურულიდან ტერორიზმის სხვადასხვა ფორმას იცნობს, ეს იქნება მემარჯვენე თუ მემარცხენე ტერორიზმი, ნაციონალისტური ტერორიზმი და ა.შ. მაგრამ თვითონ ეს ფორმა, ყველაზე ექსტრემისტული ფორმა, რაც შეიძლება, მეტი უდანაშაულო ადამიანი, მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა განადგურდეს, მართლაც ამ რადიკალი ისლამისტების შემოქმედების ნაყოფია. ამის გამომწვევი მიზეზი ბევრია, თვითონ ამ რეგიონში დაგროვილი სოციალური პრობლემები, გადაუწყვეტილი პოლიტიკური პრობლემები, ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირებები საკუთრივ რეგიონში და საკუთრივ ისლამის შიგნით. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ტერორისტი ისლამისტები სამიზნედ ირჩევენ სწორედ მუსლიმანებს, რომლებიც მათი თვალთახედვით, არიან რჯულგანდგომილნი.

რადიკალი სუნიტები რელიგიური განსხვავების გამო სდევნიან შიიტებს, თუ სხვა მიზეზითაც?

- რა თქმა უნდა, არსებობს შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება, მაგრამ მარტო ამით არ აიხსნება ეს დაპირისპირება. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მესვეურთათვის ის სუნიტებიც კი, რომლებიც არ იზიარებენ მათ იდეებს, ისეთივე რჯულგანდგომილები არიან, როგორც შიიტები ან სხვა რელიგიური მიმართულებების წარმომადგენლები. არადა, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები სუნიტები არიან და მათი დაუძინებელი მტერია ირანი, რომელიც წარმოადგენს შიიტურ სახელმწიფოს, ასევე, ლიბანში არსებული მოძრაობა „ჰეზბოლა“, რომელიც ასევეთივე შიიტური მოძრაობაა.

შარიათი-მუსლიმანური სამართალი, რომელიც გამოცხადებულია მუდმივად და უცვლელად, ღვთაებრივი დადგენილების ნაყოფად და ისლამურ თეოკრატიულ სახელმწიფოებში კონსტიტუციასაც ცვლის, ეფუძნება ყურანს. თუმცა, თუკი ყურანში არ არის კაცის კვლისკენ მოწოდება, შარიათის სასჯელმა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სასტიკი ხასიათი რატომ შეინარჩუნა?

- შარიათი არის კანონმდებლობა და, ასევე, მოიცავს ადამიანის ქცევის ნორმებს, ანუ მარტო სამართალი არ არის. მათი რწმენით, შარიათი არის ზეგარდმოვლენილი, ანუ ეფუძნება საღვთო კანონებს, საღვთო კანონებისგან შედგება, მაგრამ რეალურად, ეს არის ადრეული შუა საუკუნეების დროს ჩამოყალიბებული სისტემა და ადრეულ შუა საუკუნეებში, პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სამართლებრივი სისტემა კარგად ჩამოყალიბებული და გაწერილი იყო. დღეს პრობლემა არის ის, რომ არ მოხდა როგორც რელიგიის, ისევე, რელიგიის შემადგენელი ნაწილის-შარიათის ემანსიპაცია. ანუ დღევანდელი პრობლემა არის, რომ ამ რადიკალურ მოძრაობებს უნდათ, მიუსადაგონ მეშვიდე საუკუნის სამართლებრივი ნორმები თანამედროვე 21-ე საუკუნეს.

ეს, ალბათ, იმითაც არის გამოწვეული, რომ შარიათი გამოცხადებულიამუდმივად და უცვლელადდა, ზოგადად, ცალკეული რელიგიები ფუნდამენტალიზმს ეფუძნება.

- თვითონ ზოგიერთი ისლამური სახელმწიფო იძულებულია, შეავსოს ხარვეზი ჩვეულებრივი კანონებით, ამისთვის არსებობს პარლამენტები, საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებაც სწორედ ეს არის. თუკი უცვლელია შარიათის კანონი, მაშინ რა საჭიროა არსებობდეს პარლამენტი და რა საჭიროა, მიიღონ ახალი კანონი?!

ფაქტია, რომ არაბული გამოღვიძების ტალღას ბუნებრივად მოჰყვა ისლამიზმის გაძლიერება. 1968 წლისპრაღის გაზაფხულის (როცა ჩეხოსლოვაკიელი ხალხი გამოვიდა ტოტალიტარულ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ) ანალოგიით მიღებული .. „არაბული გაზაფხულიხომ არ იყო უხეში ჩარევა დასავლური კოალიციის მხრიდან? მეტ-ნაკლებად, ამანაც ხომ არ განაპირობა ისლამისტების აგრესია და, როდიდან გადაწყვიტეს რადიკალებმა ისლამი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ?

- თვითონ ისლამური ტერორიზმის ტალღა 70-იანი წლებიდან იწყება. ისლამურ სამყაროში მანამდეც იყო შემთხვევები, მაგრამ ასე სისტემური ხასიათი არ ჰქონია. იმავე 60-იან წლებშიც თუ ხდებოდა ტერორისტული აქტები ისლამურ სამყაროში, უკვე ეს იყო პოლიტიკურად განპირობებული, იმავე პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. 70-იანი წლებიდან კი, სისტემური ტერორისტული მოღვაწეობის ფორმები ყალიბდება. რაც შეეხება დასავლეთის როლს, დასავლეთის ჩარევას, პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა და გაცილებით ადრე იწყება, როდესაც ინგლისმა და საფრანგეთმა ხელოვნურად შექმნეს ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ლიბია და ერაყი, რომლებიც სახელმწიფოდ მანამდე არ არსებულა. ე.წ. არაბულ გაზაფხულთან მიმართებით კი ვიტყვი, რომ აქ ძირითადი მუხტი შიგნიდან მოდიოდა, ანუ არაბული ქვეყნებიდან, დასავლეთი იყო დემოკრატიული ძალების მხარდამჭერი და იმ შედეგით, რაც მივიღეთ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. პირიქით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა სირია, დღევანდელი სიტუაციის განმაპირობებელი გახდა ეს არაბული გაზაფხული, როდესაც იწყებოდა სულ სხვა მიზნებით, დემოკრატიული გარდაქმნებით და დასრულდა იმით, რომ დღეს იქ უკვე ტერორისტული დაჯგუფება - „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს სირიის საკმაოდ დიდ ნაწილს.

როგორ უნდა შეაჩეროს ცივილიზებულმა მსოფლიომ რადიკალ ისლამისტთა მოძალება, რამაც ბევრს ეჭვის საფუძველიც გაუჩინა -მესამე მსოფლიო ომისკენ ხომ არ მივექანებით? ეს საქმე ძლიერმა პერსონებმა უნდა ითავონ? თორემ, ობამასთან შედარებით უფრო ძლიერი ჩანდა ჯორჯ ბუში და მასაც მოუწყეს ისლამისტებმა 11 სეტემბერი.

- ვერ გეტყვით, სხვა ლიდერი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა. მართალი გითხრათ, ისტორიკოსი ვარ და წარსული უფრო ვიცი. ჩემი თვალთახედვით, პრობლემაა ის და, ალბათ, ეს დასავლეთშიც ძალიან კარგად იციან, რომ როდესაც პოზიცია არსებობს, რომ კარგია, თუკი იქნება დემოკრატიული გარდაქმნები, კარგია, თუკი იქნება დემოკრატიული მთავრობები ამ ქვეყნებში, მაშინ ხანგრძლივვადიანი სტრატეგიაც უნდა ჰქონდეთ და არა ერთ, ორ ან სამ წელიწადზე გათვლილი სტრატეგია. ასეთ შემთხვევაში, ამ სენს, რასაც წარმოადგენს რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, ტერორიზმი, ბოლო მოეღებოდა. შეიძლება, ხვალ-ზეგ ან ერთ წელიწადში დასრულდეს ისლამური სახელმწიფოს არსებობა, ამ კონკრეტულ პრობლემას მოეღოს ბოლო, მაგრამ იმ სენის საწინააღმდეგო რეცეპტი, რაც არსებობს, ჯერჯერობით გამოგონილი არ არის. ამ მხრივ ძალზე დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

რაც შეეხება მუჰამედის პერსონას, ზოგ შემთხვევაში, მან თავი გამოიჩინა მოწყალებით, ზოგჯერ მკაცრიც იყო, მაგრამ ეს საკითხი მეორადად მეჩვენება იქიდან გამომდინარე, რომ უნდა წარმოვიდგინოთ ის კონტექსტი, ანუ მეშვიდე საუკუნის პატრიარქალური საზოგადოებების კონტექსტი. სულ სხვა დროება იყო, მაშინ დავით აღმაშენებლის სიმკაცრეც მეორადი იყო. ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ არის განსაზღვრული მუხლი ყურანის, რომელიც მოქმედებდა შუა საუკუნეებში და, სამწუხაროდ, ახლანდელ ისლამური სახელმწიფოს წარმონაქმნებში არ მოქმედებს, კერძოდ - ქრისტიანები და ებრაელები არიან საღვთო წიგნების ხალხი და, თუ ისინი მუსლიმანური სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მუსლიმანურმა სახელმწიფომ ისინი უნდა დაიცვას. მათ აქვთ ქონებისა და ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტია, რა თქმა უნდა, ისინი უფლებრივად მუსლიმანებზე შეზღუდულები არიან, მაგრამ იმავე ევროპისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დაცულნი არიან. სამივე ეს რელიგია ამოზრდილია ერთიანი კულტურიდან და ერთიან მონოთეიზმის იდეას ემყარება.