„მეგობარი აქტი“ შეჩერდა - პოზიტიური სიგნალი თუ ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა

„მეგობარი აქტი“ შეჩერდა - პოზიტიური სიგნალი თუ ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა

 „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი ამერიკის სენატში შეფერხდა. Foreign Press USA-ს კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, სამი სენატორი - მარკვეინ მულინი, მაიკ ლი და რენდ პოლი ხელს უშლიან კანონპროექტის დამტკიცებას. ეს სიტუაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ აქტს მხარს უჭერს, როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტია და უკვე მოწონებულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, აქტის მოწინააღმდეგე  სენატორების რიცხვი გაიზარდოს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან მიიჩნევს, რომ  „MEGOBARI აქტის“ შეფერხება სენატში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების საკითხში, ახალ ფაზას ქმნის. ის ამ ფაქტს რეგიონის გარშემო ტრამპის დაინტერესებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ სენატში ხვდებიან, საქართველოს გარეშე, სამხრეთ კავკასიაში მათი გეგმების განხორციელება  სრულფასოვანი ვერ იქნება, ამიტომაც პრაგმატულ პოლიტიკაზე გადადიან.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ოპტიმიზმს ინარჩუნებს და შეფერხებას პროცედურულ საკითხად მიიჩნევს, ხელისუფლებაში ამ ფაქტს დადებითად განიხილავენ. მათი აზრით, სამი სენატორის მიერ აქტის შეჩერება, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში, საქართველოს მიმართ კონსენსუსი არ არის ისეთი მყარი, როგორც ეს წარმომადგენლობით პალატაში გამოჩნდა.

კულუარებში არსებული ინფორმაცია, სენატორების რიცხვის გაზრდის შესახებ, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. შესაძალოა, ეს მოვლენა განიხილებოდეს, როგორც სიგნალი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიხედება, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში. აქტის საბოლოო ბედი კი დამოკიდებული იქნება სენატის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რასაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

აღსანიშნავი, რომ ამ კანონპროექტმა უკვე გაიარა წარმომადგენელთა პალატა, სადაც მას 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, რითაც 80%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. კენჭისყრამდე დებატებში მონაწილეობდნენ კანონმდებლები, რომელთა შორისაც იყვნენ „რესპუბლიკელები“ - ბრაიან მასტი, ჯო უილსონი და უორენ დევიდსონი, ასევე „დემოკრატები“ - ჯონი ოშესკი და სტივ კოენი. მათგან მხოლოდ ერთმა, „რესპუბლიკელმა“ უორენ დევიდსონმა მისცა ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ.

7 მაისს, სენატმა „MEGOBARI აქტი“ განსახილველად მიიღო და კალენდარში შეიტანა, რაც მისი დამტკიცების პროცესის ბოლო ეტაპი იყო. თუმცა, როგორც რაუფოღლუ წერს, სწორედ ამ ეტაპზე დადგა საკითხი შეფერხების შესახებ.          

ამერიკის სენატში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოშიც განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე გამოთქვამს იმედს, რომ აქტი საბოლოოდ დამტკიცდება და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სენატორები მის მიღებას ბლოკავენ:

„ყოველდღე პოზიციას იცვლის რეჟიმი, რომელიც ხან ტრამპისტია, ხან ტრამპისტი არ არის. ნუ ვჩქარობთ, სენატი კი არ აჭიანურებს, პროცედურები აქვს თავისი, გრაფიკი აქვს, მარტო საქართველოს საკითხი არ არის, სხვა საკითხებიც არის ჩასმული და ჩვეულებრივი პროცედურული საკითხია. ვერავინ ვერაფერს ვერ დაბლოკავს, აგერ ნახავთ თქვენ“, - ამბობს მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში კი „MEGOBARI აქტს“ კრიტიკულად აფასებენ. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „მეგობარი აქტი“, რეალურად, „მტრული აქტია“ და წინა ამერიკული ადმინისტრაციის ინერციას წარმოადგენს, ხოლო მისი შეფერხება დადებითი სიგნალია.

„რეალურად, „მეგობარი აქტი“ „მტრული“ აქტია და ინერციით მოჰყვება წინა ადმინისტრაციას. მოგეხსენებათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ და იმასაც შეგახსენებთ, რომ პრესსპიკერი მეთიუ მილერი, ფაქტობრივად, დღეს არ იწყებდა ჟურნალისტებთან საუბრით ისე, რომ საქართველოზე რამე ცრუ ინფორმაცია არ გაევრცელებინა. ამიტომ, ყველაფერი მოდის ინერციით წინა ადმინისტრაციისგან, ამის ავანგარდში დგას ბატონი ჯო უილსონი, რომელიც ჩვეულებრივი ლობისტია. შესაბამისად, მისი შესასრულებელი დავალება არის ის, რომ ეს აქტი რამენაირად სრულყოფაში მოიყვანოს. ბატონ ტრამპს რომ ჰქონოდა ამ ყველაფრის აღსრულების სურვილი, მას შეეძლო, ეს გაეკეთებინა“, - ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, ჯო უილსონი, რომელიც აქტის ერთ-ერთი მხარდამჭერია, „ჩვეულებრივი ლობისტია“ და მისთვის ამ აქტის მიღება დავალებაა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი For.ge-სთან აცხადებს, რომ მართალია, ამ აქტს სენატში ორპალატიანი მხარდაჭერა აქვს, მისი სამართლებრივი წინსვლა, ამ ეტაპზე, სამმა სენატორმა დაბლოკა. შესაბამისად, მისი მიღება ჯერჯერობით შეფერხებულია და ანალიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ მათ სხვა სენატორებიც შეუერთდებიან.

„იმედი მაქვს, რომ „რესპუბლიკელ“ სენატორებს შორის გაჩნდება ჯანსაღი დამოკიდებულება და პრაგმატული მიდგომა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესახებ და ისინიც მიბაძავენ ამ სამ სენატორს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბევრი მათგანი დაფიქრდება და მიხვდება, რამდენად არასწორია ახლა ამ აქტის მიღება და რა სახის ზიანს მიაყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. მით უმეტეს, მათ ქვეყნის შიგნით არაერთი სერიოზული პრობლემა და გამოწვევა აქვთ. მე დარწმუნებული ვარ, როგორც მინიმუმ, ამ კანონპროექტის განხილვის შემდეგი ეტაპი გაჭიანურდება.

ველოდები, რომ „რესპუბლიკელი“ ფრაქციის ხელმძღვანელები, ლიდერები კონგრესსა და სენატში, საბოლოო ჯამში, თავის სიტყვას იტყვიან და ეს აქტი დღის წესრიგიდან მოიხსნება. მით უმეტეს, რომ პარალელურად, სხვადასხვა სკანდალი იჩენს თავს, რომელიც სენატორების მხრიდან ლობიზმით მიღებულ თანხებს ეხება. ეს, შესაძლოა, ისეთივე სკანდალი აღმოჩნდეს, რაც თავის დროზე, საგარეო საქმეთა კომიტეტის სენატორ ბობ მენენდესის დაკავება და მისთვის ბრალის წაყენება იყო. ჯერჯერობით, კანონის ფარგლებში მოქმედებს ჯონ უილსონი, რომლის ლობისტობის შესახებაც კანონმა „ფარამ“ გვაუწყა. თუმცა, არ არის გამორიცხული, ამან კრიმინალური ელფერიც მიიღოს და ე.წ. „მეგობარი აქტის“ უკან მდგომმა, რიჩი გრემი იქნება, თუ ჯო უილსონი, მართლაც ვეღარ მოიცალონ ამ თავიანთი იდეის ხორცშესხმისთვის“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც ყველაფერი სრულიად სხვა სცენარით მიმდინარეობს.

„ეს არ არის ის სცენარი, რასაც ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერები ელოდნენ. გნებავთ, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე და გნებავთ, ე.წ. „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით. ეს სამი სენატორი გამოირჩევა სწორედ თავისი ხისტი და მტკიცე პოზიციით. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არ უნდა გვქონდეს დიდი მოლოდინი იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ყოველდღე კონკრეტულად საქართველოზე ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა განიხილება სწორედ რეგიონულ კონტექსტში და ისიც კმარა უკვე ჩვენთვის, რომ გამოიცვალა ძალიან ოდიოზური ელჩი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რადიკალურად დააზიანა. ეს ქალბატონი სწორედ ამის გამო გაუშვეს სამსახურიდან, ამიტომ ესაა წინ გადადგმული ნაბიჯები. ასევე ვიცით, რომ ჩვენი ელჩიც დაინიშნა და თამარ ტალიაშვილი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სიტუაცია გადაიტვირთოს. ვიმედოვნებ, რომ მისი მუშაობა ე.წ. „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებითაც ძალიან აქტიური იქნება“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საქართველო არის იმ პაკეტში, რომელიც სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს.

„ისინი ამ რეგიონს შუა დერეფნის კუთხით აფასებენ და მას სატრანზიტო დანიშნულების მხრივ, მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავენ. ამიტომ, საქართველოს გარეშე, ეს დერეფანი ვერ იქნება ფუნქციური და შესაბამისად, აშშ-ს მხრიდან უფრო პრაგმატული პოლიტიკაა მოსალოდნელი. ამის ნიშნები კი ჩანს და და ველი, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამოსწორდება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. დაველოდოთ ახალი ელჩის საქართველოში დანიშვნას და ბევრი რამ კიდევ უფრო მკაფიო ამის შემდეგ გახდება“, - ამბობს ქართველიშვილი.       

 

 

 

  

Gami მთავარია ხისთავიანი მანჯგალაძე არ ჩქარობს. რატომ არ ზის ციხესთან თავზე ქაქწასმული საყვარელი ლიდერის ვაშაძისადმი სოლიდარობის ნიშნად?
19 საათის უკან
დოი ყველას თავისი ინტერესი აქვს,ვითომ "მეგობრებს"...
11 საათის უკან