ეკონომიკური რეიტინგები: საქართველო ლიდერებშიცაა და აუტსაიდერებშიც

ეკონომიკური რეიტინგები: საქართველო ლიდერებშიცაა და აუტსაიდერებშიც

ბოლო დღეებში საქართველო ორ ეკონომიკურ რეიტინგში მოხვდა და სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე აღმოჩნდა. ერთ შემხთვევაში ჩვენი ქვეყანა ლიდერთა შორისაა, ხოლო მეორეგან - რეიტინგის ქვედა ნაწილშია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მეცხრე ადგილზეა. როგორც კვლევაშია აღნიშნული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო ერთ-ერთია, რომელმაც დაბალი გადასახადო მოდელი დანერგა და რამდენჯერმე შეამცირა გადასახადების რაოდენობაც და განაკვეთებიც. საქართველო უსწრებს არათუ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, არამედ, ერთის გარდა, ყველა ევროპულ სახელმწიფოსაც.

პირველ ადგილოსანი სწორედ ევროპიდანაა. მაკედონიას ბიზნესისთვის 10%-ზე ნაკლები გადასახადები აქვს დაწესებული, თუმცა სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ვალი 2008 წლის შემდეგ მაკედონიაში გაორმაგებულია ნაწილობრივ სწორედ გადასახადებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ბიზნესმენები, როდესაც საკუთარი საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობენ, დიდ ყურადღებას აქცევენ საგადასახადო განაკვეთებს. ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობაც ხშირად ეჯიბრება ერთმანეთს ბიზნესისთვის დაწესებული გადასახადების განაკვეთებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში“ კი იყენებს „მთლიანი გადასახადის განაკვეთს“ როგორც განმსაზღვრელს, რამდენად კონკურენტუნარიანია ქვეყანა.

მსოფლიო ბანკის მიერ მთლიანი გადასახადის განაკვეთი განმარტებულია შემდეგნაირად: გადასახადების მთლიანი მოცულობა შეიცავს 5 სხვადასხვა გადასახადს: მოგება ან საშემოსავლო, სოციალური გადასახადი და შრომის გადასახადი, რომელსაც დამსაქმებელი იხდის, ქონების გადასახადი, ბრუნვის გადასახადი და სხვა წვრილი გადასახადები. ასე რომ, ის შეიცავს გადასახადებს, რომელიც დამსაქმებელს აწევს და არა დასაქმებულს.

თუკი დაბალი გადასახედის კომპონენტში მსოფლიო ლიდერებში ვართ, ეკონომიკური ზრდის ტემპის მაჩვენებლებით უფრო აუტსაიდერებში მოვიაზრებით.

7 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა და საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-ზე დატოვა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო სავალუტო ფონდის წევრ 188 ქვეყანას შორის 127-ე ადგილს იკავებს. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს უსწრებს აზერბაიჯანი (4.0%), თურქეთი (3.0%) და სომხეთი (2.5%),

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა - 2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა - 4%-ით.

2015 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი პაპუა ახალ გვინეაში (12.3%), ეთიოპიასა (8.7%) და თურქმენეთში (8.5%) იქნება. ყველაზე მეტად კი იემენის (-28.1%) და სიერა ლეონეს (-23.9%) მშპ შემცირდა. 9%-ით დაიკლებს უკრაინის ეკონომიკის მაჩვენებლები, ხოლო რუსეთს თითქმის 4%-იანი ვარდნა ელის.

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ირლანდიას (4.8%) და ისლანდიას აქვთ (4.8%). შემცირებით კი მხოლოდ საბერძნეთის ეკონომიკა შემცირდება 2.3%-ით.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით სსფ-ს ცოტათი პესიმისტური პოზიცია უჭირავს. რეალური სურათი კი სხვაგვარია და უფრო დამაიმედებელიც.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოს თვეში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3% შეადგინა, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8%-ს მიაღწია.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციისა, ქვეყნის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს გაცილებით უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო პროგნოზირებული.

„ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეკონომიკური ზრდის შენელება, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც კი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.

სავარაუდოდ, წლის ბოლოს საქართველოს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 3%-ს გადააჭარბებს და ზემოთაღნიშნულ რეიტინგშიც საკმაოდ წავინაცვლებთ წინ.