„ყაზტრანსგაზი“ მთავრობას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება

„ყაზტრანსგაზი“ მთავრობას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება

მიუხედავად იმისა, რომ „ყაზტრანგაზ-თბილისმა“ წლების წინათ დაგროვილი ვალის დაფარვა დღემდე ვერ მოახერხა, კომპანიის ყაზახი მფლობელები საქართველოს მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ. ისინი კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოთი და ინვესტიციების გატანით იმუქრებიან.

„ყაზტრანგაზ-თბილისს“, ვალების გამო, პერმანენტული პრობლემა აქვს და ამის გამო კომპანია სპეციალური მმართველობის ქვეშაა. პირველად სპეცმმართველი საქართველოს ენერგეტიკის ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში 2009 წლის 16 მარტს დანიშნა. მას შემდეგ კომპანია ამგვარი მმართველობის ქვეშაა. სემეკისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი კომპანიის 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება შეიქნა.

როგორც ჩანს, ყაზახები აპირებენ ბოლოს და ბოლოს სათავისოდ მოაგვარონ ეს პრობლემა. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 21 სექტემბერს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია Baker&McKenzie-მ, „ყაზტრანსგაზის“ დავალებით, თბილისს წინასაარბიტრაჟო ოფიციალური წერილით მიმართა და საინვესტიციო დავის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2006 წელს, „ყაზტრანსგაზსა“ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების გაზმომარაგებისთვის შეიქმნა. 2006-09 წლებში „ყაზტრანსგაზმა“ ქართულ შვილობილსა და თბილისის გაზმომამარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად დაახლოებით 130 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ყაზტრანსგაზი“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელია, 2009 წლის 16 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სემეკის შუამდგომლობა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. შედეგად, სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზს“ აღარ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა შვილობილი კომპანიის საქმიანობაში.

სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების აღნიშნული ქმედებებით ირღვევა უცხოელი ინვესტორის უფლებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ინვესტიციების დაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.

სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსგაზს“ იმედი აქვს, რომ ქართული მხარე კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, ასევე წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში, დავა სწრაფად მოგვარდება. იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო დარეგულირებით დავა ვერ მოგვარდება, „ყაზტრანსგაზი“ საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს, 1994 წლის 17 დეკემბრის ენერგეტიკულ ქარტიასთან არსებული შეთანხმების დებულებების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ რესპუბლიკა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 17 სექტემბერს დადებული შეთანხმების, სხვა საერთაშორისო შეთანხმებების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მოითხოვს შპს „ყაზტრანგაზ-თბილისზე“ კონტროლის დაბრუნებასა და ზარალის ანაზღაურებას არანაკლებ განხორციელებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა“, - აღნიშნულია ყაზახური კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ყოველ გადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,05%-ს იხდის, შესაბამისად, კომპანიას მხოლოდ საურავის სახით 30 მილიონ ლარზე მეტი აქვს დაფარული.

მთავრობაში, ყაზახი მმართველების დაბრუნებას მიესალმებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყაზახები მათ პირობას დაეთანხმებიან. კარგა ხანია, ყაზახებთან იმართება მოლაპარაკება, რათა ამ ქვეყნის მიმართ არსებული საქართველოს ვალის ნაწილი „ყაზტრანსგაზის“ ვალში გაიქვითოს. საქართველოს სახელმწიფო ვალი ყაზახეთისადმი, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარს შეადგენს. მოლაპარაკებას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.