სვანებმა ხუდონჰესთან დაკავშირებით ახალი საფრთხე იგრძნეს და საპროტესტო აქციებსაც მოუხშირეს. ისინი უკან დახევას არც კი ფიქრობენ. პოზიციის დათმობა აზრად არ მოსდით მთავრობაშიც.
გარემოს დაცვის სამინისტრო ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის გაცემას აპირებს. ეს ინფორმაცია მინისტრმა გიგლა აგულაშვილმაც დაადასტურა. ნებართვა მას შემდეგ გაიცემა, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები შენიშვნებს წარმოადგენენ.
„შენიშვნების გადამუშავების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ გავცეთ ნებართვა იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება გვექნება. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები“, - განაცხადა აგულაშვილმა.
ამასობაში სოფელ ხაიშის მოსახლეობამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არ აპირებს მასთან დათმობაზე წასვლას ხუდონჰესის საკითხთან მიმართებით. ხაიშის გამგეობის შენობაში შეკრებილმა სვანებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ ჰესის მშენებლობას დღეს არსებული პროექტით.
„ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ კონტრაქტის გაწყვეტას, სააკაშვილის დროს ერთ დოლარად უკანონოდ წართმეული მიწების უკან დაბრუნებას. მიეცეს ხაიშის მოსახლეობას შესაძლებლობა დაირეგისტრიროს როგორც საკუთარი, ასევე სათემო მიწები“, - აცხადებს ხაიშელი ზურაბ ჯაფარიძე. მან შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხუდონჰესის თემაზე სასაუბროდ შეხვდა მესტიის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანსა და მაჟორიტარ დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს სურს მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვა. შეხვედრის თარიღი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
„შეხვედრის წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, მაგრამ იქ აუცილებლად უნდა იყოს ალტერნატივაზეც ლაპარაკი. ნუ ჩამოვეკიდებით 50 წლის წინანდელ, საბჭოთა კავშირის პროექტს. ვიფიქროთ ალტერნატივაზე“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
სვანეთში, ხაიში-მესტიის გზის ცენტრალური მონაკვეთი ადგილობრივმა მოსახლეობამ 2 კვირის წინაც გადაკეტა. აქციაზე სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამაც“. აფბა-ს ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ხუდონჰესი ქართული ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი იქნება და აღნიშნული სადგურის მშენებლობა გარდაუვალი აუცილებლობაა.
„ხუდონის ირგვლივ საკმაოდ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. აღნიშნული ობიექტის მოწინააღმდეგეები ძირითადად გარემოს დამცველი ორგანიზაციები არიან. რა თქმა უნდა, მათი პოზიციები გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად დიდ ჰიდროელექტროსადგურებს მცირედი გავლენის მოხდენის საშუალება გარემოზე ნამდვილად აქვს, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და აუცილებლად უნდა ავყვეთ იმ ტენდენციას, რასაც რეალობა მოითხოვს. საქართველოს ყოველწლიურად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარება აქვს, რასაც, ბუნებრივია, დაკმაყოფილება სჭირდება, სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ აუცილებელია ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა. ვფიქრობ, ახალი ჰესების მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქვეყნის ენერგოინტერესებისა და კლიმატზე ზრუნვის ჰარმონიზაცია.
მოგეხსენებათ, იმპორტირებული ენერგიის შესყიდვა პიკურ პერიოდებში საკმაოდ ძვირი გვიჯდება, რაც ელექტროენერგიის ფასებზე საკმაოდ უარყოფითად აისახება. ამას ემატება ისიც, რომ იმპორტზე დამოკიდებულება ენერგოუსაფრთხოების კუთხით საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენებს.
ხუდონჰესის მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური მახასიათებლები. ხუდონჰესის მშენებლობას 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია, რაც ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.
როგორც ჩანს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხუდონჰესთან დაკავშირებით ვითარება ძალიან იძაბება. სავარაუდოდ, 2016 წელს ხელისუფლება გიგანტური ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტის მიღებას მოერიდება, მაგრამ ნაარჩევნებს მთავრობასა და სვანებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გარდაუვალი იქნება.