ევროპა გარევაჭრობაშიც იტყვის თავის სიტყვას

ევროპა გარევაჭრობაშიც იტყვის თავის სიტყვას

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები მოძველებულია და უწყება საკრებულოსთან ერთად ახალ მოდელზე მუშაობს. კონკრეტულად რაზე გაკეთდება აქცენტი, ამაზე ჯერჯერობით დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არ საუბრობენ, თუმცა მიუთითებენ, რომ ყველაფერი იქნება ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

„ახალი რეგულაციები სულ მალე იქნება მზად და ეს იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რომ გარევაჭრობა უფრო ცივილური იყოს. რაც შეეხება იმ ადამიანების უფლებებს, ვისთვისაც გარევაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მათი უფლებები აუცილებლად იქნება დაცული. დეტალებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ დაგელაპარაკებით, მოგვიანებით ყველაფერი გასაჯაროვდება“, – განაცხადა მერიის პრესსპიკერმა გვანცა პაპავაძემ.

თბილისის საკრებულოში კი ამის თაობაზე თითქმის არაფერი იციან. იქ ახალი რეგულაციის მიღების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში კონკრეტული საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს.

სამაგიეროდ, გარევაჭრობის პრობლემაზე საუბრობს დედაქალაქის საკრებულოს უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე. მისი შეფასებით, თბილისის მერია ეფექტურად არცერთი მიმართულებით არ მუშაობს და გამონაკლისი არც ეს საკითხია. აბესაძე ამბობს, რომ გარევაჭრობას ორი მხარე აქვს – მოვაჭრეების უმეტესობისთვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მათთვის ვაჭრობის ხელაღებით აკრძალვა ძალიან რთულია, მეორე მხრივ კი ამ ადამიანებს ბაზარში თავიანთი ადგილები აქვთ, თუმცა გარეთ მოსაკრებლებისა და შიდა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით გამოდიან.

„თუ მერიის მხრიდან ამ მხრივ კონტროლი იარსებებს, შედეგიც შესაბამისი ექნება. ან მერიამ კეთილი უნდა ინებოს და საკრებულოში წარმოადგინოს რეგულაციები, როგორ შეიძლება ხორციელდებოდეს გარევაჭრობა ისე, რომ დაცული იყოს მომხმარებლის ინტერესებიც. ეს მერიის აბსოლუტურად გაუმართავი და უპასუხისმგებლო მუშაობის შედეგია“, – აცხადებს აბესაძე.

გარევაჭრობა ხშირად ხელის მოთბობის საშუალება იყო. კორუფციის რისკი გარევაჭრობაში განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც კანონით გარევაჭრობა მართალია აიკრძალა, მაგრამ სახელდახელო დახლები თითქმის ყველა ქუჩაზეა მოწყობილი.

დაახლოებით ორი თვის წინ, სამართალდამცველებმა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ახლადდანიშნული თანამშრომელი, დავით ბალიაური ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ცნობისთვის, ამ თანამდებობის დაკავებამდე ბრალდებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. მოგვიანებით, იგი მერიის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახურში დაინიშნა, თუმცა მისი ჩინოვნიკობა ხანმოკლე აღმოჩნდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ გარემოვაჭრობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სერიოზული პრობლემაა. მათი მოწინააღმდეგეები თუ მომხრეები ხშირად მართავენ სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციას. მაგალითად 2 კვირის წინათ გარემოვაჭრეებმა ქუჩის გადაკეტეს თელავში. ისინი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ, რადგან მათ სოფლიდან მიტანილი საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის უფლებას არ აძლევენ. იმავე დღეებში საპირისპირო ხასიათის აქცია გაიმართა ლანჩხუთში, სადაც გარევაჭრობის წინააღმდეგ ბაზრის მოვაჭრეებმა გაილაშქრეს. ასეთი გამოსვლები, როგორც წესი, ხშირია ქუთაისში და ზუგდიდშიც.