„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წლისაა“

„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წლისაა“

„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წელს ითვლის. საუკუნოვანი ისტორია ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. საიუბილეოდ „რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ უამრავ სტუმარს ელის სხვადასხვა ქვეყნიდან. დაგეგმილია გასვლები რეგიონების მასშტაბითაც, რათა უცხოელები ადგილზე გაეცნონ რკინიგზელთა პრობლემებს. 4 ოქტომბერს კი საკონცერტო დარბაზ „არტ-ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება ჩატარდება, სადაც დამსახურებულ რკინიგზელებს დააჯილდოვებენ.

როგორც „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირში“ განმარტავენ, საბედნიეროდ, დღეს მათ რკინიგზის ადმინისტრაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ, თუმცა ახსოვთ ოთხი წლის წინანდელი დაპირისპირებაც, როცა რკინიგზის ადმინისტრაციამ ცალსახად გაუწყვიტა ხელშეკრულება პროფკავშირებს და უარი განაცხადა საწევრო ანარიცხების პროფკავშირებში ჩარიცხვაზე. იყო პერიოდი, როცა მრავალი წევრი დაკარგა პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო, დღეს კი რკინიგზის ადმინისტრაცია და „რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე ზრუნავენ რკინიგზელთა უფლებების დაცვაზე.

„რკინიგზის პროფკავშირებმა“ მიაღწიეს იმას, რომ, თუ რკინიგზელი ქალბატონი გადის დეკრეტულ შვებულებაში, მას რკინიგზა დამატებით სამი თვის ანაზღაურებას მისცემს; ასევე, არაერთი პროექტია მიმართული რკინიგზელებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, უსაფრთხოებაზე, დასვენებასა და სოციალურ წახალისებაზე; რკინიგზაში წარმოქმნილ ყველა შრომით დავას, პროფკავშირების მონაწილეობით, შესაბამისი კომისია განიხილავს; ძალაში შევიდა საპრემიერო-სამოტივაციო სისტემაც, რაც ითვალისწინებს რკინიგზელისთვის კვარტალურად ბონუსების გაცემას. აქამდე წახალისების ეს რეჟიმი არ მოქმედებდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო რკინიგზის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზე.

იუბილესთან დაკავშირებით სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების“ თავმჯდომარემ, ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა უკვე 7 ათას კაცს აღემატება და ისინი ევროპული პროფკავშირული ოჯახის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებიან.

„2000 წლიდან ჩვენ გახლავართ მსოფლიო ტრანსპორტის ფედერაციის წევრები, ასევე, 2002 წლიდან ვართ ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის წევრები. ეს ურთიერთობები და სოლიდარობა ჩვენთვის სტიმულის მომცემია. მომავალი წლიდან ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე უნდა ვიფიქროთ, უკვე მოვამზადეთ პროექტი, სადაც რკინიგზელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, მათი შრომითი უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებაზე ვიზრუნეთ“.

For.ge-ს საპასუხოდ, მაღალია თუ არა დღეს რკინიგზელთა ხელფასები, ზურაბ ნასარაია აცხადებს, რომ მაღალს ვერ ვიტყვით, მაგრამ რეგიონში მოქმედ რკინიგზელთა ხელფასებთან შედარებით ბევრად უკეთესია, რადგან დღეს რკინიგზაზე საშუალო ხელფასი 390 $-ის ექვივალენტია.

„ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონდა საუბარი და ბოლოს შევთანხმდით, მოხდეს ცალკეული თანამდებობის შეფასება და, საფეხურის ცვლილების შემთხვევაში, რკინიგზელს ხელფასი მოემატოს. მთავარი მოთხოვნა გვქონდა, გაეთვალისწინებინათ რკინიგზელის სტაჟი და 30-40-45-წლიანი დამსახურება. ამ დროს ადმინისტრაციის არგუმენტია, რომ ახალგაზრდას მოემატოს ხელფასი, რადგან ახალგაზრდა უფრო ენერგიულია და მეტს გააკეთებს. თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ 30 წლის მუშაკის გამოცდილებას ვერცერთი ახალგაზრდა ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიძენს“.

რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, აბრეშუმის გზის ამოქმედებამ რა სირთულეები მოუტანა რკინიგზელებს, ზურაბ ნასარაია აცხადებს, რომ უსაფრთხოება პირველ პლანზე უნდა იყოს წამოწეული, რადგან გადაზიდვებს, მატარებლების მოძრაობას სისტემატური ტრავმები ახლავს მთელ მსოფლიოში. თუმცა დღეს საქართველოს რკინიგზა უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად ცდილობს. პარალელურად, რკინიგზელთა პროფკავშირებმაც დაასრულა შემოვლა მთელი რკინიგზის მასშტაბით, სადაც აღნუსხეს პრობლემური ადგილები და მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

თურქეთის ტრანსპორტის პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი იშაკ კოსაბიკი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რკინიგზის სექტორში მომუშავე ყველა ქვეყნის მშრომელთა პრობლემა იდენტურია. ზოგჯერ დამსაქმებელს არ უნდა, მშრომელები გაერთიანდნენ, ზოგჯერ კი დამსაქმებელი ცდილობს, რაც შეიძლება, დაბალი ანაზღაურება დაუნიშნოს მშრომელს, ამის გადალახვისთვის კი მათ საერთო ძალებით უნდა იბრძოლონ.

მსოფლიოს ტრანსპორტის პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი აცხადებს, რომ „საქართველოს რკინიგზის პროფკავშირი“ ერთ-ერთი უძველესია და მათთვის მნიშვნელოვანია ამ იუბილეში მონაწილეობის მიღება. ასლაკსენის თქმით, დღეს რკინიგზა მსოფლიოში უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე ადრე, რადგან ეს ეკოლოგიური ტრანსპორტია. მართალია, საქართველო მთიანი ქვეყანაა და აქ რკინიგზის მშენებლობა ძვირი ჯდება, მაინც აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და რკინიგზის ადმინისტრაციამ განავითარონ სარკინიგზო ქსელი.

რკინიგზელთა სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი კი მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანაში სარკინიგზო ობიექტების პრივატიზება ხდება და ამის გამო ბევრი პრობლემა იჩენს თავს რკინიგზელთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ პროფკავშირების ჩართვა ამ საქმეში აუცილებელია.