ცეზარ ჩოჩელი: „ყველაზე დიდი საწარმოს აშენებას ახალგორში ვგეგმავ“

ცეზარ ჩოჩელი: „ყველაზე დიდი საწარმოს აშენებას ახალგორში ვგეგმავ“

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გასვლითი შეხვედრა სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ ბინზეს-სექტორთან შეხვედრის ფარგლებში გამართა. ფინანსთა მინისტრი სს „ქართული ლუდის კომპანიაში“, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია დღეს საქართველოში, ბრენდული ლუდების და ლიმონათების ჩამოსხმის პროცეს გაეცნო, ასევე დაათვალიერა საწარმოს კუთვნილი ლაბორატორია.

შეხვედრის მთავარ თემას არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით, მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა. ნოდარ ხადურის განმარტებით, მთავრობის მთავარ ამოცანას აღნიშნულ სფეროში აღრიცხვის მოწესრიგება წარმოადგენს, იმისთვის, რომ ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და პროდუქცია არ გაძირდეს. როგორც ფინანასთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც იმას ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები დარჩება იგივე და ეს თანხა არც ქვეყნის ბიუჯეტს დააკლდება.

„მნიშვნელოვანია, რომ საწარმო მზადაა მარკირების ელექტრონულ წესზე გადასასვლელად. როგორც დავპირდით მოსახლეობას, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება პროდუქციის ფასზე, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას და ბიზნესს არ მოუწევს თანხის გადახდა მარკირებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს აღრიცხვიანობა, არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები“, - განაცხადა ხადურმა.

გარდა ამისა, მარკირების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საგადასახადო შემოწმებების შემცირებას და რაც ყველაზე მთავარია, მოწესრიგდება დანაკარგების თემაც.

საწარმოს დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა For.ge-ს განუცხადა, ტექნიკურად საწარმოს მარკირების სისტემაზე გადასვლის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ერთადერთი იყო გადასახადის პრობლემა. ახლა კი სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას.

„ჩვენ საწარმოს მარკირება სისტემაზე გადასვლის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, რადგან ჩვენ ლუდს ისედაც უკვე ვუკეთებთ აქციზს. რაც შეეხება ბიზნეს ინტერესებს, პრობლემა ის არის, რომ კურსთა შორის სხვაობა უნდა იქნეს გაჩერებული, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და მეორე თემა რაც ვახსენეთ, ეს იყო აქციზის გაზრდა, რამაც რეალურად შეამცირა ქართული ბაზარი, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მომსახურებას გაგვიწევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაქირავებული კომპანია, ხოლო მომსახურების საფასურს გადაიხდის შემოსავლების სამსახური. ჩვენთვის ტექნიკურად სხვა პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა სულხანიშვილმა.

როგორც ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი For.ge-თან საუბარში აცხადებს, აქციზური მარკირების აპარატურა საწარმოში 2012 წლიდან ფუნქციონიორებს და ეს მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ხოლო ყადაღის მოხსნის თემების დარეგულირებასთან ერთად, გეგმაში აქვთ რამდენიმე საწარმოს გახსნაც.

„აქციზურ მარკირების აპარატურა 2012 წლიდან ფუნქციონირებს ჩვენთან. შესაბამისად, ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. სიახლეა იმ კომპანიებისთვის, ვისაც ეს დღემდე არ ჰქონია. გვაქვს შეფერხებები, თუმცა სისტემატურ ხასიათს არ ატარებს და არც სერიოზულ პრობლემას უქმნის წარმოებას. ჩვენს მაგალითზე ასეა. გააჩნია სხვაგან როგორ დაინერგება ეს ავტომატიზირებული სისტემა. თუ შემდგომში მოხდება პროდუქციის აღწერა, ნაშთების ჩამოწერა და გამოიყენებენ მარკირებას, ეს გარკვეულწილად საწარმოსთვის მომგებიანიც კი შეიძლება იყოს.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ვგეგმავთ რამდენიმე საწარმოს ფუნქციონირების დაწყებას. ჯერჯერობით კიდევ არ დასრულებულა ყადაღის თემები, ვფიქრობთ რომ ოქტომბერში საბოლოოდ დასრულდება და შესაბამისად, დავიწყებთ ახალ წარმოებას“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

 For.ge-ს შეკითხვაზე, თუ ოქტომბერში არ დასრულდა ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხები, რას აპირებს ბიზნემენი? - ცეზარ ჩოჩელმა განაცხდა, რომ ადამიანი იმედით ცოცხლობს და გაჩერებას არ აპირებს - ყველაზე დიდი კომპანიის აშენებას კი ახალგორში გეგმავს.

„ადამიანი იმედით არის, თუ ნოემბერში არ იქნება, იქნება დეკემბერში, თუ 2016 წელს არ იქნა, იქნება 2017-ში, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. როდესაც ჩვენ ახალგორში დავბრუნდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგორი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ადამიანებს ცხოვრება მოუნდებათ. მთავარია დავბრუნდეთ და იქ შეიქმნება იმდენი წარმოება, რაც სხვა რაიონებში არ იქნება“,- განაცხადა ჩოჩელმა.